სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩაიხედე თამარ მეფის სარკეში...

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ივნისი 2019
შენ მოგიწევს იმოგზაურო ისტორიული სამცხეს უძველეს კუთხეში, ასპინძაში, რომლის სახელი ჯერ კიდევ 888 წელს არის გაჟღერებული: „იძლივნეს აფხაზნი, ნასრ და ბაყათარ ოვსნი და ერისთავი აფხაზთა. გაქცეულ ნასრას დაედევნენ და სამცხეში, ასპინძასთან 888 წელს მოჰკლეს“. XVI საუკუნეში ასპინძა ყოფილა 50–კომლიანი სოფელი, ბაღებითა და ვენახებით. ვენახებით გაოცებას კიდევ მოასწრებთ, ჯერ გზას გავუყვეთ ასპინძამდე.თბილისიდან, როგორც დიდუბის მეტროდან, ასევე ავტოსადგურ „ოკრიბადან“, გამოდის მიკროავტობუსები თბილისი-ასპინძის მიმართულებით. ბორჯომი–ახალციხის გავლით, დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ, 12 ლარად ასპინძაში ხართ. შეგიძლიათ თბილისი – ახალციხეს მიკროავტობუსსაც გამოჰყვეთ. ახალციხიდან ტაქსი 15 ლარად მიგიყვანთ ადგილზე და თუ აქედანაც მიკროავტობუსით წახვალთ, 2 ლარისა და 40 თეთრის გადახდა მოგიწევთ. მე ყოველთვის ვამჯობინებ ვიმგზავრო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ადგილობრივებთან საუბარი ხომ ერთი ცალკე თავგადასავალია. ამასთანავე, ვიგებ, რომელ სოფელში რომელი საოჯახო სასტუმროა, სად სჯობს გავჩერდე, სად შევჭამ მესხურ ქადებს. ჩამოხვედით ასპინძაში, დგახართ მუნიციპალურ ცენტრში და არ იცით, საით წახვიდეთ. დავიწყოთ ხვილიშას VII საუკუნის ეკლესიით, აქვეა, ფეხითაც შეძლებთ მისვლას. და ასპინძის ციხის უნახავად მუნიციპალური ცენტრი არამც და არამც არ უნდა დატოვოთ. ხვილიშას ეკლესიაასპინძიდან სამი კილომეტრითაა დაშორებული სოფელი დამალა, საიდანაც შეგიძლიათ კოხტას ციხეზე ახვიდეთ. სწორედ იმ კოხტას ციხეზე, სადაც1245 წელს, მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ, ცნობილი კოხტასთავის შეთქმულება დაიგეგმა. კოხტას ციხეციხესიმაგრეები თუ გიყვართ, სოფელ ოთაში უნდა ახვიდეთ, რომელიც ასპინძიდან, დაახლოებით, შვიდ კილომეტრშია და ნახოთ ვარაზის ციხე, ანუ წითელი ციხე. ქვები ჟანგისგან წითელია და სახელწოდებაც ამიტომ აქვსო – ამბობენ. ციხეზე ასვლის შემთხვევაში 11 კილომეტრი მოგიწევთ ფეხით სიარული. სამაგიეროდ, ასევე ნახავთ სასწაულ შორეთის სამონასტრო კომპლექსს. ამ ყველაფერთან კი კილომეტრები რა მოსატანია. ერთდღიანი მარშუტია. უკან დაბრუნებულს, მოგიწევთან სოფელში, ან ასპინძაში დარჩენა, რომელიმე საოჯახო სასტუმროში, რომელთა ფასები 20 ლარიდან 60 ლარამდე მერყეობს. ასპინძაც პატარა დაბაა, ამიტომაც საოჯახო სასტუმროების მიგნების პრობლემა ნამდვილად არ შეგექმნებათ. სოფელ ოთაში არის ჯამე. ჯამეში ნახავთ ხეზე კვეთის საუცხოო ნიმუშებს..ოთას ჯამეგზაზეა მესხური ტერასები - ტრადიციულად მესხეთში გავრცელებული ყოფილა ადგილობრივი ვაზის თეთრი თუ წითელყურძნიანი ჯიშები: სამარიობო, ხარისთვალა მესხური, ცხენისძუძუ თეთრი, თეთრი ახალციხური, საფარულა, თეთრი ბუდეშური, როკეთულა, ჩიტისკვერცხა თეთრი, ცხენისძუა თეთრი, მესხური მწვანე, საწური, მესხური საფერე, კლერტმაგარა და სხვა.ვარძიის ტერასებიგირჩევთ ნახოთ სოფელი სარო, კარგი საავტომობილო გზაა და ტაქსიც სულ რაღაც 10 ლარად აგიყვანთ.„ადრეული ხანიდანვე სოფელი სარო და მისი შემოგარენი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრს რომ წარმოადგენდა, სხვა მონაცემებთან ერთად, ამაზე მეტყველებს მის ტერიტორიაზე შემორჩენილი, თავისი განლაგებით მეტად ორიგინალურ ციხესიმაგრეთა კომპლექსი. საროს ციხე სამი ნაწილისგან შედგება:• „ქვეუბნის ციხე“, რომელიც სოფლის ბოლოს, დასავლეთითაა (ქვეუბანი)• „ზედა ციხე“, ანუ საყდრის ციხე, რომელიც მთავარანგელოზის ეკლესიის სიახლოვესაა• „ახალი ციხე“, ანუ კოშკი საყდრის ციხის ჩრდილო დასავლეთითსოფელ საროს შემოგარენში არსებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები (სამარხ-სამაროვნები, ციხესიმაგრეები, უძველეს საცხოვრებელთა ნაშთები, საკულტო სალოცავები და ა.შ.) დასტურია იმისა, რომ ბრინჯაოს ხანის საწყის პერიოდში (ჩვ.წ.აღ.-ით XV-XIV სს) და ელინისტურ ხანაში(ძვ.წ.აღ.-ით IV-III სს) ისტორიულ ჯავახეთში, კერძოდ, ჯავახეთის ზეგანის ქვედა პლატოზე (სარო-ხიზაბავრის მიდამოები) ცხოვრება ჩქეფდა. შეიძლება ვთქვათ, რომ აქ ადამიანის საქმიანობა არ შეწყვეტილა, სულ ცოტა, ძვ.წ. III ათასწლეულიდან დღემდე. საროს სამივე ციხისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძლება გვქონდეს ელინისტური და კიდევ უფრო ადრეული ხანის დიდი ქალაქური დასახლება“.აქვეა და აუცილებლად უნდა ნახოთ სოფელი ხიზაბავრა! სოფელი, სადაც 1836 წელს ხიზაბავრის მკვიდრმა, კათოლიკე მღვდელმა იოსებ ხუციშვილმა ქართული სტაბმა დაარსა.„ხიზაბავრა იმითაც არის ღირსშესანიშნავი, რომ მის ტერიტორიაზე რამდენიმე ნასოფლარია – ვარანტები, ხიზა, გომი, ოსპანაური, სადაც დღემდეა შემორჩენილი ეკლესიათა ნანგრევები. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული ძეგლი მდებარეობს: ობოლეთის ეკლესია (სოფლიდან 7-8 კმ-ის დაშორებით), რომელიც X-XI საუკუნეებით თარიღდება. თვით სოფელში არის XIII საუკუნის, ლაშა-გიორგის დროინდელი, “ღართის” ეკლესია. სოფელს ჰქონდა თავისი ციხე, რომელიც XX საუკუნემდე არსებობდა.უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც სოფლის მოსახლეობამ მიიღო კათოლიკობა, აშენდა კათოლიკური ეკლესიები. კერძოდ, ეს იყო “ჯვართ ამაღლების” სახელწოდების, ქოხის მსგავსი ეკლესია. ზ. ჭიჭინაძის აზრით, მისი მშენებლობა XVI საუკუნის მიწურულს მიეწერება. ეს უნდა იყოს სოფელში პირველი კათოლიკური სალოცავი. მოგვიანებით – 1828 წელს სოფლის მღვდელს ანტონ ხუციშვილს აუგია „მღვთის მშობლის” ეკლესია, რომელიც სულ მალე მცირე აღმოჩენილა მრევლისათვის. ამ მიზეზმა განაპირობა ახალი კათოლიკური ეკლესიის მშენებლობა, რაც განახორციელა კათოლიკე მღვდელმა მიხეილ ვარძელაშვილმა. მან, სარატოვის ეპისკოპოსის ანტონ ცერის შუამავლობით, მიიღო ეკლესიის მშენებლობის ნებართვა. ეკლესიას “იესოს გულის” სახელი ეწოდა, კურთხევა მოხდა 1900 წლის 25 ივნისს. სამრევლოს ქვაზე ქართულად და ლათინურად შესრულდა წარწერა: “აღაშენა ეს რომის კათოლიკეთა ტაძარი “იესოს გულისა”, მოღვვრიუაწეობითა მღვდლის მიხეილ ვარძელაშვილისა და შემწეობითა ხიზაბავრელ, რუსეთელ და კავკასიელ კათოლიკეთა. წელსა უფლისასა 1898-სა”.„თამარის სარკე" ეწოდება წუნდის ტბას, რომელიც მდებარეობს მტკვრის მარჯვენა მხარეს, ნაქალაქარ წუნდასთან, თმოგვსა და ხერთვისს შორის (ზღვის დონიდან 1340მ). ლეგენდის თანახმად, თამარ მეფე, რომელიც ამ მხარეში ხშირად დადიოდა, ტბის ანკარა წყალში იცქირებოდა და თმებს ივარცხნიდა. წუნდის ტბა, about.geვარძია, ხერთვისის ციხე, თავკვეთულა, ვანის ქვაბები ასპინძის საოცრებებია. ხერთვისის ციხე ცენტრალურ საავტომობილო გზაზეა, აქ ახალქალაქსა და ნინოწმინდისკენ მიმავალი ნებისმიერი ტრანსპორტით შეგიძლიათ წახვიდეთ. ციხის დათვალიერების შემდეგ, გაუყვებით გზას, რა თქმა უნდა, ავტომობილით და ტრაფარეტები გამცნობენ, სად რა ისტორიული ძეგლია. ვარძიაზე არაფერს დავწერ, უნდა ახვიდეთ და ნახოთ! ვანის ქვაბებზე აღმოჩენილი წარწერა: "თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,სამოცდათოთხმეტი აქ შემისრულდა... რა ლამაზი იყავ, ბიჭო!" ეს წარწერაც საკმარისია იმისთვის, რომ აქაურობას გვერდი არ აუაროთ. ვანის ქვაბები — გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი.ვანის ქვაბებივარძიის მიმდებარე ტეროტორია თავკვეთულას ნახვის გარეშე არ უნდა დატოვოთ. გამოქვაბულში, სარკმლის ზომის შესასვლელში შეძვრებით და სამლოცველოში აღმოჩნდებით, რომელიც, როგორც ამბობენ, VII-VIII საუკუნეების ტაძარია.მოგზაურო, მინდა ასევე გითხრა, რომ ასპინძაში თითქმის ყველა სოფელში არის ისტორიული ძეგლი, თითოეულზე დაწერას ნამდვილად ვერ შევძლებდი. ამიტომ, ჩამოდი, იარე ფეხით ბევრი და კიდევ სხვა ძეგლებიც ნახე, თავად აღმოაჩინე. ამ აღმოჩენის სიხარულით გამოწვეულ განცდას შენ გიტოვებ.[გულო კოხოძე, ასპინძა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია