გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ოცნება ოცნებად გვრჩება ქართველ ხალხს“-რა აწუხებთ გურულებს?

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 მაისი 2019

 გურიაში, ისევე როგორც მთელს საქართველოში 2 ათეულ წელზე მეტია ხალხს ყველაზე მეტად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ. წლობით მოუგვარებელი პრობლემებიდან გამომდინარე, ადამიანებს მოთხოვნები იგივე რჩებათ, არც იმედს კარგავენ, თუმცა, რა ოცნებები აქვთ მაგალითად გურულებს, ამ კითხვით „გურიის მოამბე“ დაინტერესდა და რამდენიმე ადგილობრივის აზრი მოისმინა:

თ.ბ. - ვოცნებობ, რომ ნორმალურად ვიყოთ. გვქონდეს ბავშვებისთვის, საჭმელი სასმელი და ფული. ამ დღეში არ ვიყოთ ახლა რომ ვართ. მე გლეხმა კაცმა სხვა რაზე უნდა ვიოცნებო. მილიონებს ვერ ვიშოვი მე.

რუსუდან რამიშვილი - მინდა კაი ცხოვრება. რაღაცა საარსებო მაინც რომ გვქონდეს და მშიერი არ მოვკვდე, იმის მეშინია. მარინა ზაზაძე -ვოცნებობ, რომ სამსახური მქონდეს და ხელფასი მქონდეს, ასე ქუჩაში რომ არ ვიჯდე. მეტი არაფერზე აღარ ვოცნებობ.

მ.ფ. -სუფთა წყალზე და ნორმალურ საჭმელზე ვოცნებობ. ვოცნებობ, რომ იყოს მშვიდობა, ხვავი, ბარაქა, დოვლათი, ერთმანეთის გატანა. ერთმანეთის სიყვარული, სითბო, მეგობრობა, როგორც იყო წლების უკან. ახლა ძალიან გაყინულია ადამიანების ურთიერთობა.

ლალი ბერაძე - მშვიდობასა  და ქვეყნის სიმრთელეზე. ღვთის წყალობა არ მოგვშლოდეს.

კ. ტრაპაიძე - ივანიშვილის წასვლაზე, რადგან ქვეყანა წარიმართოს ნორმალურად და მთელი ქვეყანა მთლად არ ჩევიდეთ ჭაობში, რომ არ გადავშენდეთ ქართული ერი.

ლერი ჩხაიძე - ვოცნებობ წამლის ფასის დაკლებაზე, პურის ფასის დაკლებაზე.

ზ.ვ. - მე ჯანმრთელობაზე, ოჯახის პირობების გაუმჯობესებაზე, შვილებზე და შვილიშვილებზე, აბა ჩასაცმელზე ვინღა ოცნებობს? კი ჩაიცმევ რაცხას.

ნ.უ. – ფულზე ვოცნებობ, მეტი არაფერზე.

ვლადიმერ ჟვანია - შვილებზე.

თ.ნ. - ვოცნებობ კაი ცხოვრებაზე, კაი მთავრობა გვყავდეს, რომ ცოტა შეღავათი ვნახოთ და ქუჩაში არ ვიყოთ დამდგარი.

თ.ქ. - ვოცნებობ, საქართველო რომ დაწყვეს, ნორმალური ცხოვრება რომ იყოს და მთავრობა შეიცვალოს და ვიყოთ ისე , როგორც ადრე ვცხოვრობდით.

სოსო ღლონტი - მე ორ ადგილზე ვმუშაობ და მაინც არ მყოფნის. მაგაზე ვფიქრობ სულ, რომ ბანკის ვალი გადევიხადო.

მ.ნ. - დალაგებულ სიტუაციაზე. ელემენტარულ სარსებო წყაროზე. თვითონ რომ მილიონები აქვთ და ჩვენ 4 ლარი უნდა გვეყოს ამაზე . საიდან დააგროვეს ამდენი, 4 ლარიდან დანაზოგით ნეტა? ოცნება ოცნებად გვრჩება ქართველ ხალხს.

ლ.თ. - კარგად ყოფნაზე და ჯანმრთელობაზე. მეტი რაზე უნდა ვიოცნებო დღეს?

ნანული ხურციძე - ჩემი ოცნებაა უკეთესი ფინანსური მდგომარეობა.

ზოია გობრონიძე - ჯანმრთელობაზე. მე თუ მოვკვდები იმათ არაფერი არ მოაკლდება, მაგრამ ვოცნებობ მშვიდობაზე, სიმართლეზე, კანონზე. იმ ბავშვების მკვლელები, რომ ვერ ნახეს და დღეს, ახალგზრდებმა რომ თქვეს- მოხუცები კრიმინალები არისო, ამაზე ქედს ვიხრი, თუ მოხუცები კრიმინალები ვართ , ხომ არიან დღეს ახალგაზრდები, ამდენი მიწა-წყალი ვის დაუთმეს, რომ გაიქცნენ ზოგი სად და ზოგი სად? უპატრონოდ დატოვეს საქართველო და ჩააბარე სხვებს ხელში. გასაყიდი გეიყიდა, მისათვისებელი მიითვისეს, გასაჩუქებელი გააჩუქეს. თუ მაგრები არიენ ჩამოვიდნენ და გაუძღვენ, როგორც ჩვენმა წინაპარებმა გაუძღვენ წინ ქვეყანას მშვიდობიანი, კეთილი, თავისუფალი, პატიოსანი, სიყვარულით სავსე გზით. იბრძოლონ მათ და გაიმარჯვონ და დაიბრუნონ მიწები. და კიდე რაც მთავარია, ავადმყოფებს მიხედონ, გააუმჯობესონ მედიცინა, რომ ჯანმრთელი იყოს ხალხი, რომ ეგება იბრძოლონ და რამეს მიაღწიონ.

ნათია მუჯირი - მშვიდობა იყოს, ურთიერთგაგება, ფაბრიკა-ქარხნები აშენებულიყოს და ახალგაზრდები დასაქმდეს. კარგი ცხოვრება ყოფილიყოს ჩვენს შემდეგ.

მანანა ჯორბენაძე - პირველ რიგში ვოცნებობ, რომ ვიყოთ ჯანმრთელად, ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრება, თავისუფლება, დემოკრატია, ნურასდროს ნუ მოვექცევით სხვისი გავლენის ქვეშ და ნუ ვიქნებით ისეთ სტრესულ სიტუაციაში, როგორსაც აყენებს ეს მთავრობა არჩევნების დროს. მინდა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. ხალხს მიეცეს შრომისა და დასაქმების უფლება. გვიყვარდეს ერთმანეთი.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია