შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ავადმყოფი ოთხ კაცს გაგვყავს ხელით’– რატომ არ მიდის სასწრაფოს მანქანა ექვსკომლიან დასახლებაში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 აპრილი 2019
ლარები ახალციხე–ბორჯომის ცენტრალურ გზასთან ახლოს, მტკვრის მარცხენა მხარეს მდებარეობს. დასახლება გზას მტკვარზე გადებული ვიწრო ხიდით უკავშირდება. როგორც ადგილობრივი ოთარ ხრიკაძე ამბობს, დასახლებამდე სასწრაფოს მანქანა არასდროს მიდის, მტკვრის მარჯვენა მხარეს ხიდთან ჩერდება, ექიმი ავადმყოფამდე ფეხით მიდის და თუ მას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა ადგილობრივებს ის ხიდზე ხელით გადაჰყავთ. „გვითხრეს მძიმე მანქანებია და ხიდი ვერ გაუძლებსო, არ უნდათ მანქანა დააზიანონ. ვინმე ცუდად რომ ხდება საკაცით ოთხ კაცს გაგვყავს ფეხით, პატარა დასახლებაა ზოგჯერ კაცებიც არ არიან სახლში, რომ ცუდადმყოფი მეზობლის გაყვანაში დაეხმარონ ექიმს. ამასწინათ ახალგაზრდა ბიჭი გახდა ცუდად, მძიმე წონაც აქვს, ძლივს მიიყვანეს მანქანამდე, მე მაშინ სახლში არ ვიყავი“, – ამბობს ლარებში მცხოვრები ოთარ ხრიკაძე.მისი თქმით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ზამთარშია, როცა დასახლებაში დიდი თოვლი დევს: „ ყინვასა და სიცივეშიც ფეხით მიჰყავთ ავადმყოფი. ვაპირებ ამ თემაზე ბორჯომის მერიაშიც მივიდე და დახმარება ვითხოვო“. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ადგილამდე მისვლის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, რადგან ხიდზე თავისუფლად მოძრაობენ მსუბუქი და მაღალი გამავლობის მანქანები. შეკითხვაზე, რატომ არ გადადის მანქანა ლარების დასახლებაში ხიდზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში გვიპასუხეს, რომ „ამისთვის უწყებას წერილობით უნდა მივმართოთ“. ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარებიდან პასუხს მივიღებთ, ბორჯომის მერიაში აცხადბენ, რომ ამ საკითხზე მათ სასწრაფოსთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ და „ამის შემდეგ მანქანები ხიდზე გადავლენ“. [თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია