შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივლისიდან სალომბარდე ბიზნესს ახალი რეგულაციები ექნება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ივნისი 2019

სალომბარდე ბიზნესს ეროვნული ბანკი კიდევ ერთ, ახალ რეგულაციას უწესებს. ცვლილება 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება და მათ ბანკებიდან ფინანსური რესურსების აღება გაურთულდება. სებ-ში ამტკიცებენ, რომ ეს მომხმარებლის უფლებების დასაცავად კეთდება. სფეროს სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ცვლილებათა შედეგად ლომბარდები მიკროსაფინანსოებს გაუთანაბრდებიან. 

1-ლი ივლისიდან სესხის გამცემი სუბიექტებისათვის (ლომბარდი) კიდევ ერთი ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, მათ ბანკებიდან ფინანსური რესურსების აღება გაურთულდებათ. ცვლილება შედის `სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ კანონში. კერძოდ, სესხის გამცემ სუბიექტს ეკრძალება გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. 

ასევე, სესხის გამცემ სუბიექტს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც.

რატომ გახდა აუცილებელი ეროვნული ბანკის მხრიდან მსგავსი რეგულაციის დაწესება? როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, ეს არ ნიშნავს რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. 

„აღნიშნული ცვლილების ძირითად მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რამეთუ დაგირავებული ქონების გადაგირავება არსებითად ზრდიდა აღნიშნული ქონების დაკარგვის რისკს და აჭიანურებდა სესხის გადახდის შემდეგ ქონების დაბრუნების პროცესს, - განუცხადეს "კომერსანტს" ეროვნულ ბანკში. 

"რეზონანსი" დაინტერესდა რას ფიქრობენ ახალ რეგულაციეაზე ლომბარდები, თუმცა მათ წარმომადგენლებს ღიად პოზიციის დაფიქსირება არ სურთ, პირად საუბრებში კი სებ-ის პოზიციას არ ეთანხემბიან და ამბობენ, რომ ბაზარზე მხოლოდ მსხვილი ბიზნესი დარჩება, ისიც შეზღუდული აქტივებით. 

სალომბარდე ბიზნესის რეგულირება რომ აუცილებელია, ადასტურებს ფინანსისტი დავით წიქარიძე, თუმცა ახალი ნორმები ვერ იქნება დადებითი ეფექტის მომტანი, როცა ფულზე მოთხოვნა კვლავ დიდია, მიწოდების გზები კი უფრო და უფრო მეტად იზღუდება. 

"ბოლო წლებში თბილისი, ლომბარდების ქალაქად იქცა და ქუჩაში ერთი ჩავლაც კი საკმარისია იმის დასანახად, თუ რამდენად არაბუნებრივად დიდია მათი რიცხვი. მე, რა თქმა უნდა, მათი არსებობის წინაააღდეგი არ ვარ, თუმცა ეს დერეგულირებული, თავის ნებაზე მიშვებული ბიზნესი არ შეიძლება. ამ რეგულაციებს თავისთავად ნამდვილად არ შეიძლება უარყოფითად შევხედოთ, თუმცა მეორე მხრივ, ლომბარდების მიკროსაფინანსოებთან გათანაბრება ხდება თავისი უფლება-მოვალეობებით. 

შეუძლებელია ამ საკითხს ცალსახად შევხედოთ. ერთი მხრივ რეგულაციები კარგია, ამდენი ლომბარდი ნამდვილად არ უნდა იყოს, მაგრამ გაჭირვებული ხალხისათვის, რომელსაც მხოლოდ წვდომა შეეზღუდა ფულზე, ძალიან ძნელი გადასატანი იქნება. ისინი მევახშეებთან წავლენ, სადაც კიდევ უფრო მძიმე პირობები დახვდებათ", - აცხადებს წიქარიძე "რეზონანსთან".

სალომბარდო ბიზნესს სხვა სიახლეც ელის წინ. შესაძლოა შემოსავლების დადასტურების გარეშე სალომბარდე სესხი აღარ გაიცეს. ეს საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა მისი განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.

არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის დამფუძნებლის გივი კორინთელი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, სესხის გამცემ ყველა სუბიექტს  ერთი და იგივე, უნიფიცირებულ წესში მოექცევა ეს იქნება ლომბარდი, ავტოლომბარდი თუ სხვა.

"ეს თავისთავად კარგი არ არის იმიტომ, რომ ბევრი მცირე ზომის ლომბარდი დაიხურება. არც ერთ ქვეყანაში, არსად, ლომბარდი არ მუშაობს ასეთი სქემით, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ სწრაფი ფული. ამისთვის კი კონკრეტულ ნივთს დებენ. ჩვენ თუ რეგულაციის ეფექტს განვიხილავთ, არა მარტო ის ადამიანები დაიჩაგრებიან, ვინც იქ მუშაობენ და შეიძლება რეგულაციების გამო სამსახური დაკარგონ, არამედ ადამიანები, რომლებსაც 200 დოლარის მიღება უნდათ, ოქრო აქვთ და შემოსავლის შესწავლის გარეშე სესხს ვერ აიღებენ. ეს რეგულაცია თუ ნამდვილად დაწესდა, დაზარალებულების უამრავი არმია იქნება", - ამბობს კორინთელი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია