აჭარა
სად აშენდება კომაროვის სკოლა და განათლების ახალი ცენტრი ბათუმში – მთავრობის განმარტება
განათლება
წყარო:
http://batumelebi.netgazeti.ge /
ბათუმელები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
29 მარტი 2019
დღეს, 29 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, პრემიერის განცხადება, რომ ბათუმში განათლების ახალი ცენტრი უნდა აშენდეს, გაიმეორა.
მისი თქმით, განათლების ახალი ცენტრი იქნება „ქალაქი ქალაქში“, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეცნიერებაზე იქნება ორიენტირებული.
„იქნება ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა და კომაროვის სკოლა თავისი კამპუსებით,“ – განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.
რიჟვაძემ სხდომაზე აჭარის განათლების მინისტრს დაავალა, უახლოეს დღეებში შეარჩიონ შესაბამისი ტერიტორია ქალაქში, სადაც მშენებლობა დაიწყება.
სხდომის შემდეგ განათლების მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა, განათლების ახალი ცენტრის შესახებ დეტალები „ბათუმელებთან“ დააზუსტა.
მისი თქმით, აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე განიხილეს ოთხი სავარაუდო ადგილი ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც ახალი ცენტრი უნდა აშენდეს. „ვარიანტები გადაგზავნილი გვაქვს ცენტრალურ სამინისტროში,“ – გვითხრა მან, თუმცა დაახლოებით რამდენ კვადრატულ მეტრზეა საუბარი, მინისტრი არ აზუსტებს.
„ფართობი დიდი იქნება, რადგან აქ უნდა განთავსდეს ფიზიკა-მათემატიკის სკოლა თავისი საერთო საცხოვრებლით, რომელიც მთელ რეგიონს მოემსახურება, ასევე ტექნოპარკი, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კულტურის მიმართულებით სახელოვნებო სტუდიები და ა.შ“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ გადაწყდა ცენტრის მშენებლობა ბათუმის ცენტრალურ ნაწილში და არა, ვთქვათ, ქალაქგარეთ, შამილიშვილი ამბობს, რომ ცენტრი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
მინისტრის თქმით, განათლების ახალ ცენტრს ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებს, „თუმცა წილში აჭარის მთავრობაც შევა“.
განათლების ახალი ცენტრის მშენებლობის ბიუჯეტს მთავრობა არ ასახელებს. მათი განცხადებით, თანხის ოდენობა პროექტის დამტკიცების შემდეგ გახდება ცნობილი.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ცენტრის მშენებლობა 2019 წელს უნდა დაიწყოს. მან სხდომაზე ასევე ისაუბრა ბათუმში ახალი უნივერსიტეტის გახსნაზე, თუმცა რა ტიპის უნივერსიტეტის მშენებლობაზეა საუბარი, მთავრობის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს.