აჭარა

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობაზე სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 მაისი 2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც ოთხი კომპანია მონაწილეობდა, სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ხელახალი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ ივნისს დაიწყება და 6 ივნისს დასრულდება. ფერიაში ახალი სკოლის მშენებლობისთვის თავდაპირველად 3 794 100 ლარი იყო გათვალისწინებული, შემდეგ ეს თანხა კომისიამ 3 742 470 ლარამდე შეამცირა, „ვინაიდან ხარჯთაღრიცხვაში იყო უზუსტობები“. ამჯერად, განმეორებით ტენდერში კი სავარაუდო ღირებულებად 3 752 100 ლარია განსაზღვრული. ახალი სკოლის შენობა ოთხსართულიანი იქნება და ის 430 მოსწავლეზეა გათვლილი. რატომ შეწყვიტა კომისიამ წინა ტენდერი 2019 წლის 31 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა, რომლებიც მომსახურებას სამინისტროს სხვადასხვა ფასად სთავაზობდნენ: „დამბა“ – 3 447 000 ლარი, „მტმ“ – 3 222 222 ლარი, „ჯი ინშაათ“ – 2 993 977 ლარი და „ანანა“ – 2 993 977 ლარი. ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებები ორმა კომპანიამ დავების საბჭოში გაასაჩივრა. „გამომდინარე იქედან, რომ დავების საბჭოს გადაწყვეტილებებით გაუქმდა სატენდერო კომისიის ერთი გადაწყვეტილება, ხოლო ამავე ტენდერში სატენდერო კომისიას დაევალა შემდგომი გადაწყვეტილების გადასინჯვა, სატენდერო კომისიამ პირველ ეტაპზე გააუქმა ეს გადაწყვეტილებები და შესაბამისად გაუქმდა პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის ჩანაწერებიც. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სატენდერო კომისია ვერ იმსჯელებს ზემოაღნიშნული პრეტენდენტების [„ჯი ინშაათის“ და შპს ,,მტმ“-ის] სატენდერო წინადადებებზე ერთდროულად, რადგან საერთო გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია“ – აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში. ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ ამავე ტენდერზე დისკვალიფიკაცია მიეცა პრეტენდენტს შპს ,,ანანა“-ს იმავე საფუძვლით, რა საფუძველიც არასწორად მიიჩნია დავების საბჭომ, „თუმცა აღნიშნულ პრეტენდენტს ეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია“. სატენდერო კომისიის ინფორმაციით, სატენდერო პირობების 2.6.1. პუნქტის ჩანაწერი, რომელიც გახდა სადავო, ითვალისწინებდა შემდეგს: „პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საბანკო დაწესებულებიდან, რომ გააჩნია არანაკლებ 300 000 ლარის ფინანსური რესურსი. ინფორმაცია გაცემული უნდა იქნას ტენდერის გამოცხადების შემდეგ პერიოდში. პრეტენდენტი ვალდებული იქნება შემსყიდველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში დაზუსტების ეტაპზე წარმოადგინოს განახლებული ინფორმაცია ფინანსური რესურსის შესახებ. ამ შემთხვევაში ინფორმაცია გაცემული უნდა იყოს არაუადრეს მოთხოვნის დღისა.“ სატენდერო კომისია ოქმში განმარტავს, თუ რას გულისხმობდა აღნიშნულ ჩანაწერში: „პრეტენდენტმა მინიმუმ ორჯერ უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული ინფორმაცია – პირველად სატენდერო წინადადების წარმოდგენის დროს, მეორედ – დაზუსტების ეტაპზე. მსგავსი ჩანაწერის მიზანი იყო, რომ პრეტენდენტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონოდა საჭირო ფინანსური რესურსი პროექტის განსახორციელებლად და არა მხოლოდ ერთჯერადად, დოკუმენტის წარმოდგენის დროისათვის. მაგ: კომპანიამ შესაძლებელია რამდენიმდე საათით განათავსოს თანხა ანგარიშზე მხოლოდ იმისათვის, რომ წარმოდაგინოს ცნობა და ცნობის მოპოვებისტანავე დააბრუნოს თანხა, ხოლო თუ მას ორჯერ ექნებოდა ეს ცნობა წარმოსადგენი, შესაბამისად მცირდება მსგავსი ფაქტის შესაძლებლობა“. კომისია ტენდერის შეწყვეტას შემდეგნაირად ასაბუთებს: „პროექტის წარმატების განხორციელების მიზნით მნიშვნელოვანია პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობის დადგენა და მხოლოდ იმის გამო, რომ სატენდერო პირობებში ვერ მოხდა ზუსტად და ცალსახად მოთხოვნის გაწერა, რაც დადასტურდა დავების საბჭოს გადაწყვეტილებებითაც, საფრთხე არ უნდა შეექმნას პროექტის განხორციელებას. შესაბამისად, მიზანშეწონილია შეწყდეს ელექტრონული ტენდერი, რის შემდეგაც იგი ხელახლა გამოცხადდეს დაზუსტებული სატენდერო პირობებით, მათ შორის დავების საბჭოს გადაწყვეტილებებში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით. გამომდინარე აქედან, პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების ხელახალი განხილვა ვეღარ განხორციელდება“. ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში 2.6.1. პუნქტის ჩანაწერი სატენდერო კომისიამ შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: „პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საქართველოს საბანკო დაწესებულებიდან, რომ გააჩნია არანაკლებ 300 000 ლარის ფინანსური რესურსი (ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ). ინფორმაცია გაცემული უნდა იქნას ტენდერის გამოცხადების თარიღიდან წინადადებების მიღების დასრულების დღის ჩათვლით პერიოდში. (ფინანსურ რესურსად არ ჩაითვლება ინფორმაცია, თუ საბანკო დაწესებულება გასცემს ცნობას ფინანსური რესურსის შესახებ გარკვეული პირობების გათვალისწინებით). პრეტენდენტი ვალდებული იქნება შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოადგინოს განახლებული ინფორმაცია იგივე ოდენობის ფინანსური რესურსის შესახებ. ამ შემთხვევაში ინფორმაცია გაცემული უნდა იყოს არაუადრეს მოთხოვნის დღისა. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებასთან ერთად არ იქნება წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ინფორმაცია სატენდერო პირობების შესაბამისად, ასევე თუ პრეტენდენტი არ წარმოადგენს დაზუსტების ეტაპზე განახლებულ ინფორმაციას, აღნიშნული ინფორმაცია არ ექვემდებარება დაზუსტებას და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას“. წინა ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სატენდერო კომისიამ 2019 წლის 6 მაისს შეწყვიტა. ამ თემაზე: სოფელ ფერიაში ახალი ოთხსართულიანი სკოლა აშენდება
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია