გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საჭმელს ვეღარ ვყიდულობთ, გაგვიხმება კუჭი“-გურულები დამძიმებულ ცხოვრებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აპრილი 2019

მაშინ, როდესაც ერთი წლის განმავლობაში  საქართველოს  ხელისუფლებამ რესტორნებში ბიუჯეტის ფული- 9 მილიონ  ლარამდე  დახარჯა და ეკონომიკის მინისტ რგიორგი ქობულიასთვის ეს თანხა ბევრი არაფერია, ამ დროს, საქართველოს მოსახლეობა უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს. გაძვირებული პროდუქტების, კომუნალური გადასახადების და ზოგადად გაძვირებული ცხოვრების ფონზეგურიის მოამბე" დაინტერესდა, თუ რამდენ ლარს ხარჯავს ყოველთვიურად   საშუალოდ მაცხოვრებელი  ოჯახი და რამდენი ლარი იქნებოდა საკმარისი ნორმალური არსებობისთვის, ამ კითხვით რამდენიმე ოზურგეთელს მივმართეთ და მათი შეფასებებიც მოვისმინეთ:

„ჩემი შვილი ინვალიდია, საშუალება არ გვაქვს არაფრის. ასე ქუჩაში ვზივარ და ორ კაპიკსაც ვერ ვაკეთებ. 1 500 ლარი მეყოფა ჩემს შვილებს და შვილიშვილებს, წესიერად რომ გავუმართო ხელი. ვღაფავთ სულს, რა ვქნათ?! გაგვიძვირეს ყველაფერი, საჭმელს ვეღარ ვყიდულობთ, მარტო კარტოფილი და ჩაი… ასე როდემდე გავაგრძლებთ? გაგვიხმება კუჭი“- ქალბატონმა, რომელიც  ყოველდღიურად ბაზარში ზის და მწვანილებზე ვაჭრობს, რომ მრავალსულიანი ოჯახი არჩინოს, ვინაობის გამხელა არ ისურვა. 

. დარჩია: „სისხლძარღვების შევიწროება მაქვს, პენსია 200 ლარი, ჩემს შვილს 120 და სოციალური, მაგრამ მაინც არაა საკმარისი. ჩემი პენსია ფაქტიურად წამლებში მიმდის. არადა, ჭამა ხომ გვინდა? ვეღარაფერს ვყიდულობთ. ხახვი 2 ლარი გახდა, კომბოსტო 2.70ლარი. კარტოფილი ლარ ნახევარი და რითი ვიარსებოთ? მითხარი. ძალიან გაგვიჭირდა, ჩვენი პატრონი კაცი არაა, მოგვიყარეს კაპიკები და რაც გინდა ქენი! სამსახური არ აქვთ ახალგაზრდებს და ასე კიდე ჩვენი ხნის ხალხი ინახავს ამხელა ოჯახებს.“

მარინა ზაზაძე: „თვეში შემოსავალი მაქვს 50- 100 ლარი. სოციალური მაქვს 40 ლარი, ეს რა თანხაა გენაცვალე, ვერ ხედავთ როგორ გაძვირდა ყველაფერი? ხან საერთოდ მშიერი ვარ შვილო! 300 ლარი რომ მქონდეს თვეში კი მეყოფოდა, ვიყოფინებდი. სხვის სახლში ვცხოვრობ, ღმერთმა უშველა, თხილები აქვს ეზოში, გამოვჭერით და ზამთარში მაგით გავთბით. ისე მიჭირს უპოვართა სასადილოშიც მივედი, მაგრამ უარი მითხრეს ულუფა არ გეკუთვნისო,მაღალი ქულა გაქვსო.“

დარეჯან.: „ვერაფერს ვერ ვყიდი ბებო, გაჩერდა ვაჭრობა მთლად. ოჯახში არავინ მუშაობს, მე ვუვლი 7 სულიან ოჯახს. შვილები , შვილიშვილები რომ გამოვკვებო ნორმალურად 2000 ლარიც არ მეყოფა. სკოლის მოსწავლეები მყავს. 3 შვილიშვილს ჭამა და ჩაცმა ხომ უნდათ? დასასვენებლად მაგენი ვერ დაგვყავს და წესიერად ვერ ვაჭმევთ.“

 

.ნადირიძე: „300-400 ლარი რომ გვქონდეს შემოსავალი, კიდე იცხოვრებდა ადამიანი. ყველაფერი გაძვირებულია, კარტოფილსაც ვეღარ ვიყიდით მალე. დღეს 1.50 ღირდა, არადა კარტოფილზე ვართ ოჯახების უმეტესობა. ახლა ისიც ვეღარ უნდა ვიყიდოთ ასე გამოდის. ჩემს გარშემო მეზობელი თუ ახლობელ-ნათესავი ყველა გაჭირვებულია. სტუმრად ვეღარ მივდივართ ერთმანეთთან, რაცხა ხომ უნდა მიუტანო რომ მიხვალ? ან იმანაც ხომ უნდა დაგიდოს სუფრაზე რამე? ასე ერთმანეთის სირცხვილ-ნამუსს ვინახავთ და ვკარგავთ ერთმანეთ. ცუდი დრო გვიდგას. აუცილებელია ცვლილება, თუმცა აღარც მაქვს იმედი რომ ვინმე ამ წუმპეში ჩავარდნილ ხალხს გზაზე დააყენებს.“

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია