დავით გარეჯი არის საქართველოს ისტორიის, კულტურის და სულიერების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ თითოეული გაუაზრებელი განცხადება, "ურა“, მჯიღის ცემა", რომელიც დავით გარეჯის პრობლემის გადაწყვეტას და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ მეგობრულ ურთიერთობებს აზიანებს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სახლმწიფო ინტერესებს - განაცხადა „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე პროცესების შეფასებისას
"ეს პირველ რიგში ეხება ზურაბიშვილს, რომელიც , რასაც მიეკარა ყველაფერი გააფუჭა და დააზიანა. გამოსავალი არის ერთი: საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული პარტნიორული, მეგობრული, ძმური ურთიერთობების გათვალისწინებით დავიწყოთ საქმიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკება და ამ გზით გადავჭრათ ის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ნაღმად არის ჩადებული საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობას შორის",-აცხადებს დავით ბაქრაძე.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის მზადაა მოლაპარაკებებში შუამავალი იყოს, ბაქრაძე ვერ ხედავს პრობლემას, რომ ნებისმიერი ადამიანის რესურსი იქნას გამოყენებული.
"დავით გარეჯი არ არის ოფიციალური თემა. დავით გარეჯი არის საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, კულტურისთვის, ისტორიისთვის, სულიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ნებისმიერი ადამიანის ჩართულობა , რომელსაც გააჩნია რესურსი , რომ დადებითი როლი შეასრულოს ამ პროცესში, იქნება პოზიტიური, არამხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის , არამედ დღეს მოქმედი დეპუტატების, კულტურის მოღვაწეების მხრიდანაც. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, იმაზე, რომ აზერბაიჯანის მხარესთან ჩვენი ტრადიციული, კეთილმეზობლური ურთიერთობები გამოვიყენოთ და მოვაგვაროთ და მოვაწესრიგოთ ეს პრობლემა",-აცხადებს დავით ბაქრაძე.