აჭარა

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უნდა აჯილდოვებდეს თუ არა სამინისტრო მასწავლებლებს და დირექტორებს

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 მაისი 2019
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, ხშირად აცხადებს კონკურსებს გამორჩეული მასწავლებლების დაჯილდოების მიზნით. ახლახან მასწავლებლის სახლმა „საუკეთესო დირექტორის“ კონკურსიც გამოაცხადა. უნდა ატარებდეს თუ არა სამინისტრო მსგავსი შინაარსის კონკურსებს იმ უწყებებში, რომლებსაც პირდაპირ თუ ირიბად აკონტროლებს და რა ზიანდება სამინისტროს მსგავსი პოლიტიკით? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების მკვლევარი ნათია ანდღულაძე საუბრობს. ნათია, ფიქრობთ თუ არა, რომ „საუკეთესო მასწავლებელი“ ან „საუკეთესო დირექტორი“ სამინისტრომ უნდა გამოავლინოს და თუ არა, რატომ? სამინისტრო და მისი რომელიმე უწყება არ უნდა აწყობდეს მასწავლებლებისა და დირექტორების კონკურსებს.  ეს სამინისტროს საქმე არაა. ეს საქმე უკვე კეთდება და თან ძალიან კარგად. ამიტომ გამოდის, რომ რესურსებს არასწორად მიმართავს. გარდა ამისა, ეს საქმე კარგად არ გამოსდის და ამით კონკურსების იდეის დისკრედიტაციის რისკებს ქმნის. რატომ ფიქრობთ, რომ სამინისტრო არ უნდა აწყობდეს ასეთ კონკურსებს? ასეთი კონკურსი არ არის სამინისტროს საქმე. ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმე. ზოგადად, სამინისტრო ან, თუნდაც, მთავრობა არ არის ერთადერთი პასუხისმგებელი მხარე, ერთადერთი აქტორი განათლების სფეროში. ამიტომ კანონი განსაზღვრავს სამინისტროს და მისი უწყებების უფლებამოსილებებს. წესით, კონკურსებს პროფესიული ასოციაციები უნდა ატარებდნენ. ჩვენთან უკვე არსებობს რამდენიმე ასოციაცია. მაგალითად, ინგლისური ენის მასწავლებლების ასოციაცია, სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ასოციაცია. სწორედ ამ ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კონკურსმა გამოავლინა ლადო აფხაზავა, შემდეგ უკვე ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული. მაგრამ ასეთი ასოციაციები საკმარისად ძლიერი არაა. მაგრამ საკმარისად ძლიერია არასამთავრობო ორგანიზაციები. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოც  არასამთავრობო სექტორის წამოწყებაა. კოალიცია „განათლება ყველასთვის“ განათლების სფეროში საქმიანობით დაკავებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და  გლობალური კოალიციის ნაწილია. ამ კოალიციამ განახორციელა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტი, რომელიც ყველა თვალსაზრისით სამაგალითოდ შეასრულეს. ამავე კოალიციამ შარშან დაიწყო სკოლების კონკურსზე მუშაობა. სამინისტროსთანაც გაიარეს კონსულტაციები და მალე კონკურსიც უნდა გამოაცხადონ. სამინისტროს მხრიდან მასწავლებლების ან დირექტორების ამ ფორმით წახალისება რატომ არ არის სასურველი?   სამინისტროსაც აქვს თავისი წილი ფუნქციები მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით. სამინისტრომ უნდა შექმნას განვითარების და რეგულირების ბერკეტები. მაგალითად, სამინისტრომ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს პროფესიული ასოციაციების გაძლიერებაზე. არ ვგულისხმობ, რომ თავად უნდა შექმნას პროფესიული ასოციაციები. სამინისტროს მიერ შექმნილ ასოციაციას პროფესიული საზოგადოება საკმარის ნდობას ვერ გამოუცხადებს. ხელი უნდა შეუწყოს მათ შექმნასა და განვითარებას. და თუ სამინისტროს უნდა, რომ წაახალისოს სკოლების კარგად მართვა, კონკურსზე უფრო ძლიერი ბერკეტი სკოლების შეფასების სისტემაა, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს. თქვენ ამბობთ, რომ მასწავლებლების კონკურსმა აჩვენა, რომ სამინისტროს არ გამოსდის ეს საქმე. კონკრეტულად რას გულისხმობთ? განსხვავებით „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსგან“, სამინისტროს მიერ ჩატარებული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კონკურსი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ბევრი ადმინისტრაციული პრობლემა იყო. მაგალითად, დაწყებული იმით, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის გამოცხადებულ კონკურსში, ტექსტში, რომლითაც სამინისტრო მასწავლებლებს კონკურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ისეთი გრამატიკული შეცდომები იყო, ქართული ენის ცოდნის მიმართ სამინისტროს დამოკიდებულებაზე რომ დააფიქრებს ქართული ენის მასწავლებელს. კონკურსი იყო სახელდახელოდ ორგანიზებული. მაგალითად, მასწავლებლებს კონკურსში განაცხადის შემოტანისთვის მხოლოდ ორი კვირა მისცეს. კონკურსში ხომ კომუნიკაციის ნაწილი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი; გარდა იმისა, რომ საკმარისი უნდა იყოს დრო, რომ ამბავი გავრცელდეს მასწავლებლებში, ეს პიარის ნაწილიცაა – საკონკურსო პერიოდი თუ გონივრულად ხანგრძლივია, ფართო საზოგადოებაში უფრო კარგად გავრცელდება ინფორმაცია იმაზე, რომ აი, სამინისტრო ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლებს დააჯილდოებს. მეორე დიდი პრობლემა იყო ჟიური –  არავინ იცოდა ჟიურის შემადგენლობა. გამჭვირვალობა ასეთ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ასეთი კონკურსი არასდროს არის სრულიად ობიექტური. ამიტომ ჟიურის წევრები უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც საზოგადოებაში გარკვეულ ნდობას იმსახურებენ. და ბოლოს, ჯილდოს საკითხი. მასწავლებლებმა ბოლო წუთამდე არ იცოდნენ, რა იყო კონკურსის ჯილდო. არსად იყო ნახსენები. სერტიფიკატის გადაცემა დაავიწყდათ ზოგიერთი გამარჯვებულისთვის. საჩუქრები იყო ისეთი, ალბათ, აჯობებდა, საჩუქარი საერთოდ არ გადაეცათ. როცა სამინისტრო აცხადებს, საუკეთესო მასწავლებლები უნდა შევარჩიო და დავაჯილდოვოო და დამსახურებულ, 80 წლის მასწავლებელს ici paris სასაჩუქრე პაკეტს გადასცემს, ამით იდეას, კონკურსს და საკუთარ თავსაც კომიკურ სიტუაციაში აყენებს. თქვენ ამბობთ, რომ სამინისტროს მიერ დირექტორების კონკურსის ჩატარება რისკებს შეიცავს. რა რისკებზეა საუბარი? გარდა იმისა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების კონკურსი ისე იყო ორგანიზებული, რომ მასწავლებლების დაფასების ინტენცია [მისწრაფება] იქ ნაკლებად ჩანდა, ამ კონკურსის პროცესის ვიწრო პოლიტიკური მიზნებით გამოყენების რისკი არსებობს. მთავრობას ისედაც დიდი გავლენა აქვს სკოლებზე და ამ გავლენას, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ვიწრო პარტიული ინტერესების გასატარებლადაც იყენებს. მაგალითად, ია კერზაიას საქმე აჩენს ეჭვს, რომ დირექტორი, რომელმაც არ ითანამშრომლა არჩევნებში, დასაჯეს სამინისტროს გენერალური ინსპექციის სკოლაში გაგზავნით და დირექტორს ბრალი დასდეს სანიტარული პირობების დარღვევაში მაშინ, როცა მთელს უბანს წყალი არ მიეწოდებოდა. როცა სამინისტრო ასეთ საქმეზე აწერს ხელს, მის მიერ ჩატარებული კონკურსის მიმართ თავიდანვე უნდობლობით ვარ განწყობილი და მგონია, რომ ეს კონკურსიც ფიქციად და სასკოლო საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაძლიერების კიდევ ერთ საბაბად იქცევა. გამოდის, სამინისტრო ამ კონკურსის გამართვით სამინისტრო არამიზნობრივად ხარჯავს სახელმწიფო რესურსს. მაგრამ ხომ შეიძლება, რომ სამინისტრომ ამ კონკურსში ჩართვით დააინტერესოს კერძო სექტორი? სამინისტროს საქმე არ არის მცირემასშტაბიან პროექტებში ფილანტროპიის ჩართვა. თუ ეს ამოცანა აქვს, პოლიტიკის დონეზე უნდა შეცვალოს რამე, კანონმდებლობით შემოიტანონ ისეთი ცვლილებები, რაც სექტორში ფილანტროპულ საქმიანობას წაახალისებს. ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო და ეს საქმე ნამდვილად შედის მთავრობის ვალდებულებებში. თუ კანონმდებლობას ვერ ცვლის, მაშინ კარგ პროექტებს გამოუცხადოს მხარდაჭერა. საქმე გაკეთდება, მაგრამ სამინისტროს ამ საქმის გასაკეთებლად თავისი ადმინისტრაციული რესურსი აღარ დასჭირდება. საკმარისი იქნება, სწორად განსაზღვროს, ვის უნდა დაუჭიროს მხარი. როგორც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მაგალითზე გამოჩნდა, ფართო საზოგადოება ასეთ პროექტს მაინც სამინისტროს მიაწერს. ამიტომ რა საჭიროა, რომ სამინისტროს უწყება ეძებდეს ფონდებს, არ მესმის. თქვენ ამბობთ, რომ  მსგავს საკითხებში სამინისტროს ჩართულობა „საერთო საქმეზე ზიანის მიყენებაა“ – რაში გამოიხატება ეს ზიანი?    პირველ რიგში, სამინისტროს მიერ ამ საქმის წამოწყება უკვე დაწყებულ საქმეს აზიანებს. არ ვგულისხმობ მხოლოდ ერთ კონკურსს. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“, ასევე, სკოლების ჯილდო დააფინანსა კერძო ფონდმა. ხშირად გაგვიგია, როგორ აქტიურობენ კერძო ფონდები და მეცენატები საზღვარგარეთ. საქართველოშიც აქვს მეცენატობის მოკლე, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი ისტორია. მეცენატობას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ უფრო მეტი საერთო ძალისხმევა ჩაიდოს საერთო, განათლების საქმეში. ასეთი კონკურსები არის ნიშა, რომელიც განათლების სფეროში კერძო ფონდების, ბიზნესის, ფილანტროპული საქმიანობის წახალისების საშუალებას იძლევა. პატარკაციშვილის ფონდმა დააფინანსა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ და ეს პროექტი იმდენად რეზონანსული იყო, სხვებიც მიბაძავენ. ცალკეულ პროექტში ბიზნესის და კერძო ფონდების ჩართვა პატარა ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის საქმეა და თუ რამე შესაძლებლობა გამოჩნდა, ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ. მაგრამ ამ დროს სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ისედაც მწირი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსით შევიდეს იმ საქმეში, რაშიც კერძო სექტორი უკვე აქტიურობს. გამოდის, რომ სამინისტრო იკავებს იმ ნიშას, რომელშიც ისედაც შედის ფილანტროპია და ამით ფილანტროპიულ საქმიანობას უკარგავს სტიმულს. მაგალითად, თუ სამინისტრო ატარებს მასწავლებლების კონკურსს, ქართული ფონდი ან ბიზნესი, რომელსაც, ალბათ, უნდა, რომ დააფინანსოს რამე გამორჩეული, განსხვავებული, იყოს რამეში პირველი, აღარ მოუნდება სამინისტროს საქმიანობის გამეორება. ის საქმე ხომ ისედაც კეთდება და გაუჭირდება თავისი როლის დანახვა. მეორე პრობლემა, უკავშირდება კონკურსის იდეის დისკრედიტაციას. დისკრედიტაციის მიზეზი შეიძლება გახდეს ცუდად დაგეგმილი და განხორციელებული კონკურსები. ამაზე უკვე ვილაპარაკე. მაგრამ ეს მხოლოდ კონკურსის დისკრედიტაცია კი არ არის, სამინისტროს რეპუტაციასაც ულახავს. ამაზე ბევრი ხმამაღლა და ფეისბუქ პოსტებით არ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და არც სამინისტროს თანამშრომელს გაუზიარებს თავის წუხილს. მაგრამ ვიწრო წრეებში განიხილავენ. სამინისტროს რეპუტაციის შელახვაც საერთო საქმის გაფუჭებაა, რადგან ადამიანებს უკარგავს რწმენას ინსტიტუციებში. მესამე პრობლემა, უფრო ფართოა და საზოგადოებასა და მთავრობას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას ეხება. ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია წარმოდგენა იმაზე, რომ მთავრობა მოაგვარებს ყველაფერს. მიჩვეულები ვართ, რომ მთავრობის ბრალია ყველაფერი, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა ყველაფერი. ეს ჩემი დაკვირვება არაა. მოსახლეობის ნახევარი თვლის, რომ მთავრობამ ისე უნდა იზრუნოს მოსახლეობაზე, როგორც მშობელი ზრუნავს შვილებზე. ასეთი შეხედულება პასუხისმგებლობის სრულად არიდებას გულისხმობს. ეს უნდა შეიცვალოს საზოგადოებაზე ფუნქციების და პასუხისმგებლობის დელეგირებით. განათლების სფეროშიც ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, ნელა, მაგრამ მყარად და შეუქცევადად პასუხისმგებლობები უნდა დელეგირდეს სკოლებზე, პროფესიულ ორგანიზაციებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არ შეიძლება ყველაფერი აკეთოს სამინისტრომ და, შესაბამისად, ყველაფერზე იყოს პასუხისმგებელი. თითქოს რიტორიკა დეცენტრალიზაციის და დერეგულაციის ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ საქმეში ეს არ ჩანს. ამ კონკურსის შემთხვევაში კი გამოდის, რომ სამინისტრო პასუხისმგებლობას იღებს ახალ საქმეზე, უფრო სწორად, პასუხისმგებლობას ართმევს საზოგადოებას.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია