შოთა კოპალიანი და ია ახვლედიანი ცაგერის რაიონის სოფელ ჭალისთავში ცხოვრობენ. ევროკავშირის მხარდაჭერით, მათ მოცვის, მაყვლის ფოთლების, ცაცხვის ყვავილის, ველური კომშისა და დეკას ჩაის წარმოების განვითარება და გაზრდა მოახერხეს. რამდენიმე წელია, ევროკავშირმა პროქტი GRETA წამოიწყო, რომელიც საქართველოში მეწარმეობის ხელშეწყობისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის შეიქმნა. სწორედ ამ პროგრამამ მისცა ცოლ-ქმარს საშუალება, ოჯახის ტრადიცია შეენარჩუნებინა და ჩაის წარმოება სამოყვარულოდან სამეწარმეო საქმიანობად ექცია.
„ჩაის წარმოება დავიწყეთ 2015 წლიდან. ეს არის მცენარეული ჩაი, ე.წ. ფიტოჩაი. დამზადების ტექნოლოგია რომ მესწავლა, ამისთვის ბევრი მეჩაიე შევაწუხე, -მასწავლიდნენ. როცა რაღაც არ გამოგვდიოდა, ვცდილობდით მეორედ, მესამედ და ამ მცდელობებმა საბოლოო შედეგი გამოიღო. ისეთი ჩაი დავამზადეთ, როგორიც საქართველოში მანამდე, ფაქტობრივად, არ მზადდებოდა“, - შოთა კოპალიანი და ია ახვლედიანი იმ რთულ გზაზე გვიყვებიან, რომელიც ველური მცენარის ფოთლების შეგროვება-დამუშავებისას გამოიარეს:
„დავიწყეთ სიარული ტყეში. მაშინ ჩვენთვისაც არაფერი გვქონდა და დამატებითი ხელი რომ წაგვეყვანა სამუშაოდ, თანხებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მარტო დავდიოდით. დავიწყეთ ტყიდან ფოთლების მოტანა, მერე სახლში დამუშავება, მაგრამ საჭირო რაოდენობა მაინც ვერ მოგვქონდა, ამისთვის სპეციალური მანქანა იყო საჭირო, რადგა მცენარეები დახურულ სივრცეში ხურდება და ფუჭდება. მაინც არ ვჩერდებოდით... ვიწვალეთ... ძალიან ბევრი ვიწვალეთ ამ ყველაფრისთვის. წარმოიდგინეთ, ავდიოდით ამხელა მთაზე, წვიმა იწყებოდა, უკან ვბრუნდებოდით, რაც გვქონდა, იმის ნაწილი გვიფუჭდებოდა“, - გვიყვება ია ახვლედიანი.
ევროკავშირისგან მიღებული ფინანსური დახმარების შემდეგ, მათ საწარმოს როლერი და ოთხი საშრობი დაემატა, ასევე, დანადგარი, რომელიც ჩაის 100-150 გრამიან პაკეტებში ჩამოყრის და აფასოებს. მუყაოს ქაღალდების შესაფუთი დანადგარი კი პროდუქტს საბოლოო სახეს აძლევს. სწორედ ამ დანადგარების საშუალებით ისინი ბიო-სერთიფიცირებულ ჩაის ამზადებენ:
„მალევე მივხვდით, რომ ბუნებრივი შრობა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მცენარის ფოთლები სრული შრობის კონდიციამდე მიგვეყვანა. გზადაგზა იმდენი ფინანსური საჭიროება გვხვდებოდა, ვერ ვახერხებდით გაძღოლას. ერთ დღეს, ლეჩხუმის ადგილობრივი საკონსულტაციო ცენტრისგან გავიგეთ, რომ გამოჩნდა ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროგრამა, რომელიც მეწარმეებს ეხმარებოდა. დავწერეთ ჩვენი საჭიროებების შესახებ და დაგვაფინანსეს. შევიძინეთ 3 საშრობი დანადგარი, როლერი, საღნობი დანადგარი და ასევე ერთერთი მნიშვნელოვანია - ავტომანქანა, პიკაპი, რომელიც მაღალი გამავლობისაა. ძარაზე ფოთლებს დაუზიანებლად ვათავსებთ და არ ფუჭდება, აღარც ხურდება და დროულად ჩამოგვაქვს. ამ მანქანის საშუალებით, ძალიან გაგვიადვილდა თვითონ შეგროვების პროცესი. შემდეგ დანადგარები მოყვა ამ ამბავს, მერე ჩაის შეფუთვების ნაწილი მოყვა და ევროკავშირის მხარდაჭერით ასე ნელ-ნელა ვვითარდებით“ - შოთა კოპალიანი.
ცოლ-ქმარს მიაჩნია, რომ ადგილობრივ ბაზარზე ქართულ ჩაის იმპორტირებული პროდუქტისთვის კონკურენციის გაწევის მაღალი პოტენციალი გააჩნია:
„ხალხმა თანდათანობით დაიწყო ჩვენი ჩაით დაინტერესება, რადგან ამ ჩაის საგემოვნოს გარდა, სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. ახლა დიდი მოთხოვნაა ადგილობრივ ბაზარზე და გზადაგზა, მიზნები ჩვენც გაგვეზარდა. მეწარმეებისთვის ევროპისკენ მიმავალი გზა სწორედ ბიო პროდუქტებზე გადის, ჩვენც მივყვებით დანერგილ სტანდარტებს და ისევ ევროკავშირის დახმარებით, ბიო სერთიფიცირებულ პროდუქტებს ვაწარმოებთ. ასე რომ ვთქვათ, გზა ხსნილი გვაქვს ევროპული ბაზრისკენ და ჩვენც ნელ-ნელა მივყვებით განვითარების ამ გზას“, - ამბობს შოთა კოპალიანი.
შოთა კოპალიანი ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას მეწარმეებისთვის მხოლოდ საკუთარი საწარმოდან არ აფასებს:
„თავიდან ხალხი ჩვენში ცოტა სხვანაირად უყურებდა ყველაფერს. მიჩვეულები იყვნენ კომუნისტურ პერიოდს და იმას, მაშინ რა როგორ კეთდებოდა. ეს მარტო ჩაის დამზადებასაც არ ეხება... მოგვიანებით, ჩემ გარდა სხვა ადამიანებმაც აიღეს სამეწარმეო ინიციატივები ევროკავშირისგან, რაც ლეჩხუმს გასაძლიერებლად ნამდვილად ჭირდება. ჩვენთან, მთაში, ძალიან ჭირს დასაქმება. მხოლოდ ჩვენ 5-6 თვით ვასაქმებთ ადამიანებს სეზონურად და ამით საშუალება აქვთ ორი კაპიკი მაინც შეიტანონ ოჯახში. თუკი ბევრი მეწარმე იქნება და ბევრი მცირე საწარმო გაიხსნება, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი დასაქმდება და იქნებ ახალგაზრდები აღარ წავიდნენ, იქნებ ხალხი მთას დაუბრუნდეს და არ დაიცალოს სოფლები. ამ მიმართულებითაც თუ შევხედავთ, ევროკავშირის დახმარება ძალიან ძვირფასია მთელი ქვეყნისთვის“, - ამბობს შოთა კოპალიანი.
ევროკავშირი კვლავ განაგრძობს პროქტი GRETA-ს მეშვეობით საქართველოში მეწარმეობის ხელშეწყობასა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.