შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მერის რესტორანში ძეობა გადაიხადეს, სადაც 100–მდე სტუმარი იმყოფებოდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ოქტომბერი 2020
ახალციხის მერის რესტორანში ძეობა გადაიხადეს, სადაც 100–მდე სტუმარი იმყოფებოდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 13.10.2020 რესტორან „ალავერდში“, რომლის 100%–იანი წილის მესაკუთრე ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძეა, აკრძალვის მიუხედავად სადღესასწაულო სუფრა გაშალეს. ადგილობრივების განცხადებით, აქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა, კობა გელაშვილმა შვილიშვილის დაბადება აღნიშნა. სადღესასწაულო სუფრა რესტორანში, პარასკევს ცხრა ოქტომბერს გაიშალა. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადგილობრივები ამბობენ, საკრებულოს დეპუტატის ძეობის სუფრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.„სამხრეთის კარიბჭე“ ადგილზე მაშინ მივიდა, როცა სტუმრების ნაწილი უკვე წასული იყო, ნაწილი კი წასასვლელად ემზადებოდა. ფოტოებში, რომლის გადაღებაც ჟურნალისტმა მოასწრო, 50–მდე სტუმარი ჩანს.„უხერხულია გოგონა, ახალციხელები ვართ და ესეთები არ გინდათ, წადით“, - გვითხრეს რესტორანში და შენობა დაგვატოვებინეს.პიროვნება, რომელიც ძეობაზე სტუმრად იყო, გვიდასტურებს, რომ რესტორნის დარბაზში 100–მდე ადამიანი იმყოფებოდა.„მე სადღაც 7 საათზე მივედი, კი გამიკვირდა ამდენი ხალხი რომ იყო, ბევრს არც ვიცნობდი, ძირითადად მამაკაცები ვიყავით. ზუსტად ესე არ დამითვლია, 80 ან 100 კაცი იქნებოდა“ - ამბობს დეპუტატის ახლობელი.რედაქცია დაუკავშირდა, დეპუტატ კობა გელაშვილს, რომელმაც ფაქტი უარყო და მობილური გაგვითიშა.ცხრა ოქტომბრის ქეიფის შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო რესტორნის მენეჯერმაც: „დაკეტილები ვართ, არაფერი ქეიფი ყოფილა, მე ცხრა ოქტომბერს სამსახურში არ ვყოფილვარ, მაგრამ რაც შეზღუდვები დაწესდა, მას შემდეგ არ გვიმუშავია“.რესტორან „ალავერდის“, იგივე „პივნოის“ 100%–იანი წილის მესაკუთრე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა მელიქიძეა, მმართველი კი თეონა ალავიძე, რომელიც მერის ნათესავია. „არ ვიცი რაზე საუბრობთ, მე არ ვყოფილვარ. რესტორანთან შეხება არ მაქვს, მე ვარ მერი და გახლავართ მერიაში“ - განაცხადა ზაზა მელიქიძემ. რედაქცია დაკავშირებას ცდილობდა თეონა ალავიძესთანაც თუმცა, იგი სახლში არ დაგვხვდა, საჯარო რეესტრში მითითებულ ნომერზე ზარი არ გავიდა.მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორებიცაა ქელეხები, იუბილეები და ქორწილები და ა.შ.კანონდარღვევის შემთხვევაში ობიექტის მფლობელი 2 000 ლარით ჯარიმდება. დააკისრეს თუ არა სანქცია რესტორანს, ჩვენთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამართალდამცავები ობიექტს იმ შემთხვევაში დააჯარიმებენ, თუ მათთან შეტყობინება 112–დან შევა.[მარიამ ბარძიმაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია