კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო ავტომანქანის მართვის მოწმობის მისაღებადაც, მსურველ პირებს გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მოუწევთ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ოქტომბერი 2022

ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო ავტომანქანის მართვის უფლების მისაღებადაც, მსურველ პირებს გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მოუწევთ.

სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანასთან დაკავშირებულ სიახლეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

უფრო კონკრეტულად, მისი განმარტებით, სიახლე 4 კატეგორიის – C, C1, D და D1 კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობებს შეეხება.

„სულ მალე დავიწყებთ მაღალი კატეგორიების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარებას რეალურ მოძრაობაში. ეს მაღალი კატეგორიებია – სატვირთო, სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, რომელიც გულისხმობს C, C1, D და D1 კატეგორიებს. ზუსტ თარიღს, როდიდან შევა ეს სიახლე ძალაში ვერ გეტყვით, თუმცა, დაგეგმილია, მიდის მუშაობა და მალე დაინერგება.

შესაძლებელია, რომ სიახლე მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაინერგოს. ზუსტ თარიღზე ამ ეტაპზე, საუბარი არ შემიძლია. ჩვენი მხრიდან რაც საჭირო იყო, ყველაფერი მზადაა როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე ტექნიკური აღჭურვილობით. გამოსაცდელ პირებს ისეთივე ავტობუსზე მოუწევთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, რაც ქალაქში დადის”, – განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, “C” კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1” ან „D” კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ქვეკატეგორია “C1” – ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არაღ ემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

კატეგორია “D” – ავტომობილი, რომელიც მგზავრთა გადასაყვანადაა განკუთვნილი და რომლის დასასხდომი ადგილები, მძღოლის ადგილის გარდა 8-ს აღემატება, აგრეთვე „D” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს არ აღემატება;

ქვეკატეგორია “D1” – მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია