აჭარა
მიდიან თუ არა პენსიონერი მასწავლებლები სკოლიდან ორი წლის ხელფასის სანაცვლოდ
განათლება
წყარო:
http://batumelebi.netgazeti.ge /
ბათუმელები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
15 მაისი 2019
რას ფიქრობენ საპენსიო ასაკის პედაგოგები აჭარიდან საქართველოს განათლების მინისტრის შეთავაზებაზე – ან დაამტკიცონ საგნობრივი კომპეტენცია ან დატოვონ პროფესია, ორი წლის ხელფასის აღებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის სანაცვლოდ? „ბათუმელები“ რამდენიმე საპენსიო ასაკის პედაგოგს ესაუბრა ამ თემაზე.
80 წლის ციალა ბერაძე სოფელ დაგვის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელია, „ბათუმელებთან“ საუბარში ის ამბობს, რომ პროფესიიდან გასვლაზე გადაწყვეტილება 90 პროცენტით მიღებული აქვს, თუმცა „დანარჩენი ათი პროცენტით“ მაინც ყოყმანობს. „გული მწყდება იმაზე, რომ დაწყებული საქმეების მიტოვებაც მომიწევს,“ – გვეუბნება პედაგოგი.
ის ამბობს, რომ პროფესიიდან გასვლა სამინისტროს შემოთავაზებამდე გეგმებში არ ჰქონდა.
„მაინც მინდა მივიღო გამოცდაში მონაწილეობა, რადგან არ მინდა პრაქტიკოსი მასწავლებლის სახელით დავტოვო პედაგოგობა. ბევრი გეგმები მქონდა, წიგნი მაქვს დასასრულებელი, სხვადასხვა წამოწყება და ნაშრომები მქონდა და მინდა ეს დავასრულო,“ – გვითხრა მან.
პროფესიიდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო 64 წლის ვიოლა ინაიშვილმა. ის ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელია. „გზა უნდა დავუთმოთ ახალგაზრდებს, ჩემი რძალიც პედაგოგია, პატარა ბავშვი ჰყავს და მირჩევნია მე დავრჩე შვილიშვილთან. ოჯახს ასე სჭირდება,“ – გვეუბნება ის. მისთვის სახელმწიფოს შემოთავაზება მისაღებია.
82 წლის ნაზი ნიჟარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის დაბის საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. ორი წლის ხელფასის ერთდროულად აღება და სახლში წასვლის შეთავაზების იდეა მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ სკოლაში მუშაობა ურჩევნია.
„მე პირადად მირჩევნია სკოლაში დავრჩე და ხელფასიც ეტაპობრივად ავიღო. ჯერ ბევრი შესაძლებლობები მაქვს, რომ რაიმე მიჭირდეს, კიდევ ჰო, მაგრამ სკოლის გარეშე ყოფნას ვერ შევეგუები,“ – გვეუბნება ის.
76 წლის ეთერ ნაკაიძე ქობულეთის ქვედა სამების სკოლის დირექტორია. მისი აზრით, პენსიონერი მასწავლებლებისთვის შეთავაზება ღირსეულია:
„ორი წლის ჯამური ხელფასი და დაზღვევა ცუდი არ არის. მე დირექტორი ვარ და თუ მეტყვიან, რომ ჩემი მუშაობით ხელი ეშლებათ, წავალ, საათებს კი დღესაც დავთმობ. მაგრამ, ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას, ძალიან ენერგიულად ვარ, მიყვარს შრომა და ვაპირებ საგნობრივი გამოცდების ჩაბარებასაც“.
დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში კიდევ სამი პენსიონერი პედაგოგი ჰყავს და ისინიც დარჩენას და გამოცდების ჩაბარებას აპირებენ.
77 წლის ზურაბ უსტიაშვილი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და ბიოლოგიის პრაქტიკოსი მასწავლებელია. ის ამბობს, რომ წელს საგნობრივი გამოცდების ჩაბარება სურს და გამოცდების შედეგების მიხედვით გადაწყვეტს, დარჩება პროფესიაში, თუ სკოლას დატოვებს.
ზურაბ უსტიაშვილი ამბობს, რომ ამავე სკოლაში კიდევ მუშაობს სამი პენსიონერი პედაგოგი, თუმცა კოლეგების გადაწყვეტილება მისთვის უცნობია.
81 წლისაა ზურაბ შალიკაძე, კირნათის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი. მან სკოლაში 56 წელი იმუშავა და ამბობს, რომ სკოლის დატოვება გაუჭირდება, თუმცა ორი წლის ხელფასის აღების და სქემიდან გასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. „მალე დავწერ განცხადებას და წავალ,“ – გვითხრა მან.
2018 წლის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში 80 წელს გადაცილებული 224 მასწავლებელი მუშაობს, 71-80 წლის ასაკის კი – 2 501 მასწავლებელი.
საპენსიო ასაკის პედაგოგებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საქართველოს განათლების მინისტრმა 13 მაისს გააჟღერა. ახალი პირობების მიხედვით, პრაქტიკოსი პედაგოგი, რომელიც ორჯერ მცდელობის შემთხვევაში ვერ შეძლებს დაამტკიცოს საგნობრივი კომპეტენცია, ვეღარ დარჩება პროფესიაში.
ამ კატეგორიის მასწავლებლებს სამინისტრო ორი წლის ხელფასის ჯამურად აღებას და სკოლიდან წასვლას სთავაზობს. იმ შემთხვევაში, თუკი პენსიონერი პედაგოგი ჩააბარებს პროფესიულ გამოცდას და სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მას უფლება აქვს, დარჩეს პროფესიაში.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი პედაგოგი ვერ ამტკიცებს პროფესიულ კომპეტენციებს და მაინც არ სურს სკოლის დატოვება, გადაწყვეტილებას იღებს სკოლის ადმინისტრაცია.
თუკი კონკრეტული საგნის მასწავლებელი სკოლას არ ჰყავს, ამ შემთხვევაში დირექტორს შეუძლია ასეთი პედაგოგი ხელშეკრულებით ამუშაოს.
როგორც განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, პროფესიიდან გასვლის ან დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება პედაგოგებმა 2019 წლის ბოლომდე უნდა მიიღონ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა სექტემბრიდან მასწავლებლის ხელფასების მატებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება.
_____________
მთავარ ფოტოზე: 82 წლის ნაზი ნიჟარაძე გაკვეთილზე. ფოტო: „ბათუმელები“
ამავე თემაზე:
ორი წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ – შეთავაზება ასაკოვან პედაგოგებს