სამცხე-ჯავახეთი
ახალციხეში, სალომე ზურაბიშვილის ბანერი ბილბორდიდან ჯერ მოხსნეს, გვიან ღამით კი ტექნიკურ ჯგუფს უკან დააბრუნებინეს. ეს მას შემდეგ, რაც ბანერთან დაკავშრებით პოლიციაში შეტყობინება შევიდა.
პოლიტიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
03 ნოემბერი 2018
2 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ბანერი, რომელიც ახალციხე – თბილისის საავტომობილო გზაზე, ქალაქის შესასვლელში მდგარ ბილბორდზე იყო გაკრული, ჩამოხსნეს. ფაქტი ადგილობრივებმა ქურდობას დაუკავშირეს და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ადგილზე მისულ სამართალდაცველებს დანაშაულის ნიშნები არ აღმოუჩენიათ – "შემოგვივიდა შეტყობინება, რომ შესაძლოა ბანერის დაზიანებას ჰქონდეს ადგილი. გარკვევის მიზნით, გავიდნენ ადგილზე, არანაირ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა საქმე. ეს იყო სარეკლამო კომპანიის კომერციული თემა და შესაბამისად, სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია". ჩამოხსნიდან დაახლოებით სამ საათში, ბილბორდზე სალომე ზურაბიშვილის ბანერი ისევ დაკიდეს. "სამხრეთის კარიბჭეს" ადგილზე შპს "ალმას" ტექნიკური ჯგუფი დახვდა. თანამშრომლები ბანერს სიბნელეში აკრავდნენ: "ჯერ გვითხრეს ჩამოხსენითო, ახლა უკან გვაკიდინებენ. ღამეა და ვერაფერს ვხედავათ, მაგრამ მაინც უნდა დავკიდოთ. დილით მოვალთ და გავასწორებთ". "ქართული ოცნების" ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე ამბობს, რომ გუშინ, 2 ნოემბერს ახალციხეში ძლიერი ქარი იყო და ბანერი დააზიანა, ამიტომ მისი ჩამოხსნა და ახლით ჩანაცვლება გახდა საჭირო. "ძლიერი ქარი იყო გუშინ, დაიხა ფაქტობრივად ბანერი და შემდგომ მოხდა ახალი ბანერის გაკეთება. ცენტრალურმა ოფისმა გამოაგზავნა, დააბეჭდინა ახალი ბანერი და დღეს დილით უკვე განთავსებული იყო", – აცხადებს გიორგი გვარამაძე.ახალციხეში არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის იფორმაციით, გუშინ, 2 ნოემბერს ახალციხეში ყველაზე მძლავრი ქარი 8 მ/წმ–ში დაფიქსირდა, რომელიც ძლიერი არ არის.სალომე ზურაბიშვილის ცენტრალურ შტაბში განმარატვენ, რომ ბანერის ჩამოხსნასთან დაკავშირებით, "პროგრამულად, ტექნიკური შეცდომა მოუვიდა" შპს "ალმას", რომელიც პასუხისმგებელია სარეკლამო მომსახურებაზე. ამასვეს ადასტურებს, შპს "ალმას" გენერალური დირექტორი გიორგი ტრაპაიძეც. მისი თქმით, ბანერის ჩამოხსნის მიზეზი არა დაზიანება, არამედ ტექნიკურ ჯგუფის შეცდომა გახდა, რომელმაც ბანერი ბილბორდიდან დროზე ადრე ჩამოხსნა: "მექანიკურად მოხდა შეცდომა, ჩვენი ტექნიკური გუნდის მიერ, ეს ჩვენი შიდა საკადრო შეცდომა იყო".მისივე განარტებით, ბილბორდზე რამდენიმე საათის შემდეგ, იგივე ბანერი დაიკიდა და არა ახალი.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]