აჭარა

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამინისტრო: წელს არაქართულენოვანი სკოლები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივნისი 2019

განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე ტენდერი გამოაცხადა. 7 მილიონ 790 239 ათასი ლარი დაიხარჯება  I-VI კლასის  1 817 800  წიგნსა და რვეულზე, ასევე, VIII-XII კლასის 355 160 წიგნსა და სასკოლო რვეულზე. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის განახლებული სახელმძღვანელოები დაიბეჭდება მეშვიდეკლასელებისთვისაც, VIII-XII კლასელები კი ისევ ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, 2019 წელს ახალი სახელმძღვანელოები არაქართულენოვანი სკოლებისთვისაც დაიბეჭდება. როგორც სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკა ლეჟავა ამბობს, ახალი სახელმძღვანელოები არაქართულენოვან სკოლებს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მიეწოდება. „ეს იქნება განახლებული სახელმძღვანელოები, ახალი ეროვნული გეგმით გათვალისწინებული. სამ ენაზე დაიბეჭდა: სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. განახლებული იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებიც“ – ამბობს ეკა ლეჟავა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ინფორმაციით, 2013 წლის კვლევების მიხედვით, საქართველოში 213 არაქართულენოვანი სკოლა და 77  სექტორია. აქედან 85  სკოლა მთლიანად აზერბაიჯანულენოვანია, 11 – რუსულენოვანი, 117 კი – სომხურენოვანი. ამ სკოლებში, 2014 წლის მონაცემებით, 60 ათასამდე მოსწავლე სწავლობს. განახლებული სახელმძღვანელოები არაქართულენოვან სკოლებში ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა შესულიყო, თუმცა ტენდერი ჩაიშალა, რის გამოც სახელმძღვანელოები ვერ დაიბეჭდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია