შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გურულები წიგნის კითხვამ გადარიაო"- მეფის რუსეთი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მაისი 2019

პირველი ბიბლიოთეკა ოზურგეთში ქალაქის თვითმმართველობამ დააარსა 1895 წლის ზაფხულში. ბიბლიოთეკა ან წიგნსაცავი, როგორც მაშინ ეძახდნენ, აღწერილი აქვს თედო სახოკიას.

ოზურგეთმა ამ მხრივ, თბილისის და ქუთაისის შემდეგ, ყველა ჩვენს დაბა ქალაქებს გაუსწრო, თვით ბათუმსა და ფოთსაც კი, რომელთაც ოზურგეთი ქონებრივად ვერც კი შეედრება. წიგნთსაცავს ერთი კარგი მოზრდილი ოთახი აქვს დათმობილი ადგილობრივ კლუბში. 

წიგნსაცავი თვითმმართველობამ ქველმოქმედთა ფულით დააარსა. იმართებოდა წარმოდგენები და სალიტერატურო საღამოები მის სასარგებლოდ. იღებდა შეწირულობას სხვადასხვა კუთხიდან ფულის ან წიგნების სახით.

XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში სამკითხველოები თითქმის ყველა სოფელში გაიხსნა. პირველი იყო აკეთში, გურიის სახალხო ბიბლიოთეკა (1893), ასევე ლანჩხუთი (1900), ჩოხატაური (1901), ხიდისთავი (1903), სუფსა (1911), ჯუმათი (1912), შემოქმედი, ამაღლება, აცანა და ლესა (1914).

1900-იანი წლების სოციალური მოძრაობის დროს მეფის რუსეთის ხელისუფლებამ ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება რაც მიიღო, გურიაში სამკითხველოების დახურვა იყო - გურულები წიგნის კითხვამ გადარიაო. მთავრობის ამ ზომამ საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო - გლეხები ქოხებში გადავიდნენ და ფიჩხის ალზე კითხულობდნენ.

ლიხაური


1912 წელს ლიხაურში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალი, რომლის ხელმძღვანელი იყო ლიხაურის ტაძრის წინამძღვარი ნესტორ კონტრიძე. საზოგადოებამ გახსნა სამკითხველო, რომელსაც 404 ქართული და 302 რუსული წიგნი ჰქონდა, გამოწერილი ჰქონდა თითქმის ყველა ქართული და რუსული გაზეთი. სამკითხველო 790 ადამიანს ემსახურებოდა. 1918 წელს ოსმალების შემოსევისდროს განადგურდა ლიხაურის სამკითხველო. არ გადარჩა არცერთი წიგნი და ავეჯი. ამის გამო 1919 წლის 10 მაისს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ლიხაურში 500 მანეთის წიგნები გაგზავნა. 1920 წელს ლიხაურში გაუქმდა საზოგადოების ფილიალი, სამკითხველოს ხარჯების გაღება მთლიანად თემმა იკისრა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია