შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა დარღვევები დაფიქსირდა არჩევნებზე კახეთში და როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ნოემბერი 2020

კახეთის რეგიონში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღემ უმეტესად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების, ე.წ.,,სომხური კარუსელის, უბნების გარეთ ამომრჩევლების მობილიზების, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების პირადობის გარეშე შესვლის და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა.

ორგანიზაციამ ,,მრავალეროვანი საქართველო” კახეთში უბნებზე 4 დარღვევა დააფიქსირა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, კახეთში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის კაბინაში ფოტოს გადაღების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, უბანზე არაუფლებამოსილ პირთა ყოფნის და არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები დააფიქსირეს.

ორგანიზაციის საარჩევნო ექსპერტი ლელა ტალიური განმარტავს, რომ მიუხედავად ამ დარღვევებისა, არჩევნები კახეთში მშვიდ ვითარებაში წარიმართა.

,,კახეთში საარჩევნო უბნებზე ოთხი დაღღვევა დავაფიქსირეთ. ერთი შემთხვევა ახმეტის 25–ე უბანზე მოხდა, სადაც ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში გადაიღო ფოტო, რაც საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალულია.

მეორე ფაქტი უკავშირდება ლაგოდეხის 22–ე უბანს, სადაც ერთ–ერთმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის ფარულობა დაარღვია და კაბინაში არ შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას კომისიის წევრებმა ამის თაობაზე მიუთითეს, არჩევანი მაინც საჯაროდ გააკეთა რეგისტრატორის მაგიდაზე.

ასევე 22–ე უბანზე დაფიქსირდა ფაქტი, რომ ნაკადის მომწესრიგებელმა დაახლოებით 5 ამომრჩევერლი პირადობის მოწმობის გარეშე შეუშვა უბანზე. კომისიამ ამომრჩევლებს არჩევანის უფლება არ მისცა და უკან გააბრუნა.

ერთი ფაქტი დაფიქსირდა ახმეტის პირველ საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველი მობილური ტელეფონით გადაღებული პირადობის მეშვეობით ცდილობდა ხმის მიცემას და თან არ ჰქონდა პირადობა. მას ხმის მიცემის უფლება არ მისცეს. ზოგადად უბნებზე არის მშვიდი ვითარება. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს”,– განუცხადა knews.ge-ს ლელა ტალიურმა.

მისი თქმით, ,,მრავალერობანი საქართველო” აკვირდება არჩევნებს ძირითადად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

დარღვევის ერთი ფაქტი დააფიქსირა ლაგოდეხში არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანებამ „ერთად არჩევნებისთვის“. ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი ლევან ალუღიშვილი აცხადებს, რომ ლაგოდეხის მე–5 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.

მისი ინფორმაციით, ამომრჩეველს კაბინაში დამკვირვებელი შეყვა და ხმის მიცემაში ეხმარებოდა. ლევან ალუღიშვილის თქმით, მათი ორგანიზაციის დამკვირვებლის ჩარევის შემდეგ პრობლემა მოგვარდა.

მისივე განმარტებით, საუბნო კომისიის წევრს არ აქვს უფლება ამომრჩეველს კაბინაში შეყვეს. ეს მომდევნო ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს.

,,მე წარმოვადგენ ახალგაზრდულ ცენტრს ,,ჩვენი თაობა 1921”. ჩვენ 10 ორგანიზაციასთან ერთად შექმნილი გვაქვს გაერთიანება და ვაკვირდებით როგორც წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის და არჩევნების შემდგომ პერიოდს.

კახეთში მეორე ტურის არჩევნებზე დარღვევები არ დაფიქსირებულა. კომისიის წევრები თავის უფლებამოვალეობას ასრულებდენ კარგად. ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო ვიდრე პირველ ტურში. ჩვენმა დამკვირვებლებმა კახეთში მხოლოდ ერთ ადგილას დააფიქსირეს დარღვევა. ლაგოდეხის მე–5 საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირი შეყვა ამომრჩეველს კაბინაში და ეხმარებოდა ხმის მიცემაში. მას კანონით ამის უფლება არ აქვს, ეს გავაპროტესტეთ და სიტუაცია გამოსწორდა’’, –განუცხადა knews.ge-ს ლევან ალუღიშვილმა.

საარჩევნო უბნებზე დარღვევები დააფიქსირეს ,,სამართლიანი არჩევნების’’ დამკვირვებლებმა. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ლაგოდეხის საარჩევნო უბნებზე ხმის რამდენჯერმე მიცემის და უბნების გარეთ ამომრჩევლების მობილიზების ფაქტები დააფიქსირეს.

ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობაა, თუმცა ამ ფონზე საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ძირითადად სამარშრუტო ტაქსებში, ავტომობილებში სხედან, ან საარჩევნო უბნების წინ არიან შეკრებილნი და ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

,,#15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა აღმოაჩინა ერთი და იგივე პირების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა (ე.წ. „კარუსელი“). საარჩევნო უბანთან მობილიზებული ადამიანები საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს რიგრიგობით შეყავთ საარჩევნო უბანზე და უფლებას აძლევენ ხმა მისცენ არაერთხელ. საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას. მან მარკირების შესამოწმებელი სპეციალური ფანარი დამკვირვებლის შეკითხვის შემდეგ მოიძია.

#15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #21 და #35 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩევლების მობილიზება შეინიშნება, რომლებთანაც კომისიის წევრები გამოდიან და ესაუბრებიან. ამასთან #35 საარჩევნო უბნაზე კომისიის წევრები თავის ფუნქციებს არ ასრულებენ და საარჩევნო პროცესი კენჭისყრის პროცედურების დარღვევით მიმდინარეობს, კერძოდ, უყურადღებოდაა მიტოვებული საარჩევნო ყუთი და სხვა დოკუმენტაცია”,– აცხადებენ ორგანიზაციაში.

,,სამართლიანი არჩევნები’’ ასევე საარჩევნო უბნების გარეთ ამომრჩევლების აღრიცხვასა და მობილიზებაზეც ავრცელებს განცხადებას. 

მსგავსი ფაქტები ორგანიზაციის დამკვირვებლებმა თელავის 10, ახმეტის 1 და ყვარლის 5 უბანზე დააფიქსირეს.

,,#17 თელავის საარჩევნო ოლქის #52, #14, #15, #48, #23, #8, #28, #11, #13 და #17 საარჩევნო უბნებზე, #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე; #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #01, #02, #03, #04 და #29 საარჩევნო უბნებზე; საარჩევნო უბნებზე პარტიის კოორდინატორები არიან მობილიზებულნი, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ. ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდება.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობაა, თუმცა ამ ფონზე საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ძირითადად სამარშრუტო ტაქსებში, ავტომობილებში სხედან, ან საარჩევნო უბნების წინ არიან შეკრებილნი და ამომრჩევლებს აღრიცხავენ’’,– აცხადებენ ორგანიზაციაში.

არჩევნებისთვის თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მე-10 საარჩევნო ოლქში, 153 609 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებისთვის აღნიშნულ ოლქში შექმნილია 154 საარჩევნო უბანი. მარტივად ადაპტირებული უბნების რაოდენობაა 6, ხოლო პანდუსიანი უბნების რაოდენობა 34.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების პირველ ტურში აღნიშნულ ოლქში ხმების 47, 26% ქართული ოცნების კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოიპოვა 40, 43% კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა.

მიუხედავად არჩევნების მეორე ტურის დანიშვნისა, ოპოზიცია შედეგებს არ ეთანხმება და აპროტესტებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

არჩევნების მეორე ტურში არ იღებს მონაწილეობას თელავი– ყვარელი– ახმეტა– ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი.

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მეორე ტურში გადასული კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში ისევ იყვნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია