შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ მუშაობენ კვების ობიექტები ახალციხეში რეგულაციების შემდეგ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მარტი 2020
როგორ მუშაობენ კვების ობიექტები ახალციხეში რეგულაციების შემდეგ მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 19.03.2020 ახალციხეში კვების ობიექტების ნაწილმა, რომლებსაც ე.წ გატანის სერვისზე აქამდე არ უმუშავიათ, ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, ფუნქციონირება მთლიანად შეწყვიტა. დანარჩენები კი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ. ობიექტების მფლობელები, რომლებმაც მუშაობა შეწყვიტეს, ამბობენ რომ ახალი სერვისის შექმნა უმოკლეს დროში გაუჭირდათ, ამიტომ ზარალის მიუხედავად, მთლიანად დახურვა გადაწყვიტეს. „აქამდე არასდროს გვიმუშავია მიწოდების სერვისზე, სანამ რეგულაცია გამოცხადდებოდა, კლიენტების სიმცირის და უსაფრთხოების გამო, ისედაც ვფიქრობდით მთლიანად დაკეტვაზე, ზარალი რა თქმა უნდა დიდია, თუმცა ახლა როცა ამხელა საფრთხეა, ამაზე საუბარი არაა“, - ამბობს „ემიგრანტის“ მფლობელი. ე.წ გატანისა და ადგილზე მიწოდების სერვისი, ახალციხეში სულ რამდენიმე ობიექტს აქვს. მათ შორისაა „ნამცხვრის სახლი“, „საღიღინო“, „ოლდ ბარი“ და „კაი პონტი“. შპს „საღიღინოს“ დამფუძნებელი, დავით პარუნაშვილი ამბობს, რომ მომხმარებელს უსაფრთხო მიტანის სერვისს სთავაზობს.„დავნერგეთ უკონტაქტო მიტანის სერვისი. რაც გულისხმობს კერძის მომზადებიდან მომხმარებლამდე მიტანას უკონტაქტოდ. კერძი მომზადების შემდგომ თავსდება ერთჯერად ჭურჭელში, რომელიც თავის მხრივ თავსდება თერმულ ჩანთაში, სადაც შეხება არ აქვს კურიერს. კურიერი კერძის მიტანისას მომხმარებელთან ხსნის ჩანთას და მომხმარებელი თავად იღებს მის კერძს. ამ დროს კურიერი აღჭურვილია პირბადით და ერთჯერადი ხელთათმანებით. დავნერგეთ უკონტაკტო გადახდის სისტემაც. დღეს საუბარი არ არის მოგებაზე, დღეს საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ პროდუქცია და სახლში დარჩენილებს გადავატანინოთ არსებული მდგომარეობა, ამას გარდა რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა თანამშრომელმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, გვქონდეს როტაციები პერსონალში, რომ ყველას ერგოს რაღაც და ეს პერიოდი ყველამ უმტკივნეულოდ გადავიტანოთ“. მიტანა/გატანის მომსახურებაზე გადავიდა „ნამცხვრის სახლიც“, თუმცა კომპანიის დირექტორი, ლალი სამსონიძე ამბობს, რომ პერსონალის უსაფრთხოებისთვის 21 მარტიდან შესაძლოა მთლიანად დაიხუროს ობიექტი.„ამ დროისთვის რეგულაციების შესაბამისად ვიცავთ ყველა ნორმას, კურიერებიც და პერსონალიც აღჭურვილია პირბადეებით და ხელთათმანებით. ჰიგიენის ნორმები სამზარეულოში აქამდეც და ახლაც, მკაცრად კონტროლდება და დაცულია, თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობთ რომ მეტი პრევენციისთვის დროებით დავიხუროთ“. მიწოდების სერვისზე გადაერთო მთლიანად რესტორანი „ოლდ ბარიც“– „ადგილზე მიტანის სერვისს აქამდეც ვამუშავებდით. ახლა კი მთლიანად დავტვირთავთ. ერთი შეხედვით არ ჩანს იმხელა მოთხოვნა, რომ ამით ობიექტმა მუშაობა შეძლოს, თუმცა შევხედავთ სიტუაციას“, – ამბობს ნინო ერეკლიშვილი, ობიექტის მფლობელი.რესტორან „ტყუპებს“ მიტანის სერვისი აქვს, თუმცა მისი მენეჯერი ელზა გვირჯიშვილი ფიქრობს, გააგრძელოს თუ არა ამ მეთოდით მუშაობა: „მიტანის სერვისზე დიდი მოთხოვნა არ გვაქვს, ახლა კი ვამუშავებთ მაგრამ დიდი ალბათობით შევწყვეტთ ამასაც, ჯერ ვფიქრობთ რას, როგორ გავაკეთებთ. გვინდა თუ არ გვინდა, ასეა დღეს საჭირო. ზარალს არა უშავს, მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“. შექმნილი ვითარება შეეხო სწრაფი კვების ობიექტებსაც. თორნიკე ქურდაძე კიდევ ერთი ბიზნესოპერატორია, რომელიც მთლიანად მიწოდების სერვისზე გადაერთო.„მხოლოდ მიწოდების სერვისზე გადასვლა რა თქმა უნდა შემოსავალზე აისახება ცუდად. მაგრამ სიტუაციაა ასეთი, ასე რომ ვმუშაობთ იმისთვის რომ არსებულ სიტუაციას მაქსიმალურად მოვერგოთ და მომხმარებელიც უსაფრთხოდ იყოს,“ - ამბობს „კაი პონტის“ მფლობელი.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი კვების ობიექტებს (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) ოპერირების უფლება ეძლევათ მხოლოდ ე.წ მიწოდების სერვისების გზით.იზღუდება სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობების, კერძოდ, სასტუმროში არსებული კვების ობიექტების ფუნქციონირებაცმისაწოდებლად განკუთვნილი სურსათის მომზადებისას მკაცრად უნდა იყოს დაცული შემდეგი პირობები:▶სურსათის გაცივების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს ტემპერატურული რეჟიმები;▶პერსონალის მიერ გამოყენებული იქნეს ერთჯერადი პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი;▶ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით;▶ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია 70% სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით;▶ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;▶სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა);მომხმარებლისთვის სურსათის მიწოდებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:▶პერსონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადით და ხელთათმანით;▶სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;▶სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.რეგულაცია 17 მარტს ამოქმედდა. [რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია