შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერთი მოპედითა და ჩანთით დაწყებული ბიზნესი თელავში

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ნოემბერი 2020

თელავში მიტანის სერვისი ,,თელივერი” შეიქმნა, რომელიც ადგილობრივებს შეძენილი პროდუქციის ადგილზე მიტანას სთავაზობს. კომპანიამ საქმიანობა ერთი მოპედით დაიწყო.
კომპანია ადგილობრივმა ლევან დვალმა და ვასილ ნაგრუდნიმ შექმნეს.თელივერი სთავაზობს მომხმარებელს მიტანის სერვისს, რომელიც დღემდე არ არსებობდა კახეთში. კომპანია ამ ეტაპზე სრულად ფარავს თელავს და მუნიციპალიტეტის სოფლებს. ასევე ახმეტას და ყვარელს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ქალაქ თელავში და ახლომდებარე სოფლებში მომსახურების საფასური სამი ლარია. სხვა სოფლებში კი ფასი იზრდება კილომეტრაჟის მიხედვით.

,,იდეა დაიბადა 2019 წლის შემოდგომას, 2020 წლის ივნისში კი გაეშვა სერვისი. აქამდე რეგიონში ეს სერვისი არ არსებობდა. პანდემიიდან გამომდინარე უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა დაცულია. პროდუქტი ობიექტიდან მომხმარებლამდე მიდის თერმო კონტეონერით რომელიც სპეციალურად საკვებისთვისაა განკუთვნილი. პროდუქტი მუდმივად იმყოფება დახურულ მდგომარეობაში. პანდემია რომ არ ყოფილიყო, ჰიგიენურად მაინც გამართლებული იდეაა. თელივერის კურიერი აღჭურვილია ნიღაბით, ერთჯერადი ხელთათმანებით და სადეზინფექციო ხსნარით. მომხმარებელთან ფიზიკურ დისტანციასაც ყურადღებას ვაქცევთ”,– განუცხადა knews.ge-ს კომპანიის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ვასილ ნაგრუდნიმ.

მისივე განცხადებით, საქმის დაწყება თავიდან რთული და გამოწვევებით სავსე პროცესი იყო. პარტნიორების დახმარებით კი მათ წარმატებას უმცირეს დროში მიაღწიეს. ვასილ ნაგრუდნის თქმითვე, წარმატების მისაღწევად მათ საკუთარი რესურსის მობილიზაცია შეძლეს.

,,მობილიზაცია გავუკეთეთ ყველანაირ რესურსს, დავამატეთ კურიერები, შევიძინეთ SYM ბრენდის ხარისხიანი მოპედები, რომლებიც ჩვენმა პარტნიორმა, მოპედ-დეპომ სპეციალურად შეგვირჩია. გუნდს შემოუერთდნენ გამოცდილი კადრები, რომლებიც თითოეული შეკვეთის შესრულების პროცესს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, ავამუშავეთ ქოლ-ცენტრი. სულ მალე ჩვენს მომხმარებელს შევთავაზებთ მობილურ აპლიკაციას, რაც ჩვენთან კავშირს კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის. ეს ყველაფერი შესძლებელი გახდა ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორი ორგანიზაციების თანადგომით, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით”,– აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ რეგიონში მსგავსი სერვისი არ არსებობდა, პანდემიის გამო გადაადგილების შეზღუდვამაც უამრავ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნა და გაჩნდა საჭიროება ისეთი მომსახურების, რომელიც ობიექტებსა და მომხმარებლებს ერთმანეთს დააკავშირებდა.
,,სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კომპანია ,,თელივერი“. იგი ეხმარება ადგილობრივ ბიზნესს რეალიზაციის შენარჩუნებასა და ფუნქციონირებაში, ხოლო მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სასურველი პროდუქცია მიიღონ ადგილზე, სახლიდან გაუსვლელად”,– აცხადებს ვასილ ნაგრუდნი.

მისივე თქმით, „სტარტი” წარმატებული იყო და ამ დროისთვის მოთხოვნა მათ მომსახურებაზე ყოველდღიურად იზრდება.

,,დიდი მოთხოვნაა მიტანის სერვისზე. თავიდანვე უამრავი ზარი შემოდიოდა, რამაც ჩვენი კომპანია დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად პრიორიტეტული ამოცანა გახდა ,,თელივერის” მომსახურების ხარისხიც გაუმჯობესებულიყო. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა: რა უნდა გაკეთდეს, რომ არც ერთი მომხმარებელი უკმაყოფილო არ დარჩეს და ყველამ მიიღოს სათანადო ხარისხის მომსახურება. ამისათვის, ,,თელივერის” გუნდი უნდა გაიზარდოს და განვითარდეს!“,
–ამბობს ვასილ ნაგრუდნი.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ისინი ამბიციური გეგმებით აგრძელებენ ოპერირებას და მათი მიზანია, რეგიონში მიტანის სერვისის მაღალი სტანდარტის დანერგვა, რომელიც აერთიანებს მომსახურებაზე ორიენტირებულ პროფესიონალ კადრებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც სერვისს ერთდროულად მარტივს, სწრაფსა და კომფორტულს გახდის.

,,განვითარების პროცესი დაუსრულებელია. ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, ვითვალისწინებთ შენიშვნებს და ვვითარდებით, რათა ყოველ მომდევნო შეკვეთაზე თითოეულმა მომხმარებელმა უკეთესი მომსახურებით ისარგებლოს. სიამოვნებით ვიღებთ გუნდის ახალ წევრებს. გვიხარია, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ვქმნით სამუშაო ადგილებს და ჩვენს ახალგაზრდა თანაქალაქელებს ვასაქმებთ. პარალელურად ვაგრძლებეთ ახალი ობიექტების მოძიებას და მათთან თანამშრომლობას, რათა ჩვენს მომხმარებელს ფართო არჩევანი ჰქონდეს”,–აცხადებს ვასილ ნაგრუდნი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია