შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიზერულად, მაგრამ მოგვიმატეს – მესხეთის თეატრის მსახიობებს ხელფასი გაეზარდათ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მარტი 2019
მესხეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობებმა დაბალი ხელფასები მიმდინარე წლის თებერვალში გააპროტესტეს. ისინი ანაზღაურების გაზრდას კულტურის სამინისტროსგან ითხოვდნენ. ფინანსური პრობლემების შესახებ დასის წევრები მხარის რწმუნებულსა და ახალციხის მერთან მოლაპარაკებებს ერთი თვის განმავლობაში აწარმოებდნენ.მესხეთის თეატრის მსახიობს, მანანა ბერიძეს ხელფასი 480 ლარიდან 600 ლარამდე მოემატა: "როგორც ვიცი სხვებს ნაკლები აქვთ. ცოტაა, მაგრამ მაინც მადლობას ვამბობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მერიამ თავის დანაპირები შეასრულა".ხელფასის მატების მიუხედავად, თეატრის მსახიობი ანი ხუბუტია ამბობს, რომ მათი მოთხოვნა კულტურის სამინისტროს მიმართ, ძალაში რჩება: "ადგილობრივ მთავრობას რაც შეეძლო გააკეთა, თუმაც ეს მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდება, შემდეგ კი იგივე პრობლემა დადგება, ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო წლიდან ჩვენს ხელფასზე კულტურის სამინისტრო იზრუნებს".თებერვალში, მესხეთის თეატრის მსახიობებმა საკუთარი ანაზღაურების გარდა, ტექნიკური პერსონალის ხელფასების გადახედვის საკითხიც დააყენეს.თეატრის სადადგმო ნაწილის გამგის, ელენე კვესელავას თქმით, ხელფასების მატება თავად ტექნიკურ პერსონალს არ მოუთხოვია, თუმცა მსახიობების მოთხოვნის შედეგად ხელფასი მაინც გაეზარდათ: "ჩვენ ხმა არ ამოგვიღია, მაგრამ მსახიობების მოთხოვნის შედეგად ხელფასი 40–დან 60 ლარამდე გაგვეზარდა. მართალია ეს დიდი არაფერია, მაგრამ მადლობის მეტი რა გვეთქმის". სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ორჯონიკიძე ამბობს, რომ გარდა მომატებული ანაზღაურებისა, მსახიობებს ხელფასი გასვლითი სპექტაკლებიდან მიღებული შემოსავლებითაც გაეზრდებათ: "მართალია მსახიობებს ხელფასი მიზერულად გაეზარდათ, თუმცა ვადასტურებთ, რომ დამატებით შემოსავალს გასვლითი სპექტაკლებიდან მიიღებენ", – განმარტა ორჯონიკიძემ.თუ სად და როდის გამართავს თეატრის დასი გასვლით წარმოდგენებს, ჯერ–ჯერობით უცნობია. "სამხრეთის კარიბჭე" სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ელოდება წერილობით პასუხს, იმის შესახებ, თუ რომელ სოფლებშია წარმოდგენის გამართვისთვის შესაფერისი შენობა.2019 წელს მესხეთის თეატრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 225 000 ლარით ფინანსდება, ადგილობრივი თვითმმართველობიდან კი 50 000 ლარით.მესხეთის თეატრს შტატით 40, ხოლო ხელშეკრულებით აყვანილი რვა თანამშრომელი ჰყავს. თეატრში 16 მსახიობია.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია