შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლელობურთი წელს ზემო შუხუთის გამარჯვებით დასრულდა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 აპრილი 2019

 

ლელობურთი გურიაში ზემო შუხუთის გამარჯვებით დასრულდა. ზემო შუხუთელებს თასიც გადაეცათ, რომელიც გამარჯვებულ მხარეს 1 წლის განმავლობაში რჩება.

გამარჯვებულმა მხარემ ბურთი ტრადიციულად გარდაცვლილი თანასოფლელის საფლავზე მიიტანა. გამარჯვებულების განცხადებით, მიუხედავად მეტოქის დიდი კონკურენციისა, მათ მოგება შეძლეს.  

ყოველ აღდგომას სოფელ შუხუთის მოსახლეობა ორ ნაწილად იყოფა და ერთმანეთს ტრადიციულ თამაშში, ლელობურთში ეჯიბრება.  

16-კილოგრამიანი ბურთი სოფლის ცენტრში ტრადიციულად წელსაც შეიტანეს, თოფის გასროლის შემდეგ კი თამაში დაიწყო. თამაშში ბურთი ტრადიციულად, დეკანოზმა საბა ჟღენტმა შეიტანა. 

თამაშის მიხედვით, ბურთის სასურველ მხარეს გატაცება და ღელეზე გადატანა ხდება. 

ლელობურთის თამაშის ტრადიცია ოსმალეთის იმპერიის აგრესიის ხანაში იღებს სათავეს. ლეგენდის თანახმად, იმ დროს ოსმალოთა მრავალრიცხოვანი არმია გურულების მცირე ჯარს დაუმარცხებია. თამაშიც ამ შესანიშნავი გამარჯვების აღსანიშნავად და მოსაგონრად იმართება.

ამ თამაშს ხშირად ,, უწესებო რაგბის“ უწოდებენ, თუმცა მას რამდენიმე წესი მაინც აქვს:

  • თამაშში ორი – ზემო შუხუთისა და ქვემო შუხუთის გუნდი მონაწილეობს:. მოთამაშეთა ოდენობა განსაზღვრული არ არის – რაც მეტი ადამიანი მიიღებს თამაშში მონაწილეობას, მით უკეთესია გუნდისთვის, ამით მისი გამარჯვების შანსი მხოლოდ იზრდება.
  • ლელობურთს ქვიშითა და ნახერხით დატენილი ბურთით თამაშობენ, რომელიც ღვინითაა გაჯირჯვული და რომელიც უშუალოდ თამაშის წინ შემოაქვთ ხოლმე. ბურთი 16 კილოგრამი უნდა იყოს.
  • თამაში სოფლის შუაგულში იწყება. მოთამაშეებმა ბურთი სოფლის მოპირდაპირე მხარეს ჩამავალი ორი ღელესკენ ( მათ შორის მანძილი დაახლოებით 500 მეტრია) უნდა წაიღონ. ღელეებს შორის მოქცეული არე, ეზოებიან-ბაღ-ბოსტნებიანად, სათამაშო მოედნად ითვლება.
  • როდესაც ბურთი რომელიმე ღელეს წყალს გადაკვეთს, თამაში დასრულებულად ითვლება. გამარჯვებულს კიდევ ერთი პატივი ერგება: მას ბურთი ლელოს თამაშის დროს გარდაცვლილი თანასოფლების საფლავზე მიაქვს.
  • თუკი რომელიმე მოთამაშე მძიმედ დაშავდა, სხვა მონაწილეები ხელებს მაღლა სწევენ: ეს ნიშანია, რომ თამაში უნდა შეჩერდეს და დაშავებული ხალხმრავლობას უნდა გაარიდონ. უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება და თამაში ჩერდება ხოლმე. სხვა მხრივ დაშვებულია ყველა ილეთი და მიწოლის ნებისმიერი ფორმა. ამის გამო ხშირია ტრავმები და ზოგჯერ ფატალური შემთხვევებიც ხდება. ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2015 წელს მოხდა – თამაშს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია