იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ მივაღწიოთ წარმატებას? - კარიერული მენტორის რჩევები

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 მაისი 2023

ადამიანებს ხშირად,  მიუხედავად მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობისა და კარგი განათლებისა,  უჭირთ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება,  კარგი სამსახურის პოვნა.  რა არის ამის მიზეზი და რამდენად არის შესაძლებელი ამის დაძლევა? - ამ საკითხებზე  newpress.ge-ს კარიერული განვითარების მენტორი,  კომპანია „კარიერული ნავიგაცია“-ს თანადამფუძნებელი მაცაცო ჭიჭინაძე ესაუბრა.  

- დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენი პროფესია საქართველოში ახალია, თუმცა საჭიროება ყველა ქვეყნისთვის, მით უმეტეს იმ ქვეყნისთვის,  სადაც ამდენი არარეალიზებული და უმუშევარი ადამიანია, დიდია.   მოგეხსენებათ,  დღევანდელ სამყაროში ადამიანებს ხშირად აწუხებთ თავდაუჯერებლობა, ემოციური გადაწვა, ერთგვარი გონებრივი ბლოკები, რის გამოც უჭირთ წარტმატების მირწევა და  კარიერული წინსვლა.   კარიერული კონსულტანტები ვეხმარებით ადამიანებს, სწორად იპოვონ საკუთარი პროფესია, ხოლო  და ვინც უკვე პროფესიაშია,  დარწმუნდნენ,  რომ სწორ ადგილას არიან,  საკუთარი საქმისგან სიამოვნებასთან და კმაყოფილებასთან ერთად მათთვის სასურველ თანხასაც გამოიმუშავებენ.  ასევე ვეხმარებით დასაქმების საკითხში, როგორიც არის ეფექტური რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის, გასაუბრებისთვის მომზადება, ახალ სამსახურში სწორი ეფექტური სოციალიზაცია, ხელფასზე მოლაპარაკებები, დაწინაურებაზე მოლაპარაკებები, კომპანიის ანალიზი, ბაზრის ანალიზი და სხვა მრავალი, რამ რაც დასაქმებასთან არის დაკავშირებული.  

რას ურჩევთ ადამიანებს,  რა უნდა გააკეთონ წარმატების მისაღწევად?

- პირველ რიგში, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ნამდვილად გვსურს საკუთარი კარიერის სწორედ წარმართვა, ჩვენი ცხოვრების სადავეების ხელში აღება.  მტკიცედ უნდა გადავწყვიტოთ, რომ მიუხედავად წინააღმდეგობებისა,  არჩეული გზიდან არ გადავუხვევთ. სურვილი უნდა იყოს უშრეტელი. შემდგომ უკვე სპეციალური ფსიქოლოგიური ტექნიკების, ტესტების, კონსულტაციების საშუალებით ვუმკლავდებით ყველა იმ გამოწვევას, რაც კლიენტს აქვს.  ჩავდივართ ცნობიერის საკმაოდ ღრმა საფეხურებზე და ამოგვაქვს ზემოთ ყველა ის რესურსი, მიღწევა, ჩვევა, ტალანტი, უნარი, გამოცდილება, რაც პიროვნებას გააჩნია.

  ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს და კომპანიებს როგორც პერსონალურ კონსულტაციებს, ასევე სხვადასხვა პიროვნული განვითარების, კარიერული განვითარების, პროფესიული ორიენტაციის კურსებს, მარათონებს, ტრენინგებს.

  პ.ს: ასევე ქოუჩებთან კოლაბორაციით შევქმენით „წარმატების კლუბი“ , რომელიც არის ნაკლებ ბიუჯეტური, რათა ყველამ შეძლოს გაწევრიანება, ვისაც სურს საკუთარი მიზნების განსაზღვრა და ამ მიზნების სისრულეში მოყვანა, სულ ერთია,  ეს იქნება კარიერული თუ სხვა სახის მიზანი. ყველას ექნება შესაძლებლობა გაწევრიანდეს ამ კლუბში და იმუშაოს კარიერულ კონსულტანტბთან და ქოუჩებთან ერთად.

- ადამიანებს ხშირად, მიუხედავად მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობისა და კარგი განათლებისა, უჭირთ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნა. რა არის მიზეზი და რამდენად არის შესაძლებელი ამის დაძლევა?

- მიზეზი, თუ რატომ ვერ ახერხებს ადამიანების უმეტესობა საკუთარი ადგილის პოვნას, არის ის, რომ კარგად შეცნობილი არ აქვთ საკუთარი თავი. არ აქვთ გააზრებული, თუ რისი კეთება უნდათ, რა მოუტანთ მათ ბედნიერებასა და კმაყოფილების განცდას. სამწუხროდ, შემორჩენილია სტერეოტიპული შეხედულება, რომ სამსახური არ არის სიამოვნებისთვის, იქ უნდა გამოვიმუშავოთ  თანხა, რათა ვიარსებოთ. სინამდვილეში, ჩვენ ჩვენი პროფესიისგან და საქმიანობისგან ბევრად მეტს მოვითხოვთ, ვიდრე მხოლოდ ანაზღაურებაა.

როდესაც ადამიანი იპოვის მის ღირებულებებთან, მისიასთან, ხედვასთან თანმხვედრ პროფესიას, ნიშას, მისი პროფესია მხოლოდ ფულის კი არა, სიამოვნების მომტანიც ხდება, რჩება კარიერული გეგმის სწორი გაწერა. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ კარიერაში სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯები გადავდგათ, რათა სწრაფად გავიზარდოთ.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ვერ ახერხებენ წინ წასვლას,  მიუხედავად მათი ერთი, ორი ან სამი დიპლომისა, არის თავდაუჯერებლობა, საკუთარი თავის არასწორი პრეზენტაცია და „თვითმარქვიას სინდრომი“,  ამიტომ უწევს ზოგ ადამიანს  ერთ ადგილას, ერთი და იგივე პოზიციაზე წარუმატებელი მუშაობა წლების განმავლობაში.

ალბათ, თავადაც გინახავთ ადამიანები, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილონი არიან საკუთარი თავით, უყვართ ყველაფრის გადადება: „მერე გავაკეთებ, როცა ვისწავლი დამატებით ამასაც“ „ მერე, როცა მივიღებ გამოცდილებას“ და ისინი თითქმის არასოდეს არიან მზად, რომ გადადგან ნაბიჯები საკუთარი მიზნებისკენ, სურვილებისკენ, ბედნიერებისკენ, არასოდეს არაფერია საკმარისი იმისთვის, რომ დავიწყოთ რამის  გაკეთება - აი ეს არის თვითმარქვიას სინდრომი და ამას აუცილებლად სჭირდება დამუშავება.  

საკუთარი თავის სწორი პრეზენტაცია -  დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხია, ამის გარეშე რთულია სამსახურის დაწყებაც და შენარჩუნებაც,  ბიზნესის წამოწყებაც და განვითარებაც.

საჭიროა ჩვენი გამოცდილების, ცოდნის და მიღწევების სწორი ფორმულირება და მიტანა საჭირო აუდიტორიამდე.

მაშასადამე, მთავარია, პიროვნება მიხვდეს ამოცანის არსს და შემდგომ მისი ამოხსნა არ არის რთული პროფესიონალთან ერთად. არ ღირს დავკარგოთ დრო ფუჭად, არასოდეს არ არის გვიან დავიწყოთ ჩვენი ოცნების კარიერისკენ სვლა. 

- რა გამოწვევებს აწყდებით დასაქმების თემაზე მუშაობის დროს? 

- საკმაოდ რთული, მნიშვნელოვანი და პრობლემური თემაა დასაქმების თემა. პირველი პრობლემა,  რასაც ვაწყდებით, ეს არის რეზიუმეს ეტაპი, გამოცდილებიდან გეტყვით, რომ მინახავს 300 + რეზიუმე და აქედან არცერთი სრულყოფილი. ყველა საჭიროებდა ჩასწორებას,  ან სრულიად შეცვლას. მოდის კლიენტი, აქვს არაჩვეულებრივი გამოცდილება, მიღწევები,  განათლება, მაგრამ თვეებია, წლებია ეძებს სამსახურს. მიზეზი კი მისი არაეფექტური რეზიუმეა.

იყო დრო, როდესაც თითქმის ყველას, დამსაქმებლებსაც კი, რეზიუმე ეგონათ მხოლოდ ფურცელი, სადაც ეწერა სამსახურის მაძიებლის მოკლე ბიოგრაფია. დღეს უკვე მაღალგანვითარებული კომპანიები ეძებენ კადრს სწორი. ეფექტური რეზიუმეთი. უკვე ყველამ იცის, თუ რა დანიშნულება აქვს რეზიუმეს (რეზიუმე არის ჩვენი მიღწევების დემონსტრირების საშუალება) და შესაბამისად მოთხოვნაც მაღალია. ეიჩარები, რეკრუტერები სანთლით ეძებენ სასურველ კადრს. 

  კარგ რეზიუმეს მოჰყვება შედეგი - გასაუბრება.  დამერწმუნებით, ალბათ, რომ ნებისმიერ გასაუბრებას ახლავს თან მღელვარება, და წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც დამსაქმებელი გისვამთ 5-10 შეკითხვას და გიწევთ პასუხების ადგილზე მოფიქრება, მისი სწორად დალაგება და გადმოცემა. არის თემები, რისი ცოდნაც აუცილებლად საჭიროა,  სანამ გასაუბრებაზე გავალთ. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ კომპანიის შესახებ ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რათა შევძლოთ რელევანტური კითხვების დასმა, ჩვენს მიერ დასმულ შეკითხებიც ხშირად გადამწყვეტი ხდება ხოლმე სამსახურის პოვნის პროცესში. ალბათ, მხოლოდ რჩეულები ახერხებენ მოუმზადებლად გასაუბრების წარმატებით გავლას. ერთ-ერთი ყველაზე მეტად ჩამჭრელი კითხვა არის -  „გვითხარით თქენი სუსტი და ძლიერი მხარის შესახებ?“ - ამ კითხვაზე უმეტესად პასუხობენ, რომ მათ არ გააჩნიათ სუსტი მხარე, ან ასახელებენ ძლიერ მხარეს და ამბობენ, რომ ეს არის მათი სუსტი მხარე.  ამ ყველაფერს დამსაქმებელი რაღა თქმა უნდა,  ხვდება და ექმნება წარმოდგენა ადამიანზე,  რამდენად კარგად შეუძლია საუთარი თავის შეფასება. არ არსებობს ადამიანი,  რომელსაც არ აქვს სუსტი მხარე.  აპელირება უნდა მოვახდინოთ ისეთ სისუსტეზე, რომელიც ჩვენს კომპეტენციას ეჭვის ქვეშ არ დააყენებს.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ამ გამოწვევებთან გამკლავება,  როდესაც წინასწარ გაქვს ყველა დეტალი გავლილი და ზუსტად იცი, როგორ და რით უნდა წარმოაჩინო საკუთარი თავი. 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია