სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შემოწმებაზე ჩვენი წარმომადგენელი არ ყოფილა" - სოკარ ჯორჯია გაზი ბორჯომში აფეთქებაზე

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ოქტომბერი 2022
"სოკარ ჯორჯია გაზის" განცხადებით, ბორჯომში აბონენტთან რომლის სახლშიც გუშინ საღამოს სავარაუდოდ გაზი აფეთქდა, მათი კომპანიის წარმომადგენელი შესამოწმებლად არ ყოფილა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ტელეკომპანია "ბორჯომს" განუცხადეს, რომ ლიკანში აღნიშნული მრავალბინიანი სახლის შემოწმება მათი მხრიდან დეკემბერში იყო ჩანიშნული.

მეზობლების ინფორმაციით, აფეთქებამდე, მარტოხელა ქალის ბინაზე გაზის მოწყობილობა მაგ დღეებში შემოწმდა. კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, ქალს ესაჭიროებოდა გარკვეული ნაწილის შეძენა იმისათვის, რომ გაზის დანადგარი მწყობრში მოსულიყო. თუმცა, აბონენტმა მისი შეძენა ვეღარ მოასწრო, მოგვიანებით მოხდა სავარაუდოდ გაზის აალება, რამაც გამოიწვია კორპუსში აფეთქება.

ამ ინფორმაციის საპასუხოდ, "სოკარ ჯორჯია გაზშში" გვითხრეს, რომ მათთვის უცნობია ვინ იყო ბინაზე შესამოწმებლად მისული. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიპასუხეს, რომ კომპანიაში ზარი აღნიშნული მისამართიდან, შემოწმების თხოვნით არ შესულა.

კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის მათი წარმომადგენლების კორპუსში შესვლა ვერ ხერხდება, რადგან მრავალსართულიან ბინას ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. სოკარ ჯორჯია გაზის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, კომპანია ოფიციალურ კომენტარს იქამდე ვერ გააკეთებს, სანამ გამოძიება არ დასრულდება.

"ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი არ ყოფილა შემოწმებაზე მისული აღნიშნულ აბონენტთან. ჩვენთვის უცნობია ვინ იყო მისული, რადგან კომპანიაში, აღნიშნული მისამართიდან ზარი არ შემოსულა. ამჟამად, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებისთვის შეუძლებელია კორპუსში შესვლა, რადგან მას უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა. სანამ გამოძიება არ დასრულდება და შედეგი არ იქნება ცნობილი, იქამდე ჩვენი კომპანია ვერ გააკეთებს ოფიციალურ კომენტარს" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" სატელეფონო საუბრისას, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.


შეგახსენებთ, გუშინ, 22 ოქტომბერს, ლიკანში, მრავალსართულიან სახლში სავარაუდოდ გაზის აალების შედეგად მოხდა აფეთქება. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 75 წლამდე ქალი. დაზიანებულია კორპუსის პირველი და მეორე სართულები. შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მაშველებმა შეძლეს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მცხოვრებლების ნაწილი ღამის გასათევად ბორჯომის სასტუმროებში გადაიყვანა. კორპუსს ექსპერტიზა ხვალ ჩაუტარდება. იქამდე კი პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია