შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერთგული ვრჩებით, დავეხმაროთ საქართველოს მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში - მაიკ პომპეო

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ნოემბერი 2020
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.
დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

" აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-ს და საქართველოს ძალიან მყარი ურთიერთობა აქვთ, რომელიც საზიარო თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე დგას. ჩვენ ერთგული ვრჩებით, დავეხმაროთ საქართველოს მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და იმაში, რომ გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები." - წერს მაიკ პომპეო Twitter-ზე.
იქამდე სანამ სახელმწიფო მდივანი თბილისიდან ტვიტერზე დაწერდა, აშშ-ის საელჩომ საქართველოში გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ "სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე".
შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა და ის ოფიცილაურ შეხვედრებს ხვალ გამართავს.
საქართველოს შემდეგ მაიკ პომპეო ისრაელს ეწვევა. მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია