გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არის თუ არა ქართულ ხილ-ბოსტნეულში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აპრილი 2019

ქართველმა სპეციალისტებმა ნახევარ მილიონ ჰექტარზე დათესილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები გმო-ზე შეამოწმეს.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ქართული ხილ-ბოსტნეული გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს არ შეიცავს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში.

სპეციალისტები ბოსტნეულსა და ხილს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებზე (გმო) სისტემატურად ამოწმებენ. 2015 წლიდან დღემდე სპეციალისტებმა, შემთხვევითი შერჩევის გზით, ხილ-ბოსტნეულის 177 ნიმუში შეამოწმეს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 561,2 ათასი ჰექტარი მიწიდან აიღეს.

ლაბორატორიული შემოწმებისთვის აიღეს სიმინდის, ხორბლის, კარტოფილის, ნესვის, საზამთროს, იონჯას, სოიოს, ლობიოს ნიმუშები. კვლევამ აჩვენა, რომ მცენარეთა ეს სახეობები გმო-ს არ შეიცავს.

საქართველოში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან დამზადებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების იმპორტის კონტროლს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს.საქართველოში 2015 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს კანონი „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ", რომლის მიზანია მომხმარებლის ინფორმირება პროდუქტში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმის არსებობის შესახებ.

კანონი არეგულირებს ეტიკეტზე ინფორმაციის განთავსებას. კერძოდ, თუ პროდუქტში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტს შეადგენს, მაშინ ეტიკეტის ზედა მარცხენა კუთხეში უნდა ეწეროს „გმ". წარწერა ადვილად აღსაქმელი და შესამჩნევი უნდა იყოს მომხმარებლისთვის. თუ პროდუქტის ეტიკეტირება შეუძლებელია, მაშინ შესაბამისი ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული თანმდევ დოკუმენტში.

საქართველოს კანონმდებლობით, ეტიკეტირების წესის დარღვევა 5 ათასი ლარით ჯარიმდება, იმპორტიორს საშუალება ეძლევა, 30 დღის განმავლობაში გამოასწოროს შეუსაბამობა. თუ ამ ვადაში შეცდომა არ გამოსწორდება, ჯარიმა 10 ათას ლარამდე იზრდება.

დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება, ხოლო იმპორტიორი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტს შემოსავლების სამსახური გააკონტროლებს>>

გმო – გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებია. ესაა ორგანიზმები შეცვლილი გენური აპარატით. მათ გენეტიკური კოდის ხელოვნური კორექტირებით იღებენ.

ამ მიზნით ძირითადად იყენებენ ვირუსებს, ბაქტერიებს, რომელთა გენები უკვე შეცვლილია საჭირო მიმართულებით. უჯრედში დანერგვით ისინი გენურ კოდს საჭირო მხარეს ცვლიან.

საკვებ პროდუქტებში გმო-ს გამოყენების საფრთხის შესახებ მუდმივად მიმდინარეობს დებატები – ერთნი ემხრობიან გმო პროდუქტებს, ხოლო მეორენი აცხადებენ, რომ ის საშიშროებას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია