როგორც "გურიის მოამბისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, დღეს ლანჩხუთის ადმინისტრაციული შენობის წინ დაკავებული ორი მამაკაციდან, ერთ ერთი ოზურგეთელი სიკო მეხუზლაა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ორი მამაკაცი ლანჩხუთში მაშინ დააკავა, როცა ისინი სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებზე გამართულ სემინარს ესწრებოდნენ.
ის, რომ ერთ-ერთი დაკავებული სოფელ გურიანთაში მცხოვრები სიკო მეხუზლაა, გვიდასტურებს სოფლის დეპუტატი, მაია ზოიძე.
მისი თქმით, მომხდარი მეხუზლას მეუღლემაც დაუდასტურა: "დღეს დილით მელაპარაკა სიკო, ფაროსანას შესაწამლ ნივთიერებებთან დაკავშირებით. ახლა მის მეუღლეს ველაპარაკე და მითხრა სიკო აიყვანესო. რატომ და რა მიზეზით ეს ნამდვილად არ ვიცი"-გვითხრა მაია ზოიძემ.
ცნობისთის, სიკო მეხუზლა ფერმერია, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარების დარგში რამდენიმე სამთავრობო ტენდერი აქვს მოგებული. ასევე ის არის მდ. ბჟუჟზე ერთ-ერთი კარიერის მფლობელი. ის ასევე კარიერებს ფლობდა კიდევ ორ სოფელში. როგორც ის რამდენიმე დღის წინ "გურიის მოამბესთან" აცხადებდა, ის უახლოეს მომავალში სოფელში მინი ჩაიუს ფაბრიკის მშენებლობას გეგმავდა. თუმცა, ჩვენთან არა ერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ მის მიმართ დევნა მიმდინარეობდა. ავიწროებდნენ მის ბიზნესს.
როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობდა, ამ უკიდურეს მდგომარეობამდე ის, მის გარშემო შექმნილმა უსამართლო გარემოებამ მიიყვანა: „მატერორებს პროკურატურა, ჩამომართვა მეუღლის კუთვნილი ავტომობილი და მიზანმიმართულად ხელს მიშლის სამეწარმეო საქმიანობაში, ერთი კონკრეტული ოჯახი მემუქრება შვილების დახოცვით და არავინ არაფერს აკეთებს ჩემს დასაცავად. პროკურატურაში განცხადებები დევს და პასუხს არავინ გვცემს“ - აცხადებდა სიკო მეხუზლა.
მისი თქმით, სახლემწიფო თავისი ინეტერესებიდან გამომდინარე აიპიარებს მცირე ბიზნესს და კერძო მეწარმეები კი, საერთოდ არ აინტერესებთ „ჩემი ბიზნესი დღეს ტერორის ქვეშაა. მაშინდელი მთავრობა ყველანაირად მავიწროვებდა, მკურნალიძეები იყვენ მაშინ გაბოგინებულები ყველგან . მაგათ გამო წავედი სახლიდან, სულ მაწიოკებდნენ და მაოხრებდნენ. ახალი ხელისუფლება მიწყობს ხელს, მაგრამ ვიღაცის ინტერესის გამო პროკურატურა ხელს მიშლის საქმიანობაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტენდერი მაქვს მოგებული - ქვიშა- ღორღით მომარაგება სოფლებში, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწვდი სამშენებლო მასალებს, სიარული ხომ მიწევს, სხვადასხვა სოფლებში, უბნებში. თვე არ გადის რომ 20 -30 კაცი ყოველდღიურად დასაქმებული არ იყოს. არავის ეს არ აინტერესებს, პირიქით, ხელს მიშლიან“ - აცხადებდა ის.
დაუდასტურებელი ინფორმაციით მეორე დაკავებული, სიკო მეხუზლას მეზობელი და მისი მოგვარეა გ. მეხუზლაა. ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ რას ედავება მას გამოძიება.
სუსის ანტიკორუფციული სამსახურის პერსცენტრში გვითხრეს, რომ მომხდარზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.