სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ ისარგებლებს უნივერსიტეტში სტუდენტური შეღავათებითა და წახალისებით

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მაისი 2019
შინაგანაწესი წარმომადგენლობით საბჭოზე უკვე დაამტკიცეს. ახალი რედაქციით წახალისება ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლასა და სამეცნიერო კვლევებში მიაღწიეს წარმატებას და აქტიურად არიან ჩართულები უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.წახალისების ერთ–ერთი ფორმა მადლობის გამოცხადებაა, რისი უფლებაც ფაკულტეტის დეკანებსა და უნივერსიტეტის რექტორს ექნება. ასევე შესაძლებელია წახალისების მიზნით, უნივერსიტეტმა ფულადი ჯილდო ან ფასიანი საჩუქარი გადასცეს სტუდენტებს, ან ადრე შეფარდებული დისციპლინური სახდელი ვადამდე მოუხსნას.წარმატებულ სტუდენტებს რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობისათვის მგზავრობის თანხა სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ, ასევე უნივერსიტეტი სტუდენტებს დაეხმარება საერთაშორისო ჟურნალებში სამეცნიერო სტატიებისა და მეცნიერული კვლევების შედეგების გამოქვეყნებაში.„ჩვენ დავუჭერთ მხარს სამეცნიერო გამოცემაში სტუდენტის ნაშრომის გამოქვეყნებას, რაც ნიშნავს, რომ მათ მიემაგრება პროფესორი, რომელიც გაუწევს კონსულტაციას სტატიის მომზადებაში. საუბარია უახლოეს სამეცნიერო სტანდარტებზე. ა ფინანსური დახმარება იმ შემთხვევაში გაეწევა, თუ ჟურნალში გაგზავნილ სტატიის დასაბეჭდად მარტო ფინანსური ბარიერი იარსებებს“,– გვითხრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ და დაამატა, რომ ფინანსური დახმარება 1 000 დოლარის ექვივალენტური იქნება.სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწავლის საფასურის გადახდის მათზე მორგებული, ინდივიდუალური განრიგი შექმნან. გარკვეული კატეგორია კი ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლდება.„სწავლის გადასახადისგან გათავისუფლდება სტუდენტი, რომელიც არის ავად და მისი მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ან ობოლია, ან არის სოციალურად დაუცველი, ან მრავალშვილიანი ოჯახიდან, გარდა ამისა, უნივერსიტეტის სახელით აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ გამართულ ღონისძიებებში“– წერია შინაგანაწესში.სწავლის გადასახადიდან გათავისუფლდება ის სტუდენტი, რომელიც ჩამოთვლილთაგან სამ კატეგორიას დააკმაყოფილებს.საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვერიკო მოდებაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება შინაგანაწესის სტუდენტებისათვის გაცნობა და შეხვედრაზე დასმული საკითხებიდან გამომდინარე შეიძლება ამოიღონ ან სხვა რედაქციით ჩამოყალიბდეს სხვადასხვა მუხლი.„რეალურად უნივერსიტეტში ეს მექანიზმები მუშაობდა, მაგრამ წესად არსად არ ეწერა, ფაკულტეტის ინიციატივების დონეზე რეგულირდებოდა, ახლა უკვე საკანონმდებლო სივრცეში მოექცა“,– განმარტა უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია