შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" სააკაშვილის შემდეგ ბევრი არაფერი გაკეთებულა"- ზაქარეიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აპრილი 2019

ზვიად გამსახურდიას თემის წამოწევით „ოცნებამ" პრაქტიკულად ყველა უკან დასახევი გზა დაიწვა, 1 წლის შემდეგ რომ დაეწყოთ, კიდევ შეიძლებოდა დრო გაეწელათ, ახლა გამორიცხულია, 2020 წლის არჩევნებამდე შედეგი უნდა დაიდოს, აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ზუგდიდში ივანიშვილისა და "ოცნების" სხვა ლიდერების სტუმრობის კომენტირებისას. ამ და სხვა საკითხებზე "მთელი კვირა" პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

ხელისუფლება მიხვდა, რომ სამეგრელოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. სააკაშვილმა საიდან დაიწყო რევოლუცია? სამეგრელოდან. ყველას კარგად ესმის, რომ თუ სამეგრელოს მოაწონე თავი, თუ სამეგრელო შენია, ეს გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ახლა ზუგდიდში იწყება ბრძოლა 2020 წლისთვისაც და ამიტომაც ამოტივტივდა ზვიად გამსახურდიას თემაც.

სააკაშვილმა გამსახურდიას ნეშტი გადმოასვენა. ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. პოლიტიკოსებს გამსახურდია ახსენდებათ მხოლოდ თავიანთი პოზიციების გასამტკიცებლად, თორემ რამდენიმე თვის წინ გამსახურდიას ვაჟები შიშმილობდნენ პროკურატურის წინ, რათა გამოძიება არ შეწყვეტილიყო და შიმშილობის შედეგად მოახერხეს სიტუაციის რაღაცნაირად გადატეხვა. ამასობაში წამოეწიათ არჩევნები და გამოძიება გახდა მთავარი თემა. შიმშილობა რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ გამსახურდიას თემა ამ ხელისუფლებისთვის აქტუალური იყო, მაგრამ შიმშილობამ გამოააშკარავა, რომ ისინი ამაზე არც ფიქრობდნენ და მხოლოდ არჩევნებმა შეახსენეს ეს თემა. აშკარაა, რომ აქ ფარისევლობის ელემენტებია და ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თუ ამ ფარისევლობას ერთი დადებითი მაინც მოჰყვება, ისაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდება გამსახურდიას სიკვდილის გარემოებები, ეს დაფარავს ყველა ამ ფარისევლურ ნაბიჯებს. ყველა შედეგს ელოდება. წინ ორი წელია და თუ შედეგი არ დადგება, ეს ძალიან მძიმედ შემოუტრიალდებათ.

ამიტომ, ამ ვალდებულებით „ოცნებამ" პრაქტიკულად ყველა უკან დასახევი გზა დაიწვა. ეს თემა 1 წლის შემდეგ რომ დაეწყოთ, კიდევ შეიძლებოდა დრო გაეწელათ, ახლა გამორიცხულია, 2020 წლის არჩევნებამდე შედეგი უნდა დაიდოს. ასე რომ, გამსახურდიას თემით იწყება სამეგრელოს მოსახლეობის გულის მოგება. ეს აშკარაა. თუმც აქ მეორე მომენტიცაა, ახლა გამსახურდიაზე ლაპარაკის დაწყება ძალიან გვიანია და არავინ იცის, „ოცნებას" აჰყვება თუ არა ამ სპექტაკლში მოსახლეობა.

ძალიან ძნელია დააჯერო ამომრჩეველი, რომ სისხლიანი რეჟიმი ცუდი იყო, როდესაც შენ ახსენებ ამ რეჟიმის „გამპრავებელ" მოსამართლეებს. პრინციპულად არ თმობენ და როცა ასე ჩაბღაუჭებულები არიან მოსამართლეებზე, საზოგადოებამ რატომ უნდა დაიჯეროს, რომ სისხლიანი რეჟიმი ბრუნდება. მეორეც, თუ ბრუნდება, ვისი ბრალია, ვინ დააბრუნა, თუ არა „ოცნებამ"?! გარდა იმისა, რომ მთელი საზოგადოება ხედავს სასამართლოებს, მე კონფლიქტების მოგვარებაშიც ვხედავ, რომ არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის" ნარატივი დაბრუნდა, არამედ ხალხიც, სახეებიც. ძალიან მინდა „ოცნება" დავიცვა, უფრო მათ მიმართ მაქვს სიმპათიები, ვიდრე „ნაციონალების" მიმართ, მაგრამ მე თვითონ ვხედავ, როგორც სპეციალისტ-ექსპერტი, რომ კონფლიქტებში მთლიანად დაბრუნდა „ნაციონალების" ნარატივი.

ფაქტია ის, რომ ზუგდიდი ფეხზე დადგა „ნაციონალური მოძრაობის" დროს, პარკი გაკეთდა, სინათლე, მეტი სიმშვიდე დადგა, მართლა რაღაცები გაკეთდა. ვინაიდან სააკაშვილი მადლიერი იყო სამეგრელოში, მან ნამდვილად სერიოზული ინვესტიციები ჩადო ზუგდიდში, ამიტომ ამ ფონზე თუ ნახავთ განსხვავებას სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს შორის, რა თქმა უნდა, სააკაშვილის შემდეგ ბევრი არაფერი გაკეთებულა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია