ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ავსტრიელი მწერლის არტურ ფონ ზუტნერის წიგნის „კავკასიის შვილები“ თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის წარდგენა მოეწყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელოვნების მიმართულებისა და ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, ,,ქუთაისი-იუნესკოს ლიტერატურული ქალაქის"ფარგლებში.
ნაწარმოები გერმანულიდან თარგმნა ფილოსოფიის დოქტორმა, გერმანისტმა და მთარგმნელმა თამაზ გვენეტაძემ. თარგმანი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“. წიგნში შეხვდებით საქართველოსთან დაკავშირებულ აქამდე უცნობ, ისტორიულ, გეოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ ფაქტებს. „კავკასიის შვილების“ ორიგინალი 1890-1891 წლებში დრეზდენსა და ლაიფციგში გამოიცა ორ ტომად.
ღონისძიებას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
„საინტერესო ღონისძიებას დავესწარით დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ცნობილი გერმანელი მწერლის არტურ ზუტნერის წიგნის „კავკასიის შვილები“ თარგმანის პრეზენტაციას. წიგნი თარგმნა ჩვენმა თანაქალქელმა, ფილოსოფიის დოქტორმა, გერმანისტმა თამაზ გვენეტაძემ, რომელიც წლებია გერმანიაში მოღვაწეობს და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს.
არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერისა და მისი მეუღლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ბერტა ფონ ზუტნერის შემოქმედება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპა, როგორც კულტურული ფენომენი, ყოველთვის აქტუალური იყო საქართველოში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ზუტნერები მე-19 საუკუნის ბოლოს, გარკვეული პერიოდით, ქუთაისში ცხოვრობდნენ", -აღნიშნა ქუთაისის მერმა.