საკონფერენციო დარბაზში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში საკრებულოს დეპუტატებს, მოწვეულ სტუმრებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს წარუდგინა. შეხვედრას პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დაესწრო. დავით შერაზადიშვილმა ვრცლად ისაუბრა შესრულებულ პროექტებზე. მუნიციპალიტეტისთვის გასულ წელსაც პრიორიტეტული ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური, განათლება და კულტურა იყო. 2018 წელს განხორციელდა 90-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. ქალაქსა და რიგ სოფლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრეები და საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სარწყავ სისტემებსაც. დასრულდა რიტუალების სახლების მშენებლობა, აშენდა სასმელი წყლის რეზერვუარები და საქლორე მოწყობილობა. ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია-ექსპლოატაციის კუთხით გაიხარჯა 10 185 300 ლარი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 საცხოვრებელი სახლის სახურავი გადაიხურა, 11 სოფელში კი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გაზიფიცირების სამუშაოები შესრულდა. მუნიციპალიტეტის მერმა ისაუბრა ევროკავშირის გრანტზეც, რომლის მიზანი ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.
დავით შერაზადიშვილმა პრეზენტაციისას მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ სოციალურ პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2018 წელს მუნიციპალიტეტის მერიამ, პროგრამის ფარგლებში, 5500-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია დახმარება. სოციალური მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 751 200 ლარი დაიხარჯა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კულტურის, განათლების, რელიგიის, ახალგაზრდული და სპორტული კუთხით განხორციელებულ სამუშაოებზე.
2018 წლის საქმიანობის ანგარიშის დასასრულს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა 2019 წელს დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს რამდენიმეწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ეტაპობრივად, განხორციელებულ პროექტებში აისახება.