გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ძირითადად კარტოფილზე ვართ გადასულები, ზოგი პურსაც ვერ ყიდულობს"-გურულები შიმშილის ზღვარზე

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მარტი 2019

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.3 % შეადგინა.

ბაზრებში თითქმის ყველა დასახელების პროდუქტმა რამდენიმე თეთრით მოიმატა. განსაკუთრებით გაძვირებულია პური, შაქარი ანუ ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტი. მოსახლეობა ჩივის, რომ ფასები ყოველდღიურად მატულობს.

სასურსათო პროდუქტის გარდა, გაძვირდა ბოსტნეულიც. აგრარულ ბაზარში მყიდველსაც და გამყიდველსაც ერთი პრობლემა აქვს. გაძვირებულ პროდუქტს ხალხი ვეღარ ყიდულობს. ყველაზე მეტად ინფლაციამ დაბალი სოციალური ფენა აზარალა. მოსახლეობას განსაკუთრებით ხორცის და რძის პროდუქტების შეძენა უჭირს.

რამდენად გაუძვირდათ ცხოვრება წინა წლებთან შედარებით, როგორია მათი ყოველდღიური ყოფა და კვების მენიუ?-ამ კითხვებზე "გურიის მოამბემ" ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა და რამდენიმე ოზურგეთელის აზრი მოისმინა.

ს.ჯ. - რა გვიჯდება თავის  შენახვა მოსახელობას?  ხახვი-2 ლარია, კომბოსტო ორი ლარია, 10 ლარი ქინძი და მაკიდოა...ასე ქვია, ვართ მშიერი და მწყურვალე. ჩვენ  რა  ცხოვრებაში ვართ? ასეთ ცხორებაში ამყოფა ღმერთმა, ჩვენი ასე ჩამგდები. გაძვიერებულია აბა რა  არის, წინა თვესთან შედარებითაც კი. ორი ლარი სად იყო ხახვი,  1.20 -ღირდა ძირითადად,  ხალხი  ყიდულობს კარტოფილს.  ორი თავი კარტოფილით გააკეთებ  წყალზე სუპს, უზამ მარილს და  დალევ. ესაა ჩვენი ცხოვრება.

ზ.ვ. - ძირითადად, კარტოფილს ვჭამთ. ზეთი, შაქარი, პურის ფქვილიც გაძვირებულია ყველაფერი. ხორცი მიუწვდომელია ჩვენთვის. 30 ლარი მივეცი 25 კილოიან პურის ფქვილში და არ ვარგა. მოვზილე არ ამოვიდა, უვარგისია. ქუჩაში ვართ გამოსულები და ქუჩაშიდაც  დაგვსდევენ. აქაც არ გვაჩერებენ. თვიდან თვემდე რა დაგვიჯდება თავის გატანა  მოსახლეობას, მარტო კარტოფილზე რომ იქნები, რა დაჯდება მითხარით? კომბოსტო და ხახვი ძალიან გაძვირებულია,  ერთი ვაშლია იაფი და იმ ვაშლზე ხომ ვერ იქნები მთელი დღე?დიეტაზე  ხომ არ დადგები? თუ არაფერი არ გამოკეთდა, კი ვიქნებით ასე დამშეულები.

 ნ.თ.-პირველადი დახმარების პროდუქტებს  ყიდულობენ ძირითადად; კარტოფილს, ხახვს, პურს. ყველის ყიდვა უჭირთ.  ხახვმა და კომბოსტომ უზომოდ მოიმატა  ფასი, კარტოფილი არ გაძვირებულა.  მე სოფელში  ვცხოვრობ, ჩემი ოჯახის რაციონი არის რძის პროდუქტები, ჩვენი ეზოს მოსავალი და ვწვალობთ ასე. მაგრამ,  მე რომ ოზურგეთში გაჭირვება ვნახე, გეფიცებით ყველაფერს, მსგავსი ჩემს სოფელში, ბასილეთში  არ მინახია. იქაც უჭირთ  რა თქმა უნდა ხალხს, მაგრამ ასეთი აქ  როა? ორ ფოთოლ მწვანილს რომ იყიდის  ადამიანი, იმან რა ქნას? არა აქვს მეტი საშუალება. მწვანილი  ძაან გაძვირებულია, 10 ლარია  გამხდარი და მე 8 ლარში რომ გავყიდე შემრცხვა.

 ი. ტრაპაიძე -  ძირითადი  ჩვენი საკვები არის ჩაი და პური. აი მთავრობა რომ წავა, მერე  შეიძლება დაგვადგეს რაიმე საშველი.  მანამდე არაფერი არ გვეშველება. მიტაცებულია ჩვენი ქვეყანა ერთი კაცის მიერ. ჩემს ირგვლივ არის ოჯახი, პურსაც რომ ვერ ყიდულობს. ჩვენ პურის ყიდვას ვახერხებთ, მეტს ვერაფერს.

 ნ.ხ. - იაფად რომ იყო პროდუქტი, მაშინ ვერ ყიდულობდა ხალხი  და ახლა საერთოდ... რა ქნას ხალხმა? ძირითადად,  ყიდულობენ პურს, შაქარს. ფასები მომატებულია  მაკარონებზე, ბურღულეულებზე, ფქვილმაც მოიმატა. გაჭირვებული ადამიანი რომ მოდის მას მიაქვს ნისიად. აგერ  სავსე მაქვს რვეული ნისიებით. მერე აიღებს პენსიას  და მოაკინწილებენ ორ კაპიკს, რა ქნან? დღეს  ხახვიც გაძვირებული აიღო „ოპტავოიმ“ -1.70 თეთრად და ყიდიან ორ ლარად.

 ნ.გ.- -გაძვირებულია პროდუქტები. ძირითადი მოთხოვნილებაა პური, შაქარი, კვერცხი, იაფი რაც არის.  ჩემი ოჯახის  ბიუჯეტს  ნუღარ მკითხავთ. გაჭირვებაა ძალიან, ხორცი არ მიყიდია  თვეზე  მეტია ალბათ. კარტოფილია ძირითადი მენიუ და  სახლში ქათამი მყავს, ის კვერცხს დებს და ასე. მდგომარეობა ცუდია, მაგას რათ უნდა თქმა? პენსიას 20 ლარი მოუმატეს  და არიქა, ყველაფერი გააძვირეს.

 ქ.ც. - ჩემი ოჯახის რაციონია: ლობიო, სოუზი, ბორში, ბულიონი, როგორც  გვაქვს საშუალება იმის მიხედვით.  ვაჭრობამ ძალიან  მოიკლო.  დღეებს ვწელავთ, მაღაზია დავკეტოთ  თუ არ დავკეტოთ. ძალიან ცუდი მდომარეობაა, იქედან გამომდინარე, რომ ხალხს იმის საშუალება არა აქვს გაძვირებული პროდუქტი  შეიძინოს.  მაგრამ  ახლა ფასმაც რომ დაიკლოს, ფული აღარ  არის ხალხში და მაინც ვერ  შეძლებენ ვერაფრის ყიდვას. ძირითადად  ყიდულობენ  ზეთს, ტომატს, შაქარს,  კვერცხს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ.

 ნოდარი ჭელიძე - შეძლებისდაგვარად ახერხებს მოსახლეობა ბოსტნეულის შეძენას. თითო, ორ-ორი  ცალობით ყიდულობენ ზოგჯერ. გაძვირებულია ყველაფერი და რა ეშველა  ხალხს  არ ვიცი. ახლა  რომ გაძვირეულია ყველაფერი, ამის მიხედვით ერთ ოჯახს სჭირდება 700-800 ლარი, რომ თავი  ირჩინოს. ჩემი ოჯახის  რაციონია, ლობიო, ბორში და რა ვიცი რა. ხორცზე  ზედმეტია ლაპარაკი. ვერ ვყიდულობთ  ხორცს. მე ჩემი მაღაზია მაქვს  და მე ვერ ვყიდულობ. 15 ლარი ღირს კილო  ხორცი. ძალიან გაჭირვებაა.

 მ.ფ. - ძვირფასს  არაფერს  არ ვჭამთ. არ უნდა ვღებულობდეთ სინამდვილეში ნახევრ ფაბრიკატებს, მაგრამ იძულებული ვართ. ეს არ უნდა  მოიხმაროს ბავშვიანმა ოჯახმა. რაღაცა გაყინულებით, მაცივარში შენახულებით, ბანკებში შენახული კონსერვებით იკვებება ძირითადად დაბალი ფენის ადამიანები. ძალიან გაძვირდა ბაზარი, ძაან ცუდი სიტუაციაა.  ხახვი ორ ლარზე ავიდა, კარტოფილს ნორმალურს ვერ ნახავ, დაავადებულია. ჩვენ რომ „ოპტავოი“ ფასში ვიღებთ, გვიჯდება ლარი და ლარზე მეტიც და როგორ უნდა გაყიდო? ყიდულობენ გაჭირვებით, ნახევარი კილოობით, ცალობითაც  კი. კომბოსტო 1,70-ია.  ხილიდან ერთადერთი, ღმერთს მადლობა, ვაშლია იაფი. ეს ჩვენი ქართული ნაწარმია და ეტყობა ვერ მოახერხეს ექსპორტი. შედარებით ჭამს ხალხი ვაშლს მაინც. სხვა ძვირფას  საკვებზე არაა ლაპარაკი. ხორცი შეიძლება თვეში ერთხელ ვერ ჭამოს ოჯახმა. ჩემთან, ძირიადად ყიდულობენ ბოსტნეულს, თითო ოროლა  ხახვს.  მე თვითონ არ შემიძლია ასეთ გაჭირვებულს რომ ვხედავ, თუ რამე მოგება უნდა დამრჩეს იმასაც დავუმატებ და ვაძლევ. დღეს  არ არსებობს საშუალო ფენა.  არის  უღარიბესი  და არის მაღალი ფენა. ამას თუ არ მიექცა  ყურადღება  მთლიანად გადაშენდება ერი. მირბის ხალხი, გარბის. ხალხი  ოცნებობს იმაზე, რომ ზაფხული მოვიდეს  და  წავიდეს თურქეთში.

მაყვალა ბერიძე - ძალიან გაძვირებულია ყველაფერი. ადამიანები მშიერი კვდება. არაფერი შემოსავალი არაა. სამუშაო  არაა, რომ თავი ირჩინო. რა ქნას ხალხმა, ხომ ვერ მეიპარავს?  ეს მთავრობა ჩვენ არ გვინდა.  მე ვერაფერს ვერ ვყიდულობ. ოჯახში ვჭამთ სუპებს, შავ ფხალს თუ დავრგავთ, კარტოფილს მევიყვან ეზოში  და ისაა. მეტი არაფერი არ გვაქვს. ხორცეულობა საერთოდ არა გვაქვს. ძაან გვიჭირს. მე შვილები მყავს, შვილიშვილები მყავს და  წარმეიდგინე ყველა დღე  სუპი. ამასობაში დაავადმყოფდება ეს ახალგაზრდობა, გამეიფიტება და მოკვდება და დარჩება მთავრობა მარტო. ძალიან გვიჭირს, ძალიან გაჭირდა ცხოვრება.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია