„თქვენი იმედი მაქვს… გააშუქეთ.. სადღაც სოფლის თავში არსებობისთვის იბრძვიან ბავშვები..ისინი ხვალ, (ერთს ლეიკემია ჰქონია) პასუხს მოგვთხოვენ ყველას, ვინც ,,შეაწუხეს,, და პურს ვეღარ აძლევს, ვინც გაიარა და ვერ დაიმახსოვრა ეს სახეები..“ – ეს წერილი გუშინ ჩვენმა მკითხველმა მოგვწერა.
ამ დილით უმწეო მდგომარეობაში მყოფი 5 ბავშვის ისეთი სულისშემძვრელი ფოტოები გადავიღეთ, უსასოობის განცდას რომ გაგიასმაგებს.
ეს 5 წლის ანა-მარიაა. სრულიად მიტოვებული ბავშვი თავის 4 მცირეწლოვან და-ძმებთან ერთად დახმარებას ითხოვს.
მარიამი, გიორგი, დავითი, ანა-მარია, დავითი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ცხოვრობენ. უკვე რამდენიმე თვეა, ბავშვები სკოლაში არ დადიან. გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს ისიც ემატება, რომ 8 წლის დავითი ავადაა. ბავშვს პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდა და ლეიკემიის ნიშნები დადგინდა, თუმცა დაავადების მკურნალობა ამბულატორიულ პირობებში ვერ ხერხდება. რამდენიმე თვეა, ბავშვი ჯანდაცვის მომსახურებას ვერ იღებს. ავადმყოფი ბავშვი თავის და-ძმებთან ერთად უკიდურეს სიდუხჭირეში, საჭმლის, ჰიგიენისა და სოციალური დაცვის გარეშეა მიტოვებული.
ბავშვებს უკიდურეს არაადამიანურ პირობებში უწევთ ცხოვრება: სახლის ფანჯარა ჩამტვრეულია, ბავშვებს არ აქვთ ავეჯი, არც საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი. საწოლის მაგივრად ნახევრად სველ და ჭუჭყიან ლეიბებს იყენებენ. კუსტარულად დამზადებულ ღუმლიდან კვამლი გამოდის და ბავშვები მას შეისუნთქავენ.
ფოტოზე: დავითი, გიორგი და ანა-მარია.
შიმშილობის ზღვარზე მყოფ მიტოვებულ ბავშვებს საჭმლით მეზობლები ეხმარებიან. ხანდახან მოხუცებული და ავადმყოფი ბება-პაპაც, მეზობელი დასახლებიდან, თუმცა გაუსაძლისი პირობები და ანტისანეტარია, ბავშვების სიცოცხლეს საფრხეს უქმნის.
7 შვილის დედა, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს, ბავშვებთან არ ცხოვრობს. უფროსი ასაკის შვილები სოფლიდან წავიდნენ. ყველაფერთან ერთად ბავშვები ზოგადი სასკოლო განათლების მიღმაც დარჩნენ. 7 წლის მარიამი გვიამბობს, რომ სკოლაში სექტემბრის დასაწყისში, მხოლოდ 1 კვირით იარეს, მას შემდეგ სკოლაში არ დადიან.
„ ძალიან მინდა სკოლაში სიარული, მაგრამ ტანსაცმელი არ გვაქვს. დედამ დირექტორს ელაპარაკა და ჩვენ სკოლიდან გამოგვიყვანა.“ – ამბობს 8 წლის მარიამი.