20 ოქტომბერი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის უპირატესი მღვდელმთავრის,მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს დაბადების დღეა.
1938 წლის 20 ოქტომბერს თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი.
1982 წლის 6 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, შოთა მარგალიტაშვილი ბერად აღკვეცა და კალისტრატე უწოდა. ამავე წლის 7 აპრილს იგი ხელდასხმული იქნა ბერ-დიაკონად, ხოლო 2 აგვისტოს – მღვდელ-მონაზვნად. ამავე წელს მიენიჭა იღუმენის წოდება და დადგინდა ალავერდის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1983 წელს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. 1983 წლის 25 დეკემბერს ხელდასხმული იქნა ეპისკოპოსად და დადგინდა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად. 1989 წლის 8 თებერვალს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება. 1992 წლის 14 ოქტომბერს ებოძა მიტროპოლიტის წოდება. 2000 წლის 21 სექტემბერს დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოებულია: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით, საქართველოს მთავრობის მიერ – ღირსების ორდენით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ – ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით, წმინდა ნინოს ორდენით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ – წმინდა დანიელის ორდენით, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ – წმინდა ანთიმოზ ივერიელის დიპლომით, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორდენით.
მიტროპოლიტი კალისტრატე არის: საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი, საქართველოს სახელმწიფო აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საპატიო დოქტორი, ქ. ქუთაისის საპატიო მოქალაქე.
მიტროპოლიტ კალისტრატეს მიერ სრულიად საქართველოში ნაკურთხია სამასამდე ტაძარი, მონასტერი და სამლოცველო.
საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი Kutaisitoday.com ულოცავს მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს კალისტრატეს დაბადების დღეს და უფლის წყალობით, კეთილდღეობით, დღეგრძელ სიცოცხლესა და მოღვაწეობას უსურვებს.