გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს არჩევნები კი არა - "რეალითი შოუა""

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ოქტომბერი 2018

 ნაციონალების დაბრუნებას არ ველოდები. ისინი ჩაკეტილ სისტემაში მუშაობენ.
ვთქვათ, მოვლენები ფანტასტიკური სცენარის მიხედვით განვითარდა და მათ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგეს, მერე რა?!
ისინი ამ არჩევნებს იმის გამო კი არ მოიგებენ, რომ მაღალი ნდობა აქვთ, არამედ იმიტომ მოიგებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაიკეთა ხარაკირი. ხარაკირის გარდა, სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ სიბრიყვეებს, რასაც მმართველი პარტია აკეთებს.
ასე რომ, ნაციონალებმა შეიძლება მოიგონ საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ პრეზიდენტი არ არის ხელისუფლების ცვლილება.
არც მაშინ შეიცვლება რამე, თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.
ის, რაც ახლა ხდება, აღარ არის არჩევნები. ეს არის რეალითი შოუ. ამომრჩეველს პოლიტიკურ ელიტასთან ყველა სახის კომუნიკაცია დაკარგული აქვს. ხალხს არავინ არ მოსწონს, არავინ არ აინტერესებს. არჩევნებზე ვინც წავა, წავა ერთჯერადი კონტრაქტით. ეს არ იქნება ხმის მიცემა, ეს იქნება ხმის გადაგდება სარგებლის გამო.

 გაზი გამიყვანე, ვიღაცა დამისაქმე, ამის გამო. შესაბამისად, ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მას ნორმალური, სახალხო ლეგიტიმაცია არ ექნება. ამიტომაც ეს არის რეალითი შოუ პრეზიდენტი.
გარდა იმისა, რომ გამარჯვებულ კანდიდატს სახალხო ლეგიტიმაცია არ ექნება, მას არც უფლებები აქვს. მხოლოდ დიდ სახლში იცხოვრებს. ან ქალი იქნება ის ვიღაც, ან კაცი. ჩემი აზრით, სულერთია, ვინ იქნება.
არჩევნებზე რაც არ უნდა შედეგი დაიდოს, ეს “ქართული ოცნების” დეგრადაციას ვერ შეაჩერებს. ის გაგრძელდება და 2020 წელს ფატალურად დამთავრდება.
ასე თუ გააგრძელეს და შინაგანი რესურსი არ იპოვეს,სისტემური ცვლილებისთვის, 2020 წელს მარცხისთვის არიან განწირული. მიუხედავად იმისა, რომ მათი პოლიტიკური ალტერნატივა ჯერ არ ჩანს.

ბადრის ნეიტრალიზაცია იყო მაშინდელი ხელისუფლების ამოცანა. ისინი მასში საფრთხეს ხედავდნენ. მის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი სისტემა მონაწილეობდა. დღევანდელი ხელისუფლების ყველა შტო იმ სისტემის ნამსხვრევებით არის გაჯერებული.
ამ ექვსი წლის განმავლობაში მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ ბადრი და ზურაბ ჟვანია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ ამ საქმეების გამოძიების ნება კი არა აქვთ, არამედ არჩევნების წინ ნაციონალების წინააღმდეგ კომპრომატად იყენებენ.
მე ვიტყოდი, რომ ეს არის დიდი ფარსი და ეს დღესაც გრძელდება. სოციალურ ქსელში დავწერე და აქაც ვიტყვი, რომ ფარისევლები ბადრის საფლავზე ცეკვავენ. აი, ასეთ სახეს ატარებს ეს ყველაფერი.
რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ბადრის ნეიტრალიზებით ნაციონალები, რა თქმა უნდა, დაინტერესებული იყვნენ და რაღაცებს გეგმავდნენ. ის, რომ ამ იდიოტებმა რაღაც განახორციელეს, ამისგან შორს ვარ.
ბადრი თუ მოკლულია, ის ბევრად უფრო სერიოზული ძალების მიერ არის მოკლული და არა – ამათ მიერ. ჯერ ისიც დასადგენია, რომ ის მოკლულია, მე ამაში დარწმუნებული არ ვარ.
მე ვიყავი ბოლო ადამიანი, ვინც თბილისში ბადრი ნახა. 2007 წლის 3 ნოემბერს შევხვდით ჩვენ ერთმანეთს. შეხვედრა მან მთხოვა. ამის მერე ის გაფრინდა და თბილისში აღარ დაბრუნებულა.
ეს ადამიანები რომ ბადრის ლონდონში მიწვდნენ და სკოტლანდ იარდმა ამაზე ვერაფერი გაიგო, ეს იმდენად სასაცილო თემაა, რომ მისი კომენტირებაც კი ზედმეტია. მე ყველაზე მეტად გულისამრევ ფარისევლობაზე მეშლება ნერვები.

 სანამ იქნებიან, ყოველი არჩევნების წინ გაახსენდებათ, როგორც კი არჩევნები გაივლის, ერთიც და მეორეც ყველას დაავიწყდება.
იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც დღეს ყველაზე მეტს ყვირის ბადრის საქმეზე, მისი ნეიტრალიზების თანამონაწილე იყო.
ამ საქმეს პოლიტიკური ლოგიკითაც შევხედოთ. 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის თებერვლამდე პერიოდში (ბადრი 2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა) მიშა სააკაშვილის ხელისუფლებას ბადრის ლიკვიდაცია არაფერში სჭირდებოდა. ახლავე გეტყვით, რატომაც, ბადრის ლიკვიდაციის შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებს იგებდა ლევან გაჩეჩილაძე.
მიშა სააკაშვილი არ არის ისეთი იდიოტი, რომ ამას ვერ მიმხვდარიყო. მის ინტერესებში იყო ბადრის დისკრედიტაცია და არა – ლიკვიდაცია. პატარკაციშვილის დისკრედიტაცია მათ მოახერხეს და ეს კოდუას ჩანაწერით მოახერხეს. ამ ჩანაწერის გარშემო შეთქმულების თეორია განავითარეს.
ბადრის მკვლელობას აზრი 2007 წლის 2 ნოემბრამდე ჰქონდა. ვიღაც ბრიყვები შეიძლება რაღაცებს გეგმავდნენ, მაგრამ 2 ნოემბრის შემდეგ მისი ლიკვიდაცია სააკაშვილისთვის, პოლიტიკური ლოგიკით, წამგებიანი იყო. ის ასეთ შემთხვევაში აუცილებლად წააგებდა არჩევნებს.

არჩევნების შემდეგ მის ლიკვიდაციას რაღა აზრი ჰქონდა, მიშას შედეგი უკვე მიღებული ჰქონდა, საპრეზიდენტო არჩევნები მოგებული იყო.

ბადრი პატარკაციშვილი და ზურაბ ჟვანია რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ, ამ ქვეყანაში ყველაფერი უკეთესად იქნებოდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია