აჭარა

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

TDI პედაგოგებისთვის რელიგიური შინაარსის ლექციებში ჩართვას ეხმაურება

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ივნისი 2019

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს რეგიონებში პედაგოგებისთვის წილხვდომილობის შესახებ ლექციების ჩატარებას ეხმაურება. „საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა. მიუხედავად ზოგადი განათლების შესახებ კანონის მკაცრი მოთხოვნისა, სკოლებში ხშირად არ არის დაცული რელიგიური ნეიტრალობა, მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა რელიგიურ რიტუალში, ხდება რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნებით გამოფენა, ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი, დისკრიმინაციისა და რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის შემთხვევებს სახელმწიფო არ უწევს სათანადო მეთვალყურეობას და მათზე შესაბამისად არ რეაგირებს. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ხელს უწყობდეს საჯარო საგანმანათლებლო სივრცეში დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობასა და ამ კუთხით, პედაგოგების ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, მასწავლებლებს მონაწილეობა უხდებათ მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური შინაარსის ღონისძიებებში. TDI მიიჩნევს, რომ პროცესი, რომელიც მოიცავს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში პედაგოგების ჩართვას, ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს. ასევე ირღვევა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მთელი რიგი ნორმები: სახელმწიფო ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ–ერთ ძირითად მიზნად აცხადებს რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას (მუხლი 3); დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია. (მუხლი 13); დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს (მუხლი 18). მსგავსი ტიპის ლექციებში პედაგოგების, მით უმეტეს, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მასწავლებლების ჩართვა ყოვლად მიუღებელია. პრობლემურია ის გარემოებაც, რომ პედაგოგებს დაგეგმილი ღონისძიების მიზნისა და შინაარსის შესახებ წინასწარ არ მიეწოდათ შესაბამისი ინფორმაცია“-ნათქვამია განცხადებაში. TDI ასევე მიიჩნევს, რომ გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურებოდა პედაგოგებისთვის წილხვდომილობის შესახებ ლექციების გამართვა, რამდენადაც „მსგავსი ლექციები ვერ მოემსახურება მასწავლებლების პროფესიული უნარების გაუმჯობესებას, რაც მათ პროფესიულ წინსვლაში დაეხმარებოდა და მისცემდა შესაბამის კრედიტს“. TDI მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიცვან სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციური პრინციპი და რელიგიური ნეიტრალობა; ასევე საქართველოს  განათლების სამინისტროს რომ არ დაუშვას საჯარო სკოლებში კონსტიტუციითა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებული რელიგიური ნეიტრალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დარღვევა; განმარტოს, აღნიშნულ ლექციებში მასწავლებლების ჩართვის საფუძვლები და მიზნები, წარმოადგინოს პასუხისმგებელი უწყებებისა და გაწეული ხარჯების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია. ამავე თემაზე: პროტესტი – რატომ მიჰყავთ მასწავლებლები რელიგიური შინაარსის ლექციებზე შეუთანხმებლად

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია