"ივანიშვილის გზავნილები წლების განმავლობაში არის ერთი და იგივე - რომ "ქართული ოცნება" მუშაობს კარგად, რომ ხალხი ცხოვრობს უკეთესად, მაგრამ საზოგადოება ამას ვერ ხედავს".
ასე აფასებს ექსპერტი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარის ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემაში "პირისპირ" გავიდა.
დროდადრო მის ტექსტებში იცვლებიან ფიგურანტები ვიღაცა ემატება, ვიღაცა აკლდება, ახლა დაუმატა ხუხაშვილი ,შავგულიძე და ბესელია, მაგრამ არსებითად არაფერი ახალი არ არის, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში,ზუსტად ერთიდაიგივე კონცეპტუალური მახასიათებლებით მსჯელობს.
ივანიშვილის და მთლიანად "ქართულ ოცნებაში", არის ხოლმე ასეთი მიდგომა, ვინც არ არის "ქართულ ოცნებასთან", ის არის მისი მტერი. მსგავსი მიდგომა ჰქონდა თავის დროზე სხვა მმართველ ძალებსაც, ამიტომაც, ანალოგიურად ყოფილი პარტნიორები, უკვე აღმოჩნდნენ ივანიშვილის მტრების და მთლიანად "ქართული ოცნების" მტრების ნუსხაში.
ივანიშვილი, საბოლოო ჯამში ვერ სწავლობს იმას, რომ კონკრეტულ პირებზე ლაპარაკისაგან თავი შეიკავოს, ამ პროცესით, საზოგადოების პოზიციების ფორმირებას ვერ ახდენს და მტრებს კი, იმატებს და იმატებს ყოველდღიურად, ამიტომაც "ქართული ოცნების" ძირითადი აქტიორები კარგად იყენებენ ივანიშვილის ამ სისუსტეებს, მას ახმოვანებენ და ისიც სიამოვნებით ახმოვანებს ნეგატივს კონკრეტულ პიროვნებებზე.
მთლიანობაში, ამით ცდილობს შექმნას მათგან მტრის ხატი, მაგრამ ერთი უცნაური რამაა, ვისაც ივანიშვილი თავს ესხმის, როგორც წესი საზოგადობაში მათი რეიტინგი მაღლა იწევს. ფასს ადებს თითოეულ ადამიანს, ვისაც ის ახსენებს ,ეს ადამიანები არაფრით არ ზარალდებიან,ზარალდება ამით მხოლოდ თვითონ ივანიშვილი.
ივანიშვილის ეს ინტერვიუ შეიძლება შუალედურ არჩევნებს დავუკავშიროთ, ის უმიზეზოდ ბუნებრივია არ გამოჩნდებოდა, უახლოეს ხანებში თუ, მეორედ გამოვა, რაღაც უნდა თქვას ახალი, თუმცა, თავის დროზე მისი საჯარო კომუნიკაციები ცოტათი მეტად რაღაცის მომტანი იყო მმართველი ძალისათვის, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე, საბოლოოდ გაქარწყლდა ეს მოსაზრება და მხოლოდ კონკრეტულმა რესურსებმა გაიმარჯვეს: ეს იყო მატერიალური, ტექნიკური,სახელისუფლებო ძალაუფლებითი და ადამიანური რესურსები, ამიტომ, ივანიშვილი თუ ფიქრობს, რომ ამ გამოსვლას არჩევნების პროცესების სათავისოდ წარმართვა შეუძლია,ეს არასწორი მიდგომაა, რადგან პროცესი საერთო ჯამში რესურსებამდე მიდის.
ივანიშვილის საჯარო გამოსვლებს, თანდათან სტრატეგიული ეფექტი ეკარგება, მისი რეალური შედეგი არის ჩაფიქრებულის უკუეფექტი, რასაც ის იღებს ხოლმე."- აცხადებს გამზარდია.