სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტურცხის მოსახლეობა – ვხსნით ხარაჩოებს, კანონს არ გადავუდგებით

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 მაისი 2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხში, მოსახლეობის მიერ თვითნებურად დაწყებული ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციისათვის მოწყობილ რკინის ხარაჩოებს ხსნიან. „ტაძრის სახურავს შეკეთება სჭირდება. მტვერი ჩამოდის, წვიმაც, თოვლიც, თუმცა ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ. გვითხრეს შეაჩერეთ არ არის ნებადართულიო და ჩვენც შევაჩერეთ მუშაობა. დაველოდებით ნებართვას. რა პასუხიც მოგვივა შესაბამისად მოვიქცევით“, – გვითხრა ადგილობრივმა პეტრე აკოფიანმა. მოსახლეობა ამბობს, რომ ფული თავად შეაგროვეს, ასევე, სოფლიდან რუსეთში წასული ადგილობრივებიც დაეხმარნენ და შეძლეს გარკვეული თანხის შეგროვება, რაც ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. „ფული არის, მაგრამ დოკუმენტაცია სამუშაოებზე არ გვქონდა. ვხსნით ხარაჩოებს. კანონს არ გადავუდგებით“, – ასეთია მოსახლეობის განწყობა.ტურცხის ტაძრის წინამძღვარი ანდრეი იანიცკი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას შეცდომას უწოდებს: „ეს იყო ჩვენი შეცდომა, თვითნებურად დავიწყეთ სახურავის გაკეთება. გაგვაფრთხილეს და ჩვენც შევწყვიტეთ სამუშაოები“.ძეგლთა დაცვის სააგენტოს განცხადებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტურცხში XIX საუკუნის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, სომხური კათოლიკური ეკლესიის სახურავის რეაბილიტაცია ადგილობრივებმა ისე დაიწყეს, რომ სააგენტოსთვის თანხმობა არ უთხოვიათ. უნებართვო სამუშაოები მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების გაფრთხილების შემდეგ, 16 მაისს შეჩერდა. 28 მაისს ტაძარზე რკინის ხარაჩოების მოხსნა დაიწყეს.სომხური კათოლიკური ეკლესია სოფლის შუაგულში მდებარეობს. სიმწვანე და ყვავილები აქ თვალში აუცილებლად მოგხვდება. ეზო მოვლილია, ყველაფერს მზრუნველი ხელი ემჩნევა. ტაძარი მოქმედია და როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს დაახლოებით სამასკომლიანი სოფელი ეკლესიის მრევლია. [გულო კოხოძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია