შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘წინასაარჩევნო რევერანსია’ - NGO-ები საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის ინიციატივაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020
‘წინასაარჩევნო რევერანსია’ - NGO-ები საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის ინიციატივაზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 21.05.2020 ახალციხეში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე 20 ჰექტრამდე ტყის ფლობა შეეძლება, ბუნდოვანია. ისინი ვარაუდობენ, რომ ინიციატივა შესაძლოა 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება. „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი, მაკა სუდაძე თვლის, რომ კანონის მიღებამ შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეუქმნას სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ტყეების ნაწილს სათიბ-საძოვრად იყენებს. მისივე თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე განხილვა გამოიწვია, წინასაარჩევნო ინტერესებია. „პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ეს წინასაარჩევნო რევერანსია. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა ამან წარმოქმნას ტყითსარგებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან პრობლემები, იმიტომ რომ, თუნდაც ჩვენი რეგიონის მაგალითზე, ძალიან ბევრი ეკლესია სოფლის საძოვრებთან და სათიბებთანაა ახლოს, რომლებიც ტყეშიც მდებარეობს და არსებობს რისკი იმის, რომ მოსახლეობას შეეზღუდოს სარგებლობა, რამაც შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციები შექმნას“.სუდაძე ასევე არასამართლიანად მიიჩნევს, მხოლოდ ერთი რელიგიური მიმდინარეობისთვის პრივილეგიით სარგებლობას: „ასევე მთავარი კითხვის ნიშანი არის, რატომ მაინცდამაინც მართლმადიდებლურ ეკლესიას, როცა სეკულარული სახელმწიფო ვართ, სადაც სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც არიან, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში“. ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელის, ცირა მესხიშვილის აზრით პირველი, რასაც ამ საკითხის ირგვლივ პასუხი უნდა გაეცეს, კანონპროექტის მიზანია: „საერთოდ, ტყე სახელმწიფოსი უნდა იყოს და დაცული, მაგრამ ჩვენ რა ვიცით, რა გარანტია გვაქვს რომ ტყეები დაცული იქნება. მე არ მესმის არგუმენტი. პირველ რიგში ეს მაინტერესებს, რატომ არის საჭირო ამ კანონპროექტის მიღება, რა სარგებელი მოაქვს ამას ქვეყნისთვის? და კიდევ, რატომ მაინცდამაინც ახლა. ხომ შეიძლებოდა ცოტა გადაწევა ამ საკითხის და ღიად მსჯელობა გარემოსდამცველებთან, მოსახლეობასთან ერთად. მე არ ვამბობ რომ რამეს დაუშავებს ეკლესია გარემოს, თუმცა ტყე არის მთელი ქვეყნის საკუთრება და მისი დასაკუთრება არ შეიძლება“, - ამბობს მესხიშვილი.„დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი, გია ანდღულაძე ყურადღბას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ ცვლილება მხოლოდ ერთ კონფესიაზე ვრცელდება:„პირველი და ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ სხვადასხვა კონფესიები ექცევა არათანაბარ მდგომარეობაში, მაშინ როდესაც სხვა ეკლესიები ვერ ახერხებენ ელემენტარულად, მიწის დარეგისტრირებას, იმისთვის რომ სალოცავი ააშენონ. გამოდის, რომ ცალი ხელით სახელმწიფო სხვა კონფესიებს უქმნის პრობლემებს, ხოლო მეორე ხელით მართლმდადიდებლურ ეკლესიას ანიჭებს პრივილეგიებს, რაც სეკულარულ სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს“.მისივე თქმით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა საქმე სოფლის მოსახლეობასაც გაურთულდეს ტყითსარგებლობასთან დაკავშირებით.კანონპროექტის მიხედვით, რომლის ინიციატორიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, ცვლილებები იგეგმება ტყის კოდექსსა და ‘სახელმწიფო ქონების შესახებ’ საქართველოს კანონში. კონკრეტულად კი კანონპროექტით, ტყის კოდექსში მე-15 მუხლი ადგენს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ტყის გადაცემის შესაძლებლობას. ტყის კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან ერთად, ცვლილებები შევა „სახელმწიფო ქონების შესახებ კანონშიც: „საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები“, – ნათქვამია კანონპროექტში.ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა. მესამე მოსმენა კი კომიტეტის სხდომაზე 20 მაისს შედგა. კომიტეტმა ამჯერადაც მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცვლილების წინააღმდეგ არაერთი განცხადება გაავრცელეს.ასევე ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) მიმართა საქართველოს პარლამენტს არ დაუჭიროს მხარი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემის კანონპროექტს.[რობი ზარიძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია