სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი–როგორ ხვდება სეზონს კურორტი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 მაისი 2019
კურორტს ყველაზე მეტი დამსვენებელი მაისსა და ივნისში სტუმრობს. ადგილობრივი ზაურ სახელაშვილი ფიქრობს, რომ დამსვენებლების ჩამოსვლას, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სამშენებლო პროცესები შეაფერხებს.„კურორტი მტვერშია გახვეული მშენებლობების გამო, ქუჩაში დიდი სატვირთო მანქანები მოძრაობენ. ჩვენ გვიჭირს გარეთ გამოსვლა და დამსვენებლებმა რა უნდა ქნან“, – ამბობს ზაურ სახელაშვილი.სახელაშვილის მსგავსად ფიქრობს ადგილობრივი რუსლან ასლანოვიც: „აბასთუმანში დამსვენებელზე მეტი მშენებლობებისთვის ჩამოსული მუშებია“.თბილისელი ნელი დარასელი აბასთუმანში რამდენიმე დღეა ისვენებს, ამბობს, რომ მტვერი და მოუწყობელი ინფრასტრუქტურა აწუხებს, თუმცა იმედოვნებს, რომ მომავალ წელს კურორტზე გაცილებით უკეთესი პირობები იქნება.„მშენებლობაა და ამ მხრივ ცოტა დისკომფორტი გვექმნება, თუმცა იმედია მომავალ წელს განახლებულ აბასთუმანში ჩამოვალთ. ძირითადად პარკში ვსეირნობთ და პრობლემა ის არის რომ ნაგვის ურნები ძალიან ცოტა დგას, თუ კიდევ დაამატებენ უფრო კარგი იქნება“,–ამბობს დამსვენებელი ნელი დარასელი.წელს პირველად ტურისტული სეზონი აბასთუმანში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. 15 მაისს კურორტის ცენტრალურ პარკ „როშაში“ გამართულ ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად, ადიგენის და რეგიონის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.„15 მაისი დაწესდება აბასთუმანში ტურისტული სეზონის გახსნის დღედ. ვფიქრობ, რომ სეზონის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება კურორტისთვის, რადგან ეს ერთ–ერთი გამორჩეული ადგილია ტურისტების“,– ამბობს ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე.მისი თქმით, აბასთუმანი ძალიან მალე ყველასთვის მიმზიდველი კურორტი გახდება. რაც შეეხება კურორტის ცენტრალურ პარკს გვპასუხობს: „ჩვენ გვქონდა წელს ამ პარკის რეაბილიტაცია–განახლებაზე გარკვეული გეგმები, მაგრამ რადგან მუნიციპალური განვითარების ფონდმა „როშის“ პარკის რეაბილიტაცია აბასთუმნის გრძელვადიანი განვითარების გეგმაში ჩაისვა, გადავწყვიტეთ ასპარეზი მათთვის დაგვეთმო“.აბასთუმანში ერთი ღამით ბინის დაქირავება 30–დან 100 ლარამდეა. განსხვავებული ფასებია სასტუმროებში, მაგალითად „აბასთუმანი რეზიდენსში“ ერთი ნომრის ფასი 190–300 ლარია.აბასთუმანში, კურორტის ცენტრალურ ქუჩაზე 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. გარდა ამისა მიმდინარეობს სასტუმროების მშენებლობაც. [ლუბა გიორგაძე,ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია