ზუგდიდში უკვე დაიდგა რამდენიმე მწვანე, ღია კონსტრუქციის,
სამგანყოფილებიანი ურნა,
სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები დახარისხების მიხედვით უნდა ჩაიყაროს.
სულ ქალაქსა და სოფლებში 25 ასეთი ყუთის განთავსება იგეგმება. 15-ის
ქალაქის, დანარჩენის კი სოფლების ტერიტორიაზე. ურნებს თან აკრავს
საინფორმაციო სტიკერები, რომლებზეც მითითებულია, თუ რომელ
განყოფილებაში უნდა მოათავსოს მოქალაქემ ლითონის, პლასტმასი-შუშას და
ქაღალდის ნარჩენი.
„ზუგდიდდასუფთავების“ დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ „ლაივპრესს“ უთხრა,
რომ უახლოეს მომავალში მთავრობის დადგენილებით, საჩუქრად
მუნიციპალიტეტს გადასცემენ 240 ურნას, დახარისხებული ნარჩენების
მოსათავსებლად. ამათგან ასი ქალაქში დაიდგმება, ამდენივე სოფლებში,
პლიუს 40 კი განმუხურსა და ანაკლიაში, სადაც განსაკუთრებით ტურისტული
სეზონის დროს ბევრი ნაგავი გროვდება. ამას გარდა, ზუგდიდი მიიღებს
ერთ, 15 კუბური მეტრის მოცულობის ნაგავმზიდს.

„ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა არსებობს. ამ გეგმით, მთლიანი
ნარჩენების დაახლოებით 30% პლასტმასის, მუყაოს ქაღალდის და ლითონის
ნაკეთობებისა უნდა შეგროვდეს და გამოცალკევდეს. მეორად გადამუშავებაზე
უნდა წავიდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნაგავი წავიდეს
ნაგავსაყრელზე. საქართველოში 21 კომპანიია, რომელიც აგროვებს ამ
ნარჩენებს და გააქვს“, - გვითხრა ნუგზარ მალაშხიამ.
მისი თქმით, უახლოეს ორ წელიწადში ნარჩენების ჩამბარებელი
ნაგავსაყრელები ნაგავს უფასოდ არ მიიღებენ, ამიტომაც მისი ინტერესი
იქნება მომავალში, რომ ნაკლები ნაგავი გაიტანონ ნაგავსაყრელზე.
„ზუგდიდდასუფთავების“ დირექტორის თქმით, მათი ამოცანაა, მოსახლეობას
მაქსიმალურად მიაწოდონ ინფორმაცია სიახლის შესახებ, რომ საქმე გვაქვს
ნარჩენებთან, რომელიც მეორადი გადამუშავებისთვის გამოიყენება.
„ვინც ამას ჩაიბარებს, რაღაცას მოსახლეობასაც გადაუხდიან. თუ ვინმე
გამოიჩენს ინიციატივას. ნარჩენების გატანაზე მერია თურქულ
კომპანიასთან ითანამშრომლებს“, - აღნიშნა მან.