შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

10 000 დაღუპული და 300 000 დევნილი - სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა.

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 სექტემბერი 2020
1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

ოკუპირებული სოფლები და ქალაქები - 8 ათას კმ-ზე მეტი ტერიტორია, 10 ათასი დაღუპული და 300 ათასი უსახლკაროდ დარჩენილი დევნილი - ასეთია ამ ომის სტატისტიკა. ეს მხოლოდ მშრალი ციფრებია. ამ ციფრების მიღმა კი ტრაგიზმით აღსავსე ათასობით ადამიანური ისტორია დგას, რომელიც უამრავ არნახულ სისატიკეს, ცინიზმს, სისხლსა და ცრემლებს ინახავს.

ომი მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც მხარს უჭერდნენ გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი, ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, და კაზაკთა მილიციის შენაერთები.

სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.




ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს (კოდორის ხეობის გარდა).

საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.

მასალაში გამოყენებულია ბრიტანელი ფოტოგრაფების -მაიკ გოლდვოტერის , ჯონ ჯონსის და მალკოლმ ლინტონის ფოტოები.






დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია