მთავრობის განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს თანხა გამოეყო, რომელიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორცილებას მოხმარდება. ამასთან დაკავშირებით დღეს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილება შევა, რომლის მიხედვითაც ჯურუყვეთის ადმინისტაციული შენობის რეაბილიტაციისთვის, მთავრობის განკარგულებით, 110000 ლარი გამოიყო. ასევე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 499402 ლარი, თანადაფინანსება შეადგენს 37591 ლარს, სულ პროექტების ღირებულება -536993 ლარს, რომელიც მიიმართება ქალაქ ლანჩხუთში შიდა გზებზე რკინა -ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების დასაფინანსებლად.
ცვლილების მიხედვით, ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყობა რკინა- ბეტონის სანიაღვრე არხები (895754 ლარი), მამათის, ჩიბათის, მაჩხვარეთის, აცანის, შუხუთის, ღრმაღელის, გვიმბალაურის, ჩოჩხათისა და ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება (957874 ლარი), ბავშვთა საფეხბურთო სკოლის ეზოს ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება (1036231 ლარი).
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილების შედეგად დარჩენილი ეკონომიიდან 52795 ლარი მიიმართება სოფელ გვიმბალაურში საჭიდაო დარბაზის სახურავისა და გარე ფასადის შეკეთებაზე და 22438 ლარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის დასაფინანსებლად.
ბიუჯეტში ამ და სხვა ცვლილებების განხორციელებას საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.