ხელისუფლება პოლიციაში კორუფციას ეფექტურად ვერ ებრძვის - ამის შესახებ ევროსაბჭოს ანგარიშში არის მითითებული.
დოკუმენტში ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი“ აფასებს ცენტრალური ხელისუფლებასა და სამართალდამცველ ორგანოებში კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმებს.
ანგარიშში საუბარია მაღალი თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივი დევნისას არასაკმარის ეფექტურობაზეც. მათი თქმით, პრაქტიკაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებში ეჭვმიტანილი თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებისა და დევნის დამოუკიდებლობა და ეფექტურობა.
რაც შეეხება სამართალდამცველებს (საპატრულო პოლიცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია), რეკომენდაციაა, რომ შეიქმნას სპეციალური ანტიკორუფციული სტრატეგია.
ანგარიშის ავტორების თქმით, "კორუფციის პრევენციის მიმართულებით გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რისკის მართვის 6 ახალი მექანიზმების შექმნის პროცესშია, რომელიც ასევე გავრცელდება სამართალდამცველ უწყებებზე, ამჟამად არ არსებობს არც სპეციალური მოქმედი ანტიკორუფციული სტრატეგია პოლიციისთვის და არც კორუფციული რისკების
ყოვლისმომცველი სურათი. ამასთან, არ შეფასებულა რისკები კონკრეტულსამართალდამცველ ორგანოებში".
ევროსაბჭოს ანგარიშში საუბარია საჩუქრებთან და სხვა სარგებელთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე.
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ უნდა ჩამოყალიბდეს უფრო მკაცრი წესები საჩუქრებთან და სხვა
სარგებელთან დაკავშირებით, საჩუქრების მიღების მკაფიო ზღვრის დაწესებით, რომელიც გამოხატული იქნება ფულადი ღირებულებით და გავრცელდება ყველა PTEF-ზე.
GRECO მოუწოდებს ქვეყანას გადადგას და მიიღოს გადამწყვეტი ზომები საქართველოში კორუფციის პრევენციისთვის.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ბოლო წლებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით გამჭვირვალობამ მკვეთრად იკლო და დაფიქსირდა ინფორმაციის თავისუფლების უფლების ხშირი დარღვევა. ასევე, აშკარაა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საჯარო დოკუმენტების პროაქტიული გამოქვეყნების სიმცირე.