აჭარა

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა მოეთხოვებათ მასწავლებლებს 2020 წლიდან

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 მაისი 2019
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს მასწავლებელმა 2020 წლიდან, იმ შემთხვევაში თუკი სტატუსის ამაღლებას გადაწყვეტს, რას ვერ მიიღებენ პენსიონერები თუკი ჯილდოზე წელს უარს იტყვიან და ვინ წყვეტს, როგორი უნდა იყოს სკოლა? – „ბათუმელების“ კითხვებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს. ბატონო ბერიკა, 2020 წლიდან მასწავლებელი ახალი სისტემით შეფასდება, რა იცვლება არსებითად? მასწავლებლის შეფასების ახალი მოდელი მაქსიმალურად ორიენტირებულია სკოლაზე. თუ ჩვენ გვინდა ამ სისტემას ეშველოს, უნიფიცირებული სისტემა უნდა დავანგრიოთ. ეს ნიშნავს დეცენტრალიზაციის შემოტანას სკოლაში. სკოლამ თვითონ უნდა ისწავლოს თავისი თავის მოვლა. ნუ ელოდებიან ნურც მასწავლებლის სახლს და ნურც სხვა ვინმეს, რომ ვიღაც უპატრონებს. ჩვენ დავეხმარებით მეთოდოლოგიურად, მაგრამ მართვა-გამგეობა მათი მოსაგვარებელია. ახალი მოდელის მიხედვით, როგორ ხდება სტატუსის ამაღლება. მასწავლებელი აბარებს სპეციალურ გამოცდას თუ კიდევ სჭირდება დამატებითი აქტივობები? ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც მუშავდება, მასწავლებელი სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა სკოლას ექნება გარკვეული მოთხოვნები მის მიმართ. სკოლა თვითონ შეუფასებს საგაკვეთილო პროცესს, ჩაატარებს კვლევას, დაესწრება ღონისძიებებს. მასწავლებელი პროფესიულ განვითარებაში  დაესწრება ტრენინგს, მაგალითად უფროს მასწავლებელი ვალდებული იქნება, კვლევაში გაიაროს 18-საათიანი ტრენინგი წლის განმავლობაში, ინკლუზიურ განათლებაში, სასკოლო უსაფრთხოებაში, ბულინგში ა.შ. ოღონდ ამ საჭიროებებს სკოლა დაუდგენს. გაივლის ამ ტრენინგს, ჩაეთვლება, შეინარჩუნებს სტატუსს. ანუ ტრენინგებით ინარჩუნებს მხოლოდ? ტრენინგი, სასკოლო აქტივობები, კვლევის ჩატარება – ბევრი პაკეტი იქნება, რომელსაც გააკეთებს სკოლა. იგივე პაკეტი იყო კრედიტების დაგროვების დროსაც. არა. თუ პედაგოგს სურს სტატუსის ამაღლება, მან პროფესიულ უნარებში უნდა ჩააბაროს გამოცდა. საგნობრივი კომპეტენცია ისედაც დამტკიცებული ექნება და ორჯერ ხომ არ ჩააბარებს. ამიტომ პროფესიული უნარების ტესტი იქნება რთული, რომელიც დატვირთული იქნება პრაქტიკული სამუშაოებითაც. მაგალითად, ტესტი შეიძლება იყოს ლაბორატორიაშიც. პროფესიული ტესტი თუ ვერ გაიარა მასწავლებელმა რა მოხდება? სტატუსს ვერ შეიცვლის. ყველა მასწავლებელს სტატუსის შესაბამისი მოთხოვნები ექნება სკოლაში კონტრაქტის მიხედვით. კონტრაქტის პირობებს  თუ ვერ შეასრულებს, დირექტორს შეუძლია დაითხოვოს სამსახურიდან, მაგრამ სტატუსს ვერავინ ჩამოართმევს მასწავლებელს. როგორც ვიცით, სკოლის მართვის ახალი მოდელი ინერგება. რა ეტაპზეა პილოტი – დამხმარე ჯგუფებმა მუშაობა დაასრულეს უკვე სკოლებში? 62 სკოლაში ინერგება ახალი სკოლის მოდელი. ჩვენ შევიკრიბებით ზაფხულში, შევკრებთ პედაგოგებსაც, გამოვკითხეთ ბავშვები თუ რამ იმუშავა კარგად და რამ ვერა. სექტემბერში ახალ სკოლებში რომ შევიტანთ პილოტს, ამ გამოცდილებას გავითვალისწინებთ. ეს არის ქართული  განათლების მოდელი და მათ შექმნაში ფაქტობრივად თვითონ სკოლები მონაწილეობენ. წელს პენსიონერი პედაგოგების გარკვეული რაოდენობა დატოვებს სკოლას, ვინც წელს არ არის საპენსიო ასაკის, მაგრამ გახდება ორი-სამი წლის შემდეგ, სახელმწიფო მათთვისაც განსაკუთრებულ პენსიას დააწესებს თუ ისინი არსებული სტანდარტით მიიღებენ პენსიას? 25 წლის განმავლობაში ეს პროექტი პირველად გაკეთდა, ამიტომ რა იქნება ორი-სამი წლის შემდეგ, ნამდვილად არ მაქვს ამაზე პასუხი. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ პროცესს, ფინანსთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ასი მილიონი ეპოვნათ ბიუჯეტში.  წელს ამას ვაკეთებთ, გაისად ვიცი, რომ ეს არ იქნება. ამხელა ფუფუნება საქართველოს ბიუჯეტს, სამწუხაროდ, აღარ აქვს. ჩვენ გავაკეთეთ სტატისტიკა საქართველოს 2083 საჯარო სკოლაში, კლასის, პედაგოგების და საგნის მიხედვით და ზუსტად ვიცით, სად შეიძლება გაჩნდეს დეფიციტი. გავაკეთეთ არა მარტო ამ წლის სტატისტიკა, არამედ შემდგომი ოთხი წლის სტატისტიკაც თუ რამდენი პედაგოგი გადავა საპენსიო ასაკში. ჩვენ გვყავს ევროპაში ყველაზე ხანდაზმული პედაგოგების კოჰორტა. გუშინდელი მონაცემებით 5 ათასმა პენსიონერმა განაცხადა წასვლაზე. ეს ნიშნავს, რომ ამდენივე ახალი პედაგოგი შემოვა ჩვენს პროფესიაში და ეს არის კარგი გზავნილი ახალგაზრდებისთვის. ასი მილიონი დაიხარჯება იმ შემთხვევაში, თუკი 12 ათასივე პენსიონერი გავა პროფესიიდან, დანარჩენი თანხა სად წავა? ამაზე პასუხი არ მაქვს. ბევრი პედაგოგი დარეგისტრირდა, თუ ვერ ჩააბარებენ გამოცდას, მეორედაც შეუძლიათ სცადონ დეკემბრისთვის. თუ მასწავლებელმა წელს ორჯერ ვერ დაადასტურა კომპეტენცია 2020 წლის ივნისში მას სკოლაში კონტრაქტი უკვე ამოწურული ექნება. მისი ადგილი ვაკანტური იქნება და თუ მოვა ვინმე, უფრო კომპეტენტური, ის წავა, თუმცა ჯილდო აღარ მიეცემა. ეს ინიციატივა იმიტომ არის ადამიანზე ორიენტირებული, რომ პედაგოგი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვაძლევთ ყველას საშუალებას – გამოცდების ორჯერ ჩაბარების, გადამზადების, არც პროფესიიდან ვუშვებთ ვინმე, თუკი მის ადგილზე შემცვლელი არ გამოჩნდება. ამავე თემაზე: მიიღებს პედაგოგი ზაფხულის ხელფასს, თუ განაცხადს ჯილდოზე მაისში გააკეთებს
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია