კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სეს-ქსელური მარკეტების ნაწილმა საახალწლოდ საკვებად უვარგისი პროდუქტები გაყიდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 იანვარი 2022

ქსელურ მარკეტებში სურსათის ხარისხი მომხმარებლისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა.

საახალწლოდ დარღვევების დიდი ნაწილი ტკბილეულს, რძის ნაწარმს  და ხორცპროდუეტქებს ეხებოდა, რაზეც მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ.  მათი თქმით, დარღვევები ეხება ისეთ მარკეტებს, როგორიცაა ,,ლიბრე“, ,,მაგნიტი“ და სხვა განსაკუთრებით ისეთ ობიექტებში, რომლებიც ფასდაკლების აქციებით იქცევენ ყურადღებას, თუმცა ამის საზღაური მომხმარებლისთვის, როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმეა.

ჭიანი შოკოლადები და სოსისები, დაობებული არაჟანი, გაფუჭებული მაწონი, ასევე საკვებად უვარგისი თევზი და სხვა, რისი რეალიზაციის ფაქტებიც რატომღაც ხშირია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სურსათის უვნებლობის მიმართულებით კონტროლი გამკაცრებულია და გეგმური თუ არაგეგმური შემოწმებები სისტემურად ხორციელდება, სუპერმარკეტებში ამ მხრივ პრობლემა საკმაოდ მწვავედაა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვასილ ბასილაძე აცხადებს, 2021 წელს სააგენტოს ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 4000-ზე მეტი სატელეფონო შეტყობინება, რაზეც სწრაფი რეაგირება მოახდინეს. თუმცა ბევრად მეტია შემთხვევები, რაზეც, სამწუხაროდ, მომხმარებლები არ რეაგირებენ და სოციალურ ქსელში დაფიქსირებული უკმაყოფილებით შემოიფარგლებიან.

როგორც ვასილ ბასილაძე აღნიშნავს, სუპერმარკეტში დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ობიექტი ჯარიმდება და მოწმდება ასევე საწარმოო ობიექტი ან სადისტრიბუციო კომპანია, საიდანაც იქ უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტი მოხვდა.

,,2021 წლის განმავლობაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე  4000-ზე მეტი სატელეფონო შეტყობინება იყო შემოსული, რაზეც სწრაფი რეაგირება მოვახდინეთ და ყველა შემთხვევაში მივედით ადგილზე, სადაც კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედებები განვახორციელეთ. როგორც წესი, კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში იწერება 1000 ლარიანი ჯარიმა და საწარმოო პროცესს ვაჩერებთ, ხოლო არაკრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენისას ვაძლევთ რეკომენდაციებს გონივრული ვადის გათვალისწინებით, რათა ოპერატორმა გამოასწოროს შეუსაბამობა და უკეთეს პირობებში იმუშაოს. ასევე სახელმწიფო კონტროლი გეგმით გვაქვს გაწერილი.  განსაკუთრებით ეს ეხება მაღალი რისკის მქონე განთავსების ობიექტებს, როგორიცაა ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძეპროდუქტები, თევზეული და სხვა, ასევე საბავშვო ბაღები, ცხოველთა სასაკლაოები და სხვა. დანარჩენ შემთხვევაში როგორც გეგმურ, ასევე არაგეგმურ ინსპექტირებას ვახდენთ  საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ასევე აგრარულ ბაზრებში და სხვა, განსაკუთრებით წინასაახალწლო დღეებში. წინსწრებით ხდება ბაზრების შემოწმება სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის არსებობასთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფაქტები ისევ ფიქსირდება, მათი რაოდენობა წინა წლებთან შედარებით, ბევრად შემცირებულია. ბიზნეს სექტორმა ისწავლა ელექტრონული ტექნოლოგიების მოხმარება, უფრო მეტად არის ინფორმირებული, რაც დარღვევების ინტენსივობაზეც აისახება“, – ამბობს ,,კომერსანტთან“ ვასილ ბასილაძე.

რაც შეეხება დარღვევების ტიპს, მისი ინფორმაციით, პროპლემა სხვადასხვაა და ეხება როგორც ხარისხს, ასევე სარეალიზაციო პროდუქტის ეტიკეტს, შნახვის პირობებს და სხვა.

პრობლემის შესახებ ცნობილია მომხმარებელთა უფლებადამცველებისთვისაც. ორგანიზაცია ,,ეტიკის“ ხელმძღვანელის ამირან შენგელიას თქმით, მომხმარებელი ფრთხილი უნდა იყოს როგორც გარე ვაჭრობაზე პროდუქტის შეძენისას, ასევე კვების ობიექტებშიც, სადაც შეიძლება ვადაგასული საკვები იყიდებოდეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს 25 000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა. აქედან 2500 შემთხვევაში საჯარიმო სანქცია დაწესდა.

შეგახსენებთ, რომ სურსათის უვნებლობის პირობების დარღვევის შემთხვევის აღმოჩენისას, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია