სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მუნიციპალიტეტში, განათლების სამინისტრომ კომპიუტერი 29 წარჩინებულ მოსწავლეს გადასცა, 31–ს კი ამ დრომდე არ მიუღია.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ოქტომბერი 2018
განათლების სამინისტროში, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტიდან 60 წარჩინებული მოსწავლეა წარდგენილი. მათ შორის ახალციხის პირველი სკოლიდან 21. თუმცა, კომპიუტერი აქ ჯერ მხოლოდ 15–მა მიიღო. როგორც პირველი სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური ამბობს, ექვსმა მოსწავლემ კომპიუტერი მასწავლებლების მიერ ჟურნალებში დაშვებული ხარვეზების გამო ვერ მიიღო: „ქულების დაჯამებისას იყო პრობლემები, დაკლებული ჰქონდათ ბავშვებს, ამიტომ სამინისტრომ დაიწყო შესწავლა, შემოწმდა ჟურნალები. როდესაც სპეციალური კომისია დაასრულებს კვლევას, ეს მოსწავლეები კომპიუტერებს აუცილბელად მიიღბენ“. რომელი საგნების მასწავლებლებს მოუვიდათ შეცდომები გოგოლაური არ აკონკრეტებს, თუმცა, ამბობს, რომ ყველა მათგანს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრება. სავარაუდოდ, პედაგოგების მიერ დაშვებული შეცდომების გამო ჯერ–ჯერობით კომპიუტერის გარეშე დარჩა სოფელ აწყურის საჯარო სკოლის ორი წარჩინებული მოსწავლეც. „სამხრეთის კარიბჭე“ სკოლის დირექტორს ვერ დაუკავშირდა თუმცა, ერთ–ერთმა პედაგოგმა გვითხრა, რომ „ხარვეზებს სკოლაში განათლების სამინისტრო სწავლობს“. ახალციხის მეექვსე სკოლაში კომპიუტერი მხოლოდ ერთ მოსწავლეს უნდა მიეღო, თუმცა ვერ მიიღო. „სოციალური ქსელით გავიგე რომ ბავშვები დააჯილდოვეს. რესურსცენტრში დავრეკე და მითხრეს, რომ ჩემი შვილის საქმე ხარვეზიანია და ამიტომ ვერ დააჯილდოვეს. ვერ მითხრეს მისცემენ კომპიუტერს თუ ვერა“,–ამბობს ერთ–ერთი მოსწავლის მშობელი თეა გავაშელი. იგი სკოლიდან და რესურსცენტრიდან იმ დოკუმენტების გამოთხოვას გეგმავს, რომლებიც სამინისტროში გაიგზავნა, – „იმ შემთხვევაში თუ ბავშვს კომპიუტერს არ მისცემენ სასამართლოში ვიჩივლებ“. მეექვსე სკოლის დირექტორი გია კაპანაძე ამბობს, რომ მოსწავლის ქულებთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს: „ეტაპობრივად ხდება კომპიუტერის გადაცემა, პირველზე ვერ მოვხვდით, მეორე ეტაპზე აუცილებლად აიღებს“. კომპიუტერი ვერ მიიღო ასევე, ახალციხის მეორე სკოლაში – ერთმა, მესამე სკოლაში – რვამ და მეოთხე სკოლაში ორმა წარჩინებული მოსწავლემ. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, რომ ყველა დარჩენილი მოსწავლე კომპიუტერებს ეტაპობრივად მიიღებს: „სამინისტროში გადაგზავნილი მონაცემები მუშავდება. ერთი ნაწილი უკვე დასრულდა და გადაეცათ მოსწავლეებს, ახლა მეორე ნაწილი მუშავდება და მეორე ეტაპზე დანარჩენებიც მიიღებენ“. განათლების სამინისტრო პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ახორციელებს. კომპიუტერებს ის მეათეკლასელები იღებენ, რომლებსაც მეშვიდე, მერვედა და მეცხრე კლასები ათ ქულაზე, დამრგვალების გარეშე აქვთ დამთავრებული.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია