შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუშეთის გზის გაწმენდის მოთხოვნით ქვემო ალვანში აქცია გაიმართება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 მაისი 2019

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გაწმენდის მოთხოვნით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დღეს, 12 საათზე, აქცია გაიმართება. თუშები გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარებას ითხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ თუ გზა გვიან გაიხსნება, ტურისტების რაოდენობა შემცირდება და ამავე დროს ცხვარი თუშეთში გვიან გადავა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უწყებაში ამბობენ, რომ ყველა ღონისძიებას გაატარებენ, რათა გზა მაისის ბოლომდე გაიხსნას. მათივე ინფორმაციით, გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე ჩამოსული იყო დიდი ზომის ლოდები.

“22-ე კილომეტრზე ჩამოსული ლოდების გაწმენდა უკვე დასრულდა, ხოლო 25-ე კმ-ზე ჩამოსული დიდი ზომის ლოდების დასაშლელად საჭიროა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება.

ამ დროისთვის, სამუშაოების განსახორციელებლად ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები 3-4 დღეში დასრულდება.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ18 – კმ72 მონაკვეთი გადის რთულ კლდოვან რელიეფზე, სადაც საუღელტეხილო მონაკვეთი გზის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს, გზის სავალი ნაწილის სიგანე კი 5 მეტრამდეა, რაც ართულებს ავტოტრანსპორტის მიმოსვლას.

ამ მონაკევთის გაწმენდა რთული კლიმატური და რელიეფური პირობების გამო ზამთრის პერიოდში ვერ ხერხდება”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო გზად ითვლება.

2019 წლის 6 მარტს გზების დეპარტამენტმა ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც კომპანია “არილმა” გაიმარჯვა, თუმცა მასთან ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა. 1 მილიონ 30 000 ლარია გათვალისწინებული 2019-2020 წლებში თუშეთის გზის მოვლა-პატრონობისთვის.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა აბანოს უღელტეხილზე ზღვის დონიდან 2950 მეტრზე გადის. გზა დიდთოვლობის გამო გზა ნოემბრიდან მაისამდე ჩაკეტილია. ადგილობრივებს ზამთარში ახმეტიდან თუშეთში მოხვედრა მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შეუძლიათ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია