გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბანკები სოციალურ დახმარებას გვაჭრიან, 5 მცირეწლოვანი მშიერი მრჩება"-ქალბატონი თვითმკვლელობით იმუქრება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2019

ქალბატონი, რომელმაც ბანკის ვალების გამო შარშან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, ახლა 5 მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად პარლამენტის შენობასთან შიმშილობას აპირებს.  

55 წლის ზევინარ შავაძე, რომელიც ოზურგეთში, დაბა ნარუჯაში ცხოვრობს, "გურიის მოამბესთან" მის გამოუვალ მდგომარეობაზე საუბრობს, რაშიც ბანკებმა ჩააყენეს.

ქალბატონი, რომლის 10 სულიანი ოჯახი სოციალურად შეჭირვებულთა კატეგორიას მიეკუთვნება, ყოველდღიურად ბაზარში ბოსტნეულს ყიდულობდა და ყიდდა:"ახლა ამასაც ვერ ვახერხებ, ხალხში ფული არ არის და მყიდველიც არ მყავდა. გაუყიდავი ბოსტნეული მიფუჭდებოდა და ვყრიდდი, ვალები დამედო"-გვითხრა ზევინარ  შავაძემ. 

ზევინარს სამი შვილი ჰყავს, ერთი გათხოვილი გოგო და ორი ვაჟი. როგორც თავად გვითხრა, ორივე მათგანი ფიზიკურად შრომისუუნაროები არიან. ერთი აგვისტოს ომში იბრძოდა. იქ მიღებული სტრესის გამო, ფსიქიკური პრობლემები შეექმნა, მეორე ვაჟი კი ონკოლოგიური ავადმყოფია, რომლის მკურნალობისთვის ოჯახმა ბანკიდან ათი ათასობით ლარი სესხად აიღო. 5 შვილიშვილიდან ყველა არასრულწლოვანია, სამი კი მცირეწლოვანი. მეუღლე კი წლების წინ გარდაეცვალა. 

ოჯახს, ბანკმა  დავალიანების გამო საცხოვრებელი სახლი დაუყადაღა, დარჩენილი სესხის ამოღების მიზნით კი, სოციალური შემწობიდან, რომელიც მათი ერთადერთი შემოსავალია, ყოველთვიურად 350 ლარს აჭრის: "2015 წელს 14 ათასი ლარი გამოვიტანე "ლიბერთი ბანკიდან", ჩემი შვილის სამკურნალოდ. სხვა რამის გამო კი არა. ქიმიოთერაპია გავუკეთეთ რამდენჯერმე. მერე გერმანიაში გავუშვით, 33 წლის ბიჭია, უმძიმესი დაავადება აქვს, სასიკვდილოდ ხომ ვერ გავიმეტებდი? არ გვეყო ეს თანხა და მეზობლების ოქრო სხვა ბანკში დავაგირავე. ცალკე სახლიც ჩავდეთ "თიბისი" ბანკში. სამი წელი ვიხდიდით პროცენტებს, რაც გამოვიტანეთ, იმაზე მეტი შეტანილი გვაქვს, მაგრამ 8 ათასი კიდევ დაგრჩაო-მეუბნებიან.

თხილის მოსავალი რაც გვქონდა ყოველ ზაფხულს, იმას სესხებზე ვანაწილებდით. წელს 2 ტონა თხილი გადავყარეთ, ფაროსანასგან ისეთი გაფუჭებული და დამპალი იყო. ამიტომ შემექმნა პრობლემები. ყოველ თვიურად 700 ლარი გვაქვს სოციალური შემწეობა, აქედან 350 მიაქვს ბანკს. ვის არ მივმართე განცხადებით, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსაც, რომ ბავშვები მშივრები მრჩება და იქნებ გადამინაწილონ ეს თანხა ისე, რომ მინიმალურის გადახდა გვიწევდეს-მეთქი, მაგრამ უარს მეუბნებიან. 3 თვეა გაზი ჩაჭრილი მაქვს, 170 ლარი მაქვს გადასახდელი და ვერ ვიხდი. წყლის ჩასაჭრელად იყვნენ მოსულები და შევეცოდე იმ ბიჭებს, უწყლოდ როგორ დაგტოვოთ ამდენი ბავშვია სახლშიო და დრო მომცეს, დავალიანების გადასახდელად.

მეზობლების ოქროს პროცენტიც ვერ შევიტანე ბოლო თვეებში, ის რომ დამეკარგოს, ჩემს თავს ვინ ამბობს, სამი ოჯახი დაინგრევა. შარშან ვერანაირი გამოსავალი ვერ მოვიფიქრე და ვიწვავდი თავს, გადავისხი ბენზინი, მაგრამ მომისწრეს. ვერ ვუყურებ მე ჩემს შვილიშვილებს, პატარებს და ავადმყოფ შვილებს ასეთ მდგომარეობაში."-გვიყვება ქალბატონი.

იმის გამო, რომ შავაძეებს ერთადერთ შემოსავალსაც ბანკი ართმევს, საჭირო მედიკამენტების გარდა, პრობლემები აქვთ საკვები პროდუქტების შეძენის მხრივაც -"5 ბავშვი რითი უნდა გამოვკვებოთ ყოველდღიურად? ან ის მედიკამენტები რითი შევიძინო, ჩემს შვილებს რაც სჭირდებათ? უკვე არ ვიცი რა უნდა ვქნა. ყოველი დღე თენდება იმაზე ფიქრით, პატარებს რა ვაჭამოთ, წამალი რითი ვიყიდოთ. ერთ შვილისშვილს თვალებზე მკურნალობა სჭირდება და ბავშვიც ვეღარ მივიყვანე ექიმთან. მხოლოდ ღმერთის იმედად ვართ. არ ვიცი რითი ვახერხებთ არსებობას. მაშინ ვიფიქრე თავს დავიწვავ და დავისვენებ ამ ყოველდღიური ჯოჯოხეთიდან-მეთქი, გადამარჩინეს. ახლა სხვა გზა რომ არ დამიტოვეს, მოვკიდებ ჩემს ხუთ შვილისშვილს ხელს და წავალ თბილისში, დავჯდები პარლამენტის წინ და ვიშიმშილებ. იქნებ იქ მაინც მკითხოს ვინმემ, რითი დაგემაროო. სუნთქვაც მიჭირს ისეთი მძიმე მდგომარეობა მაქვს ყველა მხრიდან. იქნებ დამეხმაროთ, იქნებ თქვენ გააგებინოთ ამ ბანკებს, რომ  ფიქრს ისევ თვითმკვლელობაზე ნუ დამაწყებინებენ, თორემ ისევ გადავისხამ ბენზინს"?-გვითხრა ზევინარ შავაძემ. 

"გურიის მოამბე" ცდილობს დაუკავშირდეს იმ ბანკის წარმომადგენლებს, ვისთანაც შავაძეების ოჯახს პრობლემები აქვს და მათ კომენტარებს მიღებისთანავე გავავრცელებთ. 

 


 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია