შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘400-ზე მეტი ტელეფონის ნომერი ვიცი ზეპირად’– ახალციხელი გივი კაველიძე რეკორდსმენია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 მარტი 2020
‘400-ზე მეტი ტელეფონის ნომერი ვიცი ზეპირად’– ახალციხელი გივი კაველიძე რეკორდსმენია მთავარი → სიახლე, საზოგადოება 18.03.2020 72 წლისაა და მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ 400-ზე მეტი ტელეფონის ნომერი ზეპირად იცის. დამახსოვრების განსაკუთრებული მეთოდი არ აქვს, ყველაფერი თავისით ხდება. გონებაში არსებულ ბაზას ყოველდღიურად ახალ ნომერს ამატებს და არც ძველი ავიწყდება. სტატუსიც შესაფერისი აქვს - რეკორდსმენი ახალციხიდან. ტელეფონში საჭირო ნომრების ბაზა როგორ უნდა შექმნას გივი კაველიძემ არც იცის და არც სჭირდება. რიცხვების დამახსოვრების განსაკუთრებული უნარი რომ აქვს, თვითონაც უკვირს. წლების განმავლობაში ვერ ხვდებოდა, რომ მისი გონება ნაცნობ-უცნობების ტელეფონის ნომრებს, მამის სახელებს, დაბადების თარიღებსა და მანქანის ნომრებსაც კი, ავტომატურად ინახავდა. ციფრებთან მისი ამგვარი დამოკიდებულება ვარჯიშის და ზრუნვის შედეგი არ არის: „ბავშვობაში დიდად ნიჭიერი არ ვიყავი. მაშინ მანქანების ნომრები მამახსოვრდებოდა, მერე ერთი შემთხვევა მახსოვს 1975 წელს, მაშინ მძღოლად ვმუშაობდი და ძველი თბილისის ნომრები ვიცოდი ზეპირად“.იმას, რომ ნამდვილად განსაკუთრებული დამახსოვრების უნარი ჰქონდა, სამი-ოთხი წლის წინ მიხვდა, ახლობლის დაკრძალვაზე: „თბილისში ვიყავი, ბიძაშვილს მეუღლე გარდაეცვალა. სულ ნათესავები ვიყავით კაველიძეები. იქ ლაპარაკი წავიდა და 14 წლის წინანდელ უნახავი ნათესავის ნომერი გავიხსენე და დავურეკე. მერე ისე მოხდა, რომ გასვენებაში 30-40 ადამიანი იყო და აღმოჩნდა, რომ ყველას ნომერი ვიცოდი“, - იხსენებს გივი კაველიძე.ამ დღის შემდეგ, მისი ნიჭით მისივე ნათესავები დაინტერესდნენ, რეკორდების ფედერაციაც თავად მოძებნეს და გივი დააკავშირეს.„მე თავს ვიკავებდი და იქიდან სამჯერ დამირეკეს რომ ჩავსულიყავი. მერე ჩავედი და შევთავაზე, სახელები და გვარები მითხარით მე ნომრებს გეტყვით და თქვენ გადაამოწმეთ -მეთქი. მითხრეს, რაც იცი ნომრები ამობეჭდე და ჩამოიტანეო. თანამშრომელს ამოვაბეჭდინე. ბევრი დრო არ ჰქონდა და 400 ნომერი დავწერეთ, მაგრამ უფრო ბევრიც შეიძლებოდა“.საქართველოს რეკორდების ფედერაციაში 2019 წლის 1-ელ დეკემბერს „მეხსიერების ჩემპიონატი“ ჩატარდა. გივი კაველიძემ სამ წუთში 23 ნომერი დაასახელა და ეროვნული კატეგორიის რეკორდსმენი გახდა. „მოვხსენი საქართველოს რეკორდი, მომცეს სერთიფიკატიც. შემდეგ საუბარი იყო მსოფლიო ჩემპიონატზეც, მაგრამ ჩინეთში ტარდებოდა და მოგეხსენებათ ახლა რა სიტუაციაა ჩინეთშიც და მსოფლიოშიც“. ახლა 72 წლის გივი კაველიძე ახალციხის ციხის დასუფთავების სამსახურში მუშაობს. ამბობს, რომ მის საქმიანობას რიცხვებთან კავშირი არ აქვს. „მე ციხეზე ვმუშაობ და თუ ვინმემ მითხრა ნომერი, უცებ ვიმახსოვრებ, მერე ვეხმარები სხვებს. ჩაწერა როგორ ხდება ტელეფონში არ ვიცი. ზუსტად 400 ნომერი მაქვს გამოცდილი, მაგრამ უფრო მეტიც ვიცი. ვერ ვხსნი რას შეეხება ან როგორ ვიმახსოვრებ. არც ტკბილეული მიყვარს, არც წამლებს ვსვამ, 72 წლის კაცი ვარ და 70 წამლის „ტაბლეტი“ არ მაქვს მიღებული“, - ამბობს რეკორდსმენი გივი კაველიძე.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია