შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხელ მოსწავლეს, შესაძლოა, ‘გურული დღიურების’ სტიპენდია შეუწყდეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მარტი 2019
„ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, ჩემი ოჯახი არ არის სოციალურად დაუცველი და არც ფინანსურად გვიჭირს“, – ამბობს მეხუთე კლასელი ზურა ბოჭორიშვილის მამა მიშა ბოჭორიშვილი, რომელიც „სამხრეთის კარიბჭეს“ მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც სტიპენდიანტი მოსწავლის შესახებ მასალა გამოვაქვეყნეთ – „გამოჩნდა სპონსორი და ბავშვი წაახალისეს, სულ ეს არის, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ ჩვენ რამე გვიჭირს“. შეკითხვაზე, თუ შერჩეული მოსწავლე არც სოციალურად დაუცველი იყო და არც ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაშინ მას სტიპენდია რატომ დაუნიშნეს, ფონდ „გურული დღიურების“ დირექტორი ქეთი გოგავა გვპასუხობს: „ჩვენ გვყვავდა სხვა მოსწავლეებიც თუმცა, ამ ბავშვს სტიპენდია იმიტომ დავუნიშნეთ, რომ კონკრეტულად მასთან დაკავშირებით ერთ–ერთმა სპონსორმა მოგვწერა და გვთხოვა, რომ ეს ბავშვი წაგვეხალისებინა. ამ სპონსორს ვინაობის გამხელა არ სურს. ჩვენ კი არ გვქონდა უფლება უარი გვეთქვა ამაზე და ბუნებრივია, მოსწავლის სოციალური მდგომარეობა არ შეგვისწავლია. ცუდია თუ მისი ოჯახი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ჩვენ ბავშვის წახალისება გვინდოდა და ეს სხვა ბავშვებისთვისაც მაგალითი უნდა ყოფილიყო“. მისი თქმით, „ექვს თვეში, მოსწავლის მდგომარეობა გადაიხედება და არ არის გამორიცხული, რომ მას დანიშნული სტიპენდია შეუწყდეს“. ფონდმა „გურული დღიურებმა“ ახალციხის პირველი საჯარო სკოლისა და სოფელ ჩიბათის ორი მოსწავლეს, ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვიურად 100 ლარის ოდენობით სტიპენდია დაუნიშნა. ფონდში ამბობენ, რომ მათი მიზანი იმ სტუდენტებისა და მოსწავლეების დახმარებაა,რომლებიც კარგი სწავლით გამოირჩევიან, თუმცა შეჭირვებული ოჯახებიდან არიან. „ბავშვები სტიპენდიას აუცილებლად უნდა საჭიროებდნენ, სხვა შემთხვევეაში არ გაიცემა“, – აცხადებენ ფონდის ადმინისტრაციაში. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია